ეუთოს ზოგიერთმა წევრმა სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ სპეციალურ სადამკვირვებლო მისიაში მათ მიერ მივლენილმა პირებმა უნდა დატოვონ უკრაინა მომდევნო დღეების განმავლობაში, - ამის შესახებ ეუთოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„სპეციალური სადამკვირვებლო მისია უკრაინაში არის სამოქალაქო მისია. საერთაშორისო მისიის წევრების უმრავლესობა მივლინებულია ეუთოს მონაწილე სახელმწიფოების მიერ. მივლინების სისტემა მონაწილე სახელმწიფოებს საშუალებას აძლევს თავად მიიღონ გადაწყვეტილებები მათ მიერ მივლინებული პირების ქვეყანაში ან მის ფარგლებს გარეთ გადაადგილების შესახებ,”- ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციის ინფორმაციით, სპეციალური სადამკვირვებლო მისია გააგრძელებს ეუთოს დამტკიცებული მანდატის განხორციელებას უკრაინის ათ ქალაქში განლაგებული დამკვირვებლების საშუალებით.
“სპეციალური სადამკვირვებლო მისია უდიდეს პრიორიტეტს ანიჭებს მთელი მისი პერსონალის უსაფრთხოებასა და დაცულობას და გააგრძელებს უსაფრთხოების სიტუაციის მუდმივ შეფასებას,”- ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციაში არ აკონკრეტებენ, რომელმა ქვეყნებმა დაიწყეს თანამშრომლების გაყვანა.
შეგახსენებთ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) თანამშრომლებმა, რომლებიც აკვირდებიან ვითარებას აღმოსავლეთ უკრაინაში, კვირას ქალაქ დონეცკის დატოვება დაიწყეს. ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისია უკრაინაში აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წლიდან იმყოფება.