კულტურის მინისტრი - UNESCO და ICOMOS-ი დადებით შეფასებას აძლევენ ჩატარებულ სამუშაოებს, რითაც იმედი მაქვს, წერტილი დაესმება გელათის მონასტრის გარშემო უპასუხისმგებლო განცხადებებს

გელათის მონასტერში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მოწვევით მომუშავე საერთაშორისო ექსპერტების მიერ განხორციელებულ კვლევებს, მათ მიერ შერჩეულ მეთოდოლოგიასა და ჩატარებულ გადაუდებელ სამუშაოებს ICOMOS-ი (კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო საბჭო) დადებით შეფასებას აძლევს. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

საერთაშორისო საბჭოს მიერ სამინისტროსთვის გამოგზავნილი ანგარიშის დეტალებზე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბრიფინგზე ისაუბრა.

კულტურის მინისტრის ინფორმაციით, 2021 წლის ივნისში, გელათის მონასტრის კედლის მხატვრობის გადარჩენის მიზნით, UNESCO-სა და მათ მიერ რეკომენდებულ სპეციალისტებთან კონსულტაციის შედეგად, მოწვეულ იქნენ კედლის მხატვრობის საერთაშორისო დონის კონსერვატორები - მარკო პულიერი და ვინჩენცო ჩენტანი. მ. პულიერი და ვ. ჩენტანი იმ სამუშაო ჯგუფის წევრები არიან, რომელიც კულტურის სამინისტროს მიერ, UNESCO-ს ეგიდით, 2021 წლის გაზაფხულზე შეიქმნა და მიზნად ისახავს 2008-2020 წწ. პერიოდში გელათის მონასტრის რეაბილიტაციის პროცესში წარმოქმნილი სერიოზული პრობლემების აღმოფხვრას. სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს მსოფლიო დონის ექსპერტი, პროფესორი, არქიტექტორი უგო ტონიეტი, ჯგუფის წევრია ასევე მსოფლიოში აღიარებული კლიმატოლოგი ალესანდრო მასარი.

„2021 წლის 16 სექტემბერს, დადგენილი წესის თანახმად, UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრს კულტურის სამინისტროდან გაეგზავნა გელათის მონასტერში განხორციელებული ვიზიტებისა და ექსპერტიზის ანგარიშები, რომელიც, თავის მხრივ, UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრმა შეფასებისათვის მის მრჩეველ ორგანოს - ICOMOS-ს წარუდგინა.

ოთხმა იტალიელმა ექსპერტმა გელათის სამონასტრო კომპლექსში წარმოქმნილი პრობლემების შესწავლა, ადგილზე ვიზიტები, ნიმუშების აღება და მათი ექსპერტიზა 2021 წლის განმავლობაში სხვადასხვა დროს განახორციელა. მარკო პულიერისა და ვინჩენცო ჩენტანის გელათში ვიზიტი შედგა 2021 წლის 22-29 ივნისის პერიოდში და მათ კედლის მხატვრობის ქართველ პროფესიონალებთან ერთად (მერაბ ბუჩუკურის ჯგუფი) კედლის მხატვრობის არაერთი ფრაგმენტი საბოლოო განადგურებას გადაარჩინეს. ვიზიტის შემდეგ, დაზიანებული კედლის მხატვრობის შენარჩუნებაზე მუშაობა, მათ მიერ შერჩეული მეთოდოლოგიითა და მათი ზედამხედველობის ქვეშ, მერაბ ბუჩუკურმა და მისმა ჯგუფმა 2021 წლის დეკემბრამდე წარმატებით გააგრძელა.

გუშინ, 2022 წლის 9 თებერვალს, კულტურის სამინისტროში შემოვიდა ICOMOS-ის შეფასებები, რომელთა მიხედვითაც, გელათის კედლის მხატვრობაზე ჩატარებული ზემოხსენებული გადაუდებელი სამუშაოები და სახურავის მოწყობასთან დაკავშირებით განხორციელებული კვლევები და სამომავლო რეკომენდაციები დადებითად იქნა შეფასებული.

უფრო მეტიც, ICOMOS-ი საქართველოსგან მოითხოვს, რომ კულტურის სამინისტროს მიერ შერჩეულმა, კედლის მხატვრობის იტალიელმა სპეციალისტებმა გააგრძელონ მუშაობა; აცხადებს, რომ ეთანხმება ამ ექსპერტთა რეკომენდაციებს, რომლებიც ემყარება ზიანის გამომწვევი მიზეზებისა და ლაბორატორიულ კვლევებს, მით უფრო, კედლის მხატვრობის ძალიან კრიტიკული მდგომარეობის ფონზე; მოუწოდებს მათ, განახორციელონ სხვა სატესტო ჩარევებიც, რომელთა ჩატარებაც მოცემულ ექსპერტებს თავიანთ ანგარიშში აქვთ შემოთავაზებული; რეკომენდაციას აძლევს საქართველოს, რომ იდენტური საექსპერტო შეფასებები ტაძრის კედლის მხატვრობის სხვა ყველა დანარჩენ ნაწილზე განახორციელოს. დოკუმენტის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ დროებითი გადახურვა ამჟამად აკავებს წვიმის წყლის შემდგომ შეღწევას, დეგრადაციის მდგომარეობის სტაბილურობის გათვალისწინებით, შემოთავაზებული ზომები უნდა განიხილებოდეს, როგორც დაუყოვნებელი და გადაუდებელი საჭიროება. ამიტომაც, ICOMOS-ის რეკომენდაციაა, რომ კედლის მხატვრობის სპეციალისტებმა გააგრძელონ კოორდინაციაში მუშაობა სამუშაო ჯგუფის კონსტრუქტორ წევრებთან მოკლე- და გრძელვადიანი მომდევნო ნაბიჯების დასაგეგმად. უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული რეკომენდაცია მის გაცემამდე უკვე სრულდებოდა და სრულდება კულტურის სამინისტროს მიერ. კერძოდ, 2021 წლის ივნისიდან დღემდე უწყვეტად მიმდინარეობს სამუშაო ჯგუფის ყველა იტალიელი ექსპერტის ინტეგრირებული მუშაობა და მათი აქტიური პროფესიული დიალოგი კულტურის სამინისტროს მთავარ არქიტექტორ-რესტავრატორ ტარიელ კიპაროიძესა და კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან”, - აღნიშნულია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, დღეს გამართულ ბრიფინგზე, კულტურის მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ICOMOS-ის შეფასებებით სრულად და კიდევ ერთხელ გაბათილდა არა მხოლოდ კრიტიკულად განწყობილი ხელოვნებათმცოდნეების მცირე ჯგუფის, „არამედ იმ ე.წ. სამოქალაქო აქტივისტებისა და პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების განცხადებები, რომლებიც ცილისმწამებლური ბრალდებებით იყვნენ მრავალი თვის მანძილზე დაკავებულნი“.

„დღეს, ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორებიცაა UNESCO და ICOMOS-ი დადებით შეფასებას აძლევენ სამინისტროს მიერ ჩატარებულ გადაუდებელ სამუშაოებს, რითაც, იმედი მაქვს, წერტილი დაესმება გელათის მონასტრის გარშემო უპასუხისმგებლო განცხადებებსა და პოლიტიკურ სპეკულაციებს. ჩვენ კი გავაგრძელებთ პროცესის ღიაობის უზრუნველყოფასა და ყველა დაინტერესებულ მხარესთან ჯანსაღ დიალოგს, რის შედეგადაც, ძალიან მალე, გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული ვითარების გამოსწორების საშუალო და გრძელვადიანი გეგმა შემუშავდება და მის განხორციელებას უკვე მიმდინარე წელს შევუდგებით“, - განაცხადა კულტურის მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა