პროფკავშირი - "საქნახშირმა“ შახტაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, კომპანია ცდილობს პასუხისმგებლობის ისრები დასაქმებულებისკენ გადაიტანოს

პროფკავშირების განცხადებით, 30 იანვარს შახტაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, კომპანია „საქნახშირი“ ცდილობს პასუხისმგებლობის ისრები მთლიანად დასაქმებულებისკენ გადაიტანოს, თუმცა ეს შეუძლებელია რადგან, მომხდარში პასუხისმგებლობის საკუთარ წილს პროფკავშირიც კი ხედავს.

პროფკავშირების ინფორმაციით, 2022 წლის 8 თებერვალს, შპს ,,საქნახშირის“ ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება 30 იანვარს შახტაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელსაც შედეგად 1 ადამიანის გარდაცვალება და 8 ადამიანის დაშავება მოჰყვა.

კომპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ აფეთქება შემთხვევის ადგილზე საამფეთქებლო სამუშაოების წარმოებისას ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დარღვევამ გამოიწვია .

„გავრცელებული განცხადების მიხედვით, კომპანია ცდილობს პასუხისმგებლობის ისრები მთლიანად დასაქმებულებისკენ გადაიტანოს, თუმცა ეს შეუძლებელია რადგან, არათუ მხოლოდ კომპანია, მომხდარში პასუხისმგებლობის საკუთარ წილს პროფკავშირიც კი ხედავს და მივიჩნევთ, რომ შრომის უსაფრთხოების ნორმების მიმართ დასაქმებულთა დაბალი მგრძნობელობა, როგორც ჩანს, ჩვენი მათთან არასაკმარისი კომუნიკაციის შედეგია და თუ პროფკავშირი აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას, მითუმეტეს კომპანია როგორ შეძლებს პასუხისმგებლობიდან გაქცევას“, - ნათქვამია პროფკავშირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„თავად კომპანიის განცხადების შინაარსი მიგვანიშნებს იმაზე, რომ კომპანიის შრომით დისციპლინაში უამრავი ხარვეზია, შესაბამისად, ყველა იმ დარღვევაზე, რომელზეც საუბარია კომპანიის განცხადებაში, პასუხისმგებლობა ეკისრება კომპანიას, რადგან შრომითი დისციპლინის ორგანიზება სწორედ რომ კომპანიის ვალდებულებაა და თავად უნდა აკონტროლებდეს ყველა იმ პროცესს, რომელიც განცხადებაშია ჩამოთვლილი. მაგალითად: დასაქმებულები კომპანიის ადმინისტრაციის მითითებების გარეშე, თვითნებურად ვერ უნდა ინაწილებდნენ ფუნქცია-მოვალეობებს და ყველა მათგანი უნდა განლაგდეს იმ ლოკაციაზე, რომელსაც დამსაქმებელი დაუდგენს, ასევე ოსტატ-ამფეთქებელი რომ უბანზე უნდა მისულიყო და არ მივიდა, სამთო ოსტატს რომ მეთანის კონცენტრაცია უნდა გადაეკონტროლებინა და ეს არ გააკეთა, ის რომ შახტში წაღებული უნდა ჰქონოდა გაზ-მეთანის საკონტროლო ინტერფერომეტრი და წაღებული არ ჰქონდა, ის რომ განიავების ვენტილატორი უნდა ყოფილიყო ჩართული და არ იყო ჩართული... და ის რომ დასაშვებზე მაღალი კონცენტრაციის მეთანის არსებობის პირობებში სამთო-დისპეჩერი აფეთქების ნებართვას იძლევა, ეს ყოველივე რა თქმა უნდა, შრომის ორგანიზების ხარვეზებზე მიუთითებს და პასუხისმგებლობაც კომპანიის კისერზეა, მითუმეტეს, რომ კომპანიის წარმომადგენლების თქმით, რასაც დეკლარირებას საჯაროდ უკეთებენ 2019 წლიდან, კომპანიისთვის პრიორიტეტი, უსაფრთხოების სისტემების მაღალ დონეზე გამართვა და ნახშირის უსაფრთხოდ მოპოვებაა, ასევე კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, ტექნიკურად, შახტი სრულად არის აღჭურვილი ყველა საჭირო აპარატურით და ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ დასაქმებულებმა მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში იმუშაონ და რომ საწარმოში დამონტაჟებულია ე. წ. ,,პოზიციონირების სისტემა“, რომელიც საშუალებას იძლევა ადმინისტრაციამ დასაქმებულთა გადაადგილება აკონტროლოს.

პროფკავშირი თვლის, რომ სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების ნორმებისა და სტანდარტების ნებისმიერი სახის დარღვევა სრულიად მიუღებელია, ვისი ჩადენილიც არ უნდა იყოს იგი და უნდა მოჰყვეს მკაცრი რეაგირება.

კომპანიაში სისტემური დარღვევების „დირიჟორების“ აღმოჩენა და განეიტრალება, ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხია, რადგან თუ კომპანიის ხელმძღვანელებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც თვლიან, რომ შიდა სამრეწველო პოლიტიკა კვლავ უნდა დაეფუძნოს მოპოვებული ნახშირის რაოდენობის ზრდას და არა ნახშირის უსაფრთხოდ მოპოვებას, მაშინ ბუნებრივია, რომ წახალისდება დისციპლინის დარღვევის ყველა ის მეთოდი, რომელზეც საუბარია კომპანიის ხელმძღვანელის - მიხეილ სოცკის განცხადებაში.

პროფკავშირი თვლის, რომ 2022 წლის 30 იანვარს მომხდარი უბედური შემთხვევის სიღრმისეული გამოძიება და რეალური დამნაშავეების აღმოჩენა, მომავალში თავიდან აგვაცილებდა უბედურ შემთხვევებს და რეალურ პრევენციას მოვახდენდით - შევძლებდით შეგვენარჩუნებინა უავარიო მუშაობის ის სტატისტიკა, რომელსაც ადგილი ქონდა 2019 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის 30 იანვრამდე.

პროფკავშირი მზად არის კომპანიას საკუთარი ფიზიკური მონაწილეობა შესთავაზოს შრომის უსაფრთხოების სისტემის ფუქციონირებაში, რომელიც გამოხატული იქნება როგორც დამატებითი კონტროლის განხორციელებაში, ასევე შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლებისთვის კონკრეტული აქტივობების ორგანიზებაში.

კომპანიის მხრიდან, პროფკავშირის შეთავაზებაზე დადებითი რეაგირების შემთხვევაში, პროფკავშირი კომპანიას წარუდგენს შრომის დაცვისა და უსაფრთხოების სისტემების მართვის პროცესში პროფკავშირის ჩართულობის კონკრეტულ გეგმას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო