ზვიად ძიძიგური - “ქართული ოცნება“ ოპოზიციას უგებს - ოპოზიცია პარლამენტში დაბრუნდა გალახული, ნაცემი, რეიტინგდაკარგული და მეორეხარისხოვან მდგომარეობაში

მე კი არა, სამინისტროებშიც არ ელოდებიან არავითარ სიახლეებს. 12 მინისტრი არის დღეს საქართველოში და რომ გააჩეროთ მოსახლეობა ქუჩაში, რამდენის სახელი და გვარი იციან ჩვენმა მოქალაქეებმა? შეიძლება 3-4 მინისტრი გაახსენდეთ, - ასე გამოეხმაურა „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერი, ზვიად ძიძიგური ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტიდან ნათია თურნავას წასვლას და მის ადგილზე ლევან დავითაშვილის დანიშვნას.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში მინისტრები პოლიტიკური ფიგურები არ არიან.

„მინისტრები არ არიან პოლიტიკური ფიგურები - ისინი არ არიან რაიმე ტიპის წონის მატარებელი. მათ არ მოეკითხებათ არც ჭკუა, არც ინიციატივის გამოჩენის ვალდებულება აქვთ, არც გუნდის წევრია ისეთი გაგებით, როგორითაც პოლიტიკური გუნდი არსებობს. ისინი არიან პოლიტიკურ ვერტიკალზე დამორჩილებული ადამიანები - რასაც ეტყვიან, იმას გააკეთებენ. მათ უნდა შეინარჩუნონ ბიძინა ივანიშვილის კეთილგანწყობა და ლოიალობა. ეს არის მთავარი მოთხოვნა და არა ხალხის ინტერესების გათვალისწინება.

თვე-თვენახევრის წინ ჩვენი პრემიერი ამბობდა, რომ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე გავედით, დუღილია ეკონომიკაში, თითქოს ის აყვავდა, გავუსწარით ევროპის ქვეყნებს და ასეთი ტექსტების შემდეგ თურნავას გადაყენება? აშკარად არ ჰქონდა ღარიბაშვილს ნათია თურნავას გადაყენება გეგმაში და თუ მას ასეთი გეგმა ჰქონდა, ის უფრო მოზომილი იქნებოდა თავის აღტაცებაში, რაც ეკონომიკის წარმატებულ მუშაობაზე ჰქონდა. უბრალოდ რაღაც არ მოეწონა იმ ადამიანს, რომელიც წყვეტს მინისტრი, დეპუტატი და პარლამენტის თავმჯდომარე ვინ იყოს. ბიძინა ივანიშვილზე მაქვს საუბარი. მის გარეშე მინისტრების გადაადგილება არ მოხდება. ამიტომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ერთი სტატიკური ქართველისთვის, ვინ იქნება ეკონომიკის მინისტრი, ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი ან პარლამენტის თავმჯდომარე. როდესაც საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტის თავმჯდომარეები გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდებიან ხოლმე, გადადგებიან და წავლენ, ეს ადასტურებს იმას, რომ რაღაც ჯანსაღად ვერ არის სახელმწიფოს მოწყობის სტრუქტურებში. როგორ შეიძლება საპარლამენტო რესპუბლიკაში, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე პირველი ან მეორეა ქვეყანაში, ასე მიდიოდნენ სრულიად ახსნა-განმარტების და ანგარიშის ჩაბარების გარეშე“, - განაცხადა ძიძიგურმა.

მან ასევე გაიხსენა „ქართული ოცნების“, როგორ გაერთიანებული კოალიციის მმართველობის საწყისი წლები. როგორც ძიძიგურმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“ 2016 წლის შემდეგ ერთი ვერტიკალით ხელმძღვანელობს. ძიძიგურის თქმით, ყველაფერი „ერთ კაცზე არის ჩამოკიდებული“.

„ჩვენი პოლიტიკური მმართველი გუნდის პირველი შეკრება იყო 2011-დან 2016 წლამდე, ეს იყო 6-პარტიული გუნდი, რომელიც საპარლამენტო კოალიციას წარმოადგენდა. უმრავლესობა მაშინ „ქართულ ოცნებას“ არ ჰქონდა, ის კოალიციას ჰქონდა. რა თქმა უნდა, მინისტრებიც მეტ-ნაკლებად პოლიტიკური ფიგურები იყვნენ. 2016 წლის შემდეგ, როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობა აიღო „ქართულმა ოცნებამ“, დაიწყო ვოლუნტარული მმართველობა და ყველაფერი კეთდება ერთი ვერტიკალით. დღეს აღარ არსებობს პარლამენტი, რომელიც შეიძლება იყოს ანგარიშვალდებული თავისი ამომრჩევლის წინაშე. მთავრობაც ანგარიშვალდებულია არა პარლამენტის, არამედ ბიძინა ივანიშვილის წინაშე. სასამართლოც და ყველაფერი ერთ კაცზე არის ჩამოკიდებული - ეს არის ძალიან მახინჯი მმართველობის ფორმა, რომელიც კარგ დასასრულამდე არ მიგვიყვანს“, - აღნიშნა ძიძიგურმა.

ის ასევე შეეხო „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას და განაცხადა, რომ საპარლამენტო მანდატზე უარის თქმა იყო დიდი შეცდომა.

“ქართული ოცნება“ ოპოზიციას უგებს. ხელისუფლების მთავარი მაკონტროლებელი არის პოლიტიკური ოპოზიცია და მან უარი თქვა ამ ფუნქციის შესრულებაზე. როდესაც იწყება გაუთავებელი ჭიჭინი იმაზე, უნდა შევიდნენ პარლამენტში თუ არა, იწყება დებატები იმაზე, საკრებულოებში რა აზრი აქვს რამის გაკეთებას და უნდა გამოიყენოს თუ არა ოპოზიციამ სასამართლო სივრცე, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ უარს ამბობ შენს საკუთარ ფუნქციაზე. ახლა ოპოზიცია პარლამენტში დაბრუნდა გალახული, ნაცემი, რეიტინგდაკარგული და მეორეხარისხოვან მდგომარეობაში მყოფი. ყველას აქვს რესურსი, თუკი სწორ გეგმას შეადგენს, მაგრამ რაც პოლიტიკაში ვარ, ასეთი გაურკვეველი ვითარება არ მინახავს.

როგორ შეიძლება პარლამენტის მანდატზე უარის თქმა? მე ვარ კაცი, რომელმაც თვითონ ვთქვი პარლამენტის მანდატზე უარი 2008 წელს, როდესაც ოპოზიციამ საჯაროდ დავხიეთ და დავჭერით ეს მანდატები. ძალიან სერიოზული შეცდომა დავუშვით - ამის საფასური ქვეყანამ გადაიხადა. არ შეიძლება ოპოზიციამ თავის ფუნქციაზე უარი თქვას. როდესაც ოპოზიციონერი ხარ, დადიხარ და პენსიონერს, მასწავლებელს ან ვეტერანს ჰპირდები, რომ რაღაცას გააკეთებ და შემდეგ უკმაყოფილო ვარ შედეგებითო, ამბობ და არ შედიხარ პარლამენტში, ეს იმას ნიშნავს, რომ იმ მასწავლებელს, ვეტერანს და ექიმს, ყველას უთხარი, რომ „გავბრაზდი და რასაც გპირდებოდი აღარ შევასრულებ“. მანდატი მოგცეს, შედი და შეასრულე შენი მანდატი“, - განაცხადა ძიძიგურმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა