ჯანმოს ექსპერტი - თუ ქვეყნები დააყოვნებენ „ომიკრონისთვის“ სათანადო პასუხის გაცემას, სანამ  ჰოსპიტლები შეივსება, უკვე ძალიან გვიანი იქნება - არ დაელოდოთ! იმოქმედეთ ახლა! მიიღეთ ვაქცინა, რომელსაც გთავაზობენ

თუ ქვეყნები დააყოვნებენ „ომიკრონისთვის“ სათანადო პასუხის გაცემას იქამდე, სანამ მათი ჰოსპიტლები შეივსება, უკვე ძალიან გვიანი იქნება. არ დაელოდოთ! იმოქმედეთ ახლა! მიიღეთ ვაქცინა, რომელსაც გთავაზობენ! - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ევროპის ბიუროს ინციდენტობის მენეჯერმა ჰეზერ პაპოვიცმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, პანდემიის დასასრული ჯერ არ ჩანს, თუმცა ნაბიჯები, რომლებსაც სახელმწიფოები გადადგამენ დღეს და მომავალ კვირებში, განსაზღვრავს, როგორ განვითარდება „ომიკრონთან“ დაკავშირებული პროცესები.

„მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში ჩვენ გვაქვს ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების შემთხვევების ნაკლები რაოდენობა რეგიონის მასშტაბით, გამკლავება გვიწევს COVID-19 ინფიცირების შემთხვევების მნიშვნელოვნად გაზრდილ მაჩვენებელთან და შემთხვევების ზრდა იმდენად დიდია, როგორიც ჩვენ ამ დრომდე არ გვინახავს.

„ომიკრონი“ „დელტა“ შტამს უპრეცედენტო სიჩქარით ანაცვლებს და ევროპის რეგიონში ინფიცირებულთა 31,8%-ის შემთხვევაში არის დადასტურებული, მაშინ, როდესაც წინა კვირას იგივე მაჩვენებელი 15%-იან ნიშნულზე იყო. ნაბიჯები, რომლებსაც სახელმწიფოები გადადგამენ დღეს და მომავალ კვირებში, განსაზღვრავს, როგორ განვითარდება „ომიკრონთან“ დაკავშირებული პროცესები. თუ ქვეყნები დააყოვნებენ „ომიკრონისთვის“ სათანადო პასუხის გაცემას იქამდე, სანამ მათი ჰოსპიტლები შეივსება, უკვე ძალიან გვიანი იქნება. არ დაელოდოთ! იმოქმედეთ ახლა! მიიღეთ ვაქცინა, რომელსაც გთავაზობენ, რადგან მას შეუძლია თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების სიცოცხლის დაცვა,“- განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

მისივე განმარტებით, უფრო მეტი ვაქცინა იქნება საჭირო, რომლებსაც ექნებათ უფრო დიდი გავლენა ინფექციის გავრცელების პრევენციაზე, ასევე, მათ მიერ გამოწვეულ მძიმე დაავადებებსა და გარდაცვალების შემთხვევებზე. თუმცა იქამდე, სანამ მსგავსი ვაქცინის შემუშავება მოხდება, COVID-19-ის წინააღმდეგ უკვე არსებული ვაქცინების შემადგენლობას, შესაძლოა, განახლება დასჭირდეს.

„ვაქცინებს შესაძლოა განახლება დასჭირდეთ, რათა მათ კვლავ შეეძლოთ ინფექციისა და დაავადებების წინააღმდეგ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული დაცვის დონის უზრუნველყოფა. თუ მსგავსი განახლებული შემადგენლობის მქონე ვაქცინა კლინიკურ კვლევებში მის უსაფრთხოებასა და ეფექტურობას დაადასტურებს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის იმუნიზაციის სტრატეგიული საკონსულტაციო ექსპერტების ჯგუფი შეაფასებს კანდიდატ ვაქცინას და მხოლოდ მისი დამტკიცების შემთხვევაში გასცემს რეკომენდაციას ამ ვაქცინის გამოყენების შესახებ - წარმოადგენს რა ვაქცინის გამოყენების პერიოდებსა და დოზების რაოდენობას. იქამდე, სანამ განახლებული ვაქცინები არ შემუშავდება და ხელმისაწვდომი არ იქნება, შეუძლებელია მათი გამოყენების საუკეთესო სტრატეგიასთან დაკავშირებით რეკომენდაციების გაცემა. ამასთანავე, უნდა ითქვას, რომ მსგავსი სტრატეგიის შემუშავებისთვის საჭირო იქნება იმ დროისთვის არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მხედველობაში მიღებაც,“- განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა