ეუთო-ში აშშ-ის ელჩი - საერთაშორისო წესრიგის ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით სავაჭრო სივრცე არ არსებობს

თუ რუსეთი აირჩევს სამხედრო ესკალაციის გზას, მზად ვართ უზარმაზარი და უპრეცედენტო შედეგების დასაწესებლად, - ამის შესახებ ეუთო-ში აშშ-ის ელჩმა მაიკლ კარპენტერმა ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა.

კითხვაზე, რომელი გზა აირჩია რუსეთმა - დიპლომატიის, თუ მძიმე შედეგების, აშშ-ის ელჩმა უპასუხა, რომ არჩევანი რუსეთის პრეზიდენტზე, ვლადიმერ პუტინზეა და თუ ის სამხედრო ესკალაციის გზას აირჩევს, დასავლეთი უზარმაზარ შედეგებს დაუწესებს.

„რუსეთმა უპრეცედენტო რაოდენობის სამხედრო ძალების მობილიზება განახორციელა უკრაინის საზღვართან, ასევე ბელარუსში. პრეზიდენტ პუტინს უნდა ჰკითხოთ, რის გაკეთებას აპირებს. ჩვენ გარკვევით განვაცხადეთ, რომ კრემლს ვთავაზობთ იმ გზას, რომელსაც ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ და ეს არის დიპლომატიისა და დიალოგის გზა. ჩვენ მზად ვართ დიალოგზე ყველა მათთვის მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, რასაც რუსეთი მაგიდაზე დადებს, ჩვენ, რასაკვირველია ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებსაც დავდებთ მაგიდაზე. გვსურს გულწრფელი დიალოგი, მაგრამ თუ რუსეთი აირჩევს სამხედრო ესკალაციის გზას, მზად ვართ უზარმაზარი და უპრეცედენტო შედეგების დასაწესებლად. მე არ ვგულისხმობ მხოლოდ შეერთებულ შტატებს, არამედ ასევე „დიდ შვიდეულს“, ნატო-ს, ასევე ევროპულ საბჭოს, რომელიც ძალიან მჭიდრო კოორდინაციაშია შეერთებულ შტატებთან. ასე რომ, არჩევანი პრეზიდენტ პუტინზეა. ვერ გეტყვით, რა არჩევანს გააკეთებს“, - აღნიშნა მაიკლ კარპენტერმა.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ თუკი რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ პროექტი შეჩერდება.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა სრულიად გარკვევით განაცხადა, რომ თუკი რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ აღარ გაგრძელდება,“- აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.

რაც შეეხება უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით რუსეთის მიერ წაყენებულ მოთხოვნებს, მაიკლ კარპენტერმა განაცხადა, რომ საერთაშორისო წესრიგის ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით სავაჭრო სივრცე არ არსებობს.

„არ არსებობს სავაჭრო სივრცე საერთაშორისო წესრიგის ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, იმასთან დაკავშირებით, რომ დაუშვებელია გავლენის სფეროების დაწესება, იმასთან დაკავშირებით, რომ ერთ სახელმწიფოს არ აქვს უფლება, გავლენა მოახდინეს მეორეს გადაწყვეტილებაზე, შეუერთდეს თუ არა ამა თუ იმ ალიანსს. ეს ყველაფერი მოლაპარაკებების მაგიდაზე არ დევს. ის რაც მოლაპარაკებების მაგიდაზეა, არის დეტალური განხილვა ევროპაში სარაკეტო სისტემების განთავსებასთან დაკავშირებით, სამხედრო გამჭირვალობის განხილვა, შეიარაღების კონტროლი და სხვა საკითხები, რომლებიც, მზად ვართ რუსეთთან განვიხილოთ, მაგრამ არა ჩვენი ძირითადი პრინციპები“,- აღნიშნა ელჩმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს