პარტიამ „საქართველოსთვის“ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებთან და საწვავის ფასთან დაკავშირებით ორი საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა

პარტია „საქართველოსთვის“ პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივას სთავაზობს, რომლის გათვალისწინებით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მიერ მიღებული საარსებო შემწეობა ოჯახის თითოეულ წევრზე, ინდექსაციის წესით, ყოველწლიურად 15-20 ლარით გაიზრდება.

მათი კიდევ ერთი ინიციატივაა საწვავის ფასებზე თემატური მოკვლევის დაწყება.

„გვსურს ხელისუფლებას შევახსენოთ, რომ მათივე შეფასებით “მდუღარე“ ეკონომიკის ფარდის მიღმა, რეალურად ქვეყანაში უკიდურესად დამძიმდა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, განსაკუთრებით ეს ეხება ღარიბ და სოციალურად მოწყვლად ოჯახებს, რომელთა რაოდენობამაც ქვეყანაში რეკორდულ ნიშნულს - 650 ათას ადამიანს მიაღწია. არასდროს - ვიმეორებ არასდროს ქვეყანაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი არ ყოფილა ასეთი მაღალი! აღნიშნულის საპასუხოდ, დღეს ჩვენ ორ ინიციატივას წარმოვადგენთ. პარლამენტში დავაინიცირეთ კანონის პროექტი, რომლითაც სოციალურად დაუცველი ოჯახების მიერ მიღებული საარსებო შემწეობა წელს, და ყოველი მომდევნო წლის განმავლობაში, ოჯახის თითოეულ წევრზე გაიზრდება ინდექსაციის წესით, რაც ნიშნავს ოჯახის ერთ წევრზე 15-20 ლარით გაზრდილ შემწეობას.

ფასების, განსაკუთრებით კი, საწვავის ფასების ზრდის საპასუხოდ, 150 ათასი წევრისგან შემდგარ მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფთან ერთად, პარლამენტის ორ კომიტეტს თემატური მოკვლევის დაწყებასთან დაკავშირებით მივმართეთ“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

მისი თქმით, სოციალურად დაუცველი ოჯახების საარსებო შემწეობა ოჯახის თითოეულ წევრზე 60-დან 30 ლარამდე მერყეობს და ეს თანხა არ შეცვლილა 2015 წლის შემდეგ.

“მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს: ფასების ზრდის შეუქცევადობა, კომუნალური გადასახადების და ტრანსპორტის ღირებულების გაძვირება, მათ შორის თბილისში. კოვიდის მართვის არათანმიმდევრული გადაწყვეტილებების შედეგად, კი სახეზე გვაქვს ინფიცირების კიდევ ერთი ანტირეკორდი, რომლის შედეგადაც ამ მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს ეზღუდებათ შესაძლებლობა საკუთარი შრომით მაინც მიიღონ ყოველდღიური საარსებო შემოსავალი. თავის მხრივ მძიმე ეკონომიკურ რისკებს შეიცავს უკრაინის კონტექსტში მიმდინარე მძიმე პროცესებიც. ამიტომ მიგვაჩნია, რომ სოციალური დახმარების ზრდისა და ინდექსაციის კანონის მიღება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ ოჯახებისთვის.

რაც შეეხება საწვავის ფასებს, რაც ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა, პარტია საქართველოსთვის საპარლამენტო გუნდი, მოქალაქეთა 150 ათას წევრზე მეტი შემადგენლობის საინიციატივო ჯგუფთან ერთად - „არა საწვავის ფასებს“, მივმართავთ როგორც საფინანსო-საბიუჯეტო, ასევე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებს, რომ დაუყოვნებლივ განხორციელდეს ერთობლივი თემატური მოკვლევის დაწყება საწვავის ფასების ზრდის მიზეზებისა და ფასების ზრდის შემაკავებელი შესაძლო ღონისძიებების დადგენის თაობაზე. იმედი გვაქვს, პარლამენტი დროულად განიხილავს ჩვენს ინიციატივებს“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა