ალეკო ელისაშვილი - „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობაც“ ცდილობდნენ, რეზოლუციით ერთმანეთისთვის მოეგოთ, როგორმე ფეხი დაედოთ ერთმანეთისთვის, ვერც კი მიხვდნენ, რომ ეს იყო უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია

უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში რუსეთის ფედერაცია რომ არ ეწერა, ამით უკრაინას კი არაფერი დააკლდა, არამედ ჩვენ გამოვჩნდით ძალიან უთავმოყვარეოდ, - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარემ და პარლამენტის დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „ნიუსრუმში" განაცხადა.

ალეკო ელისაშვილის თქმით, ძირითადი პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას აკისრია და „ქართული ოცნება" მოიქცა, როგორც "ნაჭუჭის პარტია". მისივე თქმით, რეზოლუციის ტექსტზე მუშაობისას "ქართულმა ოცნებამ" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" ერთმანეთის დასაჯიჯგნად ყველაფერი გააკეთეს და არ იფიქრეს, რომ რეზოლუციის ადრესატი არა ქართული საზოგადოება, არამედ უკრაინა იყო.

„ჩვენი, ყველას პრობლემა არის ის, რომ ჩვენ ვერ მივხვდით იმ რეზოლუციის ადრესატი ვინ იყო. „ქართული ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“ როგორც ყოველთვის, ძირითადად ცდილობდა, რომ ამ რეზოლუციით ერთმანეთისთვის მოეგოთ, როგორმე ფეხი დაედოთ ერთმანეთისთვის. ვერც კი მიხვდნენ, რომ ეს რეზოლუცია იყო უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია. იმ ტექსტში რუსეთის ფედერაცია რომ არ ეწერა, ამით უკრაინას კი არაფერი დააკლდა, უბრალოდ ჩვენ გამოვჩნდით ძალიან უთავმოყვარეოდ.

ჩვენ ძალიან უღირსად ვჩანვართ უკრაინასთან მიმართებაში. რამხელა ამაგი აქვთ მათ. თუნდაც 2008 წელს იყო სხვადასხვა დახმარება, რომელზე ლაპარაკიც არ შეიძლება, ასევე პრეზიდენტი ჩამოფრინდა ჩვენთან, როცა საშიში იყო და ჩვენ რა დავუბრუნეთ? რაღაცა კოჭლი ტექსტი," - აღნიშნა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, "ქართულ ოცნებას" ისეთი რეზოლუციის ტექსტის შექმნა სურდა, რომელიც რუსეთის ფედერაციას არ გააღიზიანებდა და ასევე, სურდა, რომ დოკუმენტზე „ნაციონალურ მოძრაობას" ხელი არ მოეწერა.

„ჩვენთვის იქნებოდა კარგი, რომ მხრებში გაშლილი, წელგამართულები ვიქნებოდით, რომ არ გვეშინია, უხსენებელი მტერი კი არ გვყავს, არამედ ორივეს სახსნებელი მტერი გვყავს და ეს არის რუსეთის ფედერაცია. "ქართული ოცნება" რატომ გაჯიქდა? ერთი, რომ ალბათ, არ უნდა რუსეთს ზედმეტი რაღაცები უთხრას და ურჩევნია, რომ ამ სიტუაციაში არ გამოხტეს წინ და რაღაც რისხვა არ დაიმსახუროს და მეორე ისაა, რომ ისეთი ტექსტი მიეღოთ, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ხელი არ მოეწერა, რომ მერე უკრაინისთვის ეთქვა, რომ აი, ჩვენ დაგიჭირეთ მხარი, მაგრამ "ნაციონალურმა მოძრაობამ" არა," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილის განმარტებით, რეზოლუციის ტექსტი დიპლომატიურია და ის მხოლოდ იმ ფაქტს არ ეთანხმებოდა, რომ ტექსტში რუსეთის ფედერაცია არ ეწერა. მისივე თქმით, ეს იყო უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდამჭერი განცხადება და მან მხარი სწორედ ამიტომ დაუჭირა.

"ჩვენ ახლა ვართ ძალიან მძიმე ვითარებაში. უკრაინას რუსეთმა თუ გადაუარა, ღმერთმა დაიფაროს, ჩვენ დიდ შარში ვართ. თუ უკრაინასთან ვერაფერი ქნა შეიძლება მობრუნდეს და ჩვენ კიდევ რაღაც წაგვართვას.

რუსეთს შეუძლია შარი ნებისმიერ რამეზე მოგვდოს, ისევე როგორც უკრაინას. ვლაპარაკობთ რუსეთზე, რომელსაც მიზეზები არ სჭირდება. ფრთხილად კი უნდა ვიყოთ, მაგრამ სიფრთხილეს, უთავმოყვარეობას და უღირსობას შორის არის ზღვარი. ყველას გვინდა, რომ კარგი რიხიანი განცხადება გავაკეთოთ უკრაინაზე. რიხიანი განცხადების მიღმა ხომ რაღაც უნდა გეგულებოდეს და პირველ რიგში ეს რაღაცა უნდა იყოს ჩვენი უსაფრთხოების სისტემა, თავდაცვის ძალები, რომელიც უნდა იყოს ანგარიშგასაწევი რუსეთისთვისაც. ჩვენზე მეტი ტანკი ჰყავს, ვიდრე ჩვენ ჯარისკაცი გვყავს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უნდა იცოდეს, რომ ანგარიშგასაწევი ძალა ვართ. უნდა იცოდეს, რომ აქ დანაკარგი ექნება და არ უნდა უღირდეს", - განაცხადა ელისაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა