იან კელი - პირში წყლის ჩაგუბება დიდი შეცდომაა, რაც უფრო ჩაღუნავთ თავს, მით უფრო წააქეზებთ კრემლის აგრესიას

ცოტა იმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველო უფრო აქტიური არ არის. ვერ ვიჯერებ, რომ პრემიერს ჯერ კიდევ არ დაურეკავს კიევში თავის უკრაინელ კოლეგასთან, ეს წარმოუდგენელია. ვფიქრობ, პირში წყლის ჩაგუბება დიდი შეცდომაა. რაც უფრო ჩაღუნავთ თავს, მით უფრო წააქეზებთ კრემლის აგრესიას, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, ქართველების ადგილზე ის დიდ ყურადღებას მიაქცევდა იმას, თუ რას ამბობენ ევროპელი ლიდერები. როგორც იან კელი ფიქრობს, საქართველოს ნამდვილად მოუწევს დიპლომატიის გაძლიერება ბრიუსელთან, ბერლინსა და პარიზთან.

„თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ეს მთელ ევროპაზე მოახდენს გავლენას, არა მხოლოდ საქართველოზე. ეს გავლენას მოახდენს სავაჭრო საკითხებზე, გავლენას მოახდენს შავი ზღვის აუზზე. ვფიქრობ, პუტინი არაა დაინტერესებული მრავალ ფრონტზე გახსნილი ომით, ასე რომ, არა მგონია, პარალელურად საქართველოს წინააღმდეგაც მიმართოს სამხედრო აგრესია. რაც შეეხება საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, თუ ვაშინგტონისა და მოსკოვის ბოლოდროინდელ განცხადებებს გადავხედავთ, კარგი ისაა, რომ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინაზე საუბრისას, ხაზგასმით ახსენებს საქართველოსაც. ის ამბობს - ჩვენ არასდროს მივუკეტავთ კარს უკრაინასა და საქართველოს. ცუდი ისაა, რომ არც რუსეთს ავიწყდება საქართველო, როდესაც აცხადებენ, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნები ნატოში არ უნდა გაწევრიანდნენ. არა მგონია, შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობა შეამციროს - ამ მხრივ საქართველოს შეუძლია მშვიდად იყოს.

ვფიქრობ, უკრაინის კრიზისი არ მოახდენს გავლენას აშშ-ის მხარდაჭერაზე, მაგრამ ქართველების ადგილზე დიდ ყურადღებას მივაქცევდი იმას, თუ რას ამბობენ ევროპელი ლიდერები - ვფიქრობ, საქართველოს ნამდვილად მოუწევს დიპლომატიის გაძლიერება ბრიუსელთან, ბერლინსა და პარიზთან,“- განაცხადა იან კელიმ.

კითხვაზე: არის თუ არა საკმარისი, რასაც დღეს საქართველო უკრაინასთან მიმართებით აკეთებს, იან კელის თქმით, „არა!“.

„მოკლე პასუხი იქნება - არა. ვფიქრობ, საქართველო ბევრად მეტს უნდა აკეთებდეს. გულწრფელად ვამბობ, ცოტა იმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველო უფრო აქტიური არ არის. ვერ ვიჯერებ, რომ პრემიერს ჯერ კიდევ არ დაურეკავს კიევში თავის უკრაინელ კოლეგასთან, ეს წარმოუდგენელია. არ მესმის, ან პრეზიდენტი, ან პრემიერი, რატომ არ მიმართავს კიევს და ამბობს - ჩვენ თქვენ გვერდში ვდგავართ.

თავჩაქინდრული თბილისი - ეს გულდასაწყვეტი სანახავია საქართველოს ნებისმიერი მეგობრისთვის. რატომ? თქვენ და კიევს ერთი და იგივე მიზნები გაქვთ - რატომ არ ამბობთ ამას? რატომ არ ეკითხებით ზელენსკის: რა შეუძლია საქართველოს, რა გავაკეთოთ თქვენს დასახმარებლად? ვფიქრობ, ეს იმით აიხსნება, რომ [მთავრობას] არ სურს კრემლის ყურადღება მიიქციოს. გასაგებია. მაგრამ განა ეს მიდგომა უნდა ჰქონდეს ქვეყანას, როდესაც სტრატეგიული პარტნიორი, უკრაინა სამხედრო საფრთხის წინაშე დგას? ვერ დავეთანხმები ამ მიდგომას, ვფიქრობ, პირში წყლის ჩაგუბება დიდი შეცდომაა. რაც უფრო ჩაღუნავთ თავს, მით უფრო წააქეზებთ კრემლის აგრესიას,“- აღნიშნა იან კელიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა