სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს სამსახურის საქმიანობის ანგარიში გააცნო

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ მოწვეულ სტუმრებს სამსახურის 2019-2021 წლების საქმიანობის ანგარიში გააცნო და დამოუკიდებელი ინსტიტუტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრა სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ, აშშ-ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა, გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში საბინე მახლიმ, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნიკ ბერესფორდმა, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის უფროსმა მრჩეველმა სამხრეთ კავკასიაში ვლადიმირ შკოლნიკოვმა და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე სტეფან სირბუმ გახსნეს.

„2019 წელს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნა და დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ამოქმედება საქართველოში, ადამიანის უფლებათა დასაცავად სახელმწიფოს მხრიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, რომლის შექმნის აუცილებლობაზეც საერთაშორისო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი ექსპერტები წლების განმავლობაში საუბრობდნენ. სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯს და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ფარგლებში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ამოქმედებას ეროვნულ, თუ საერთაშორისო დონეზე პოზიტიური შეფასებები მოჰყვა. სამსახურის დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტის განვითარების პროცესში, განმსაზღვრელი მნიშვნელობა ჰქონდა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან გაწეულ მხარდაჭერას.

ლონდა თოლორაიამ დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა იმ ძალისხმევისთვის, რომელიც მათი მხრიდან საქართველოში დამოუკიდებელი სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების, განვითარებისა და დაცვის პროცესში იქნა გაწეული”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლონდა თოლორაიამ მოწვეულ სტუმრებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ამოქმედების დღიდან პარლამენტიის მიერ მის გაუქმებამდე განხორციელებული საქმიანობა გააცნო და დეტალურად ისაუბრა სამსახურის შექმნის მნიშვნელობაზე, მანდატზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების მონიტორინგისა და მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების პროცესში გადადგმულ ნაბიჯებზე, არსებულ გამოწვევებსა და მიღწეულ შედეგებზე.

,,თქვენ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნაში უდიდესი წვლილი მიგიძღვით. სწორედ თქვენ იყავით პირველები, რომლებმაც დაიწყეთ საუბარი საქართველოში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე. ასევე, თქვენ იყავით ამ სამსახურის გაძლიერების მხარდამჭერები და მთელი ეს პერიოდი ზრუნავდით სამსახურის ინსტიტუციურ გაძლიერებაზე. თქვენ იყავით ის სექტორი, რომელსაც ჰქონდა ძალიან მწვავე რეაქცია სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით. მადლობა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გაწეული დახმარებისთვის და უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის”, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

თავის მხრივ, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სახელმწიფო ინსპექტორსა და მის გუნდს მადლობა გადაუხადეს გაწეული საქმიანობისა და აქტიური თანამშრომლობისთვის. კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, როგორც დამოუკიდებელი მექანიზმი, მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის პროცესში. შთამბეჭდავი და ღირებული იყო ყველა ის შედეგი, რომელსაც სამსახურმა ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვისა, თუ მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიების პროცესში მიაღწია. ნეგატიური შეფასება მისცეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების თაობაზე მიღებულ დაჩქარებულ გადაწყვეტილებას და აღნიშნეს, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის სწორედ ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული დამოუკიდებელი საზედამხედველო ინსტიტუტების მხარდაჭერაა მნიშვნელოვანი.

ღონისძიებას 50-მდე მოწვეული სტუმარი, მათ შორის: გაერთიანებული სამეფოს ელჩი მარკ კლეიტონი, ნიდერლანდების სამეფოს ელჩი მაიკე ვან კოლდამი, ავსტრიის რესპუბლიკის ელჩი თომას მულმანი, რუმინეთის ელჩი რეზვან როტუნდუ, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი პეტრ მიკისკა, იტალიის ელჩი ენრიკო ვალვო, გერმანიის, საფრანგეთის, ესტონეთის, შვეიცარიის საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შემაჯამებელი შეხვედრა ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)-სა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის სამხრეთ კავკასიაში (UN OHCHR)-ის მხარდაჭერით განხორციელდა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, საერთაშორისო საზოგადოების თითოეულ წარმომადგენელსა და პარტნიორს, მადლობას უხდის სამსახურის აქტიური მხარდაჭერისთვის, ინსტიტუციური გაძლიერების, თანამშრომელთა პროფესიული განვითარებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის პროცესში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა