დავით მათიკაშვილი - არაჟნებში მოკალათებული ექსპრეზიდენტის ვიდეოს გაგახსენებთ, სადაც სპეცსამსახურებს, თავისივე დადგმული სცენარით, ქვეყნაში შემოპარვა დააბრალა - ამ ვიდეოს და „ფეიკის“ მიზანია დისკრედიტაცია, რომელსაც ეს ძალა ვერ აღწევს

ერთ ვიდეოს გაგახსენებთ, რომელიც ექსპრეზიდენტმა არაჟნებში მოკალათებულმა ჩაწერა. ვიდეოში სპეცსამსახურებსა და სამართალდამცავებს თავისივე დადგმული სცენარით საქართველოში შემოპარვა დააბრალა. ეს ვიდეო და ეს „ფეიკი“ ყველასთვის კარგად გასაგებია - 2-3 საათის ე.წ. პიარული წარმატებისთვის მზადაა ეს ხალხი თვალებში შეაყაროს საკუთარ საზოგადოებას ნაცარი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განუცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ „ფეიკსა“ და „ფეიკნიუსს“ მუდმივად იყენებს.

„ადრე, როცა ზედმეტი კეკლუცობის გარეშე ადამიანები საგნებს თავის სახელს არქმევდნენ, ამ მოვლენას მარტივად ერქვა აფერისტობა და ამ ამბის ჩამდენ ადამიანებს ერქვათ აფერისტები. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცოდა, თუ რას ნიშნავს ტყუილების, მანიპულაციების, არარსებულის მოგონების, არსებულის დამახინჯების ხარჯზე ბენეფიტები, სარგებელი მიეღოთ. ეს იყო მათი საქმიანობის ძირითადი არსი. გართულდა ცხოვრება და ამ ბოროტებამაც სხვადასხვა ფორმა მიიღო. 21-ე საუკუნის ყველაზე ნათელი და ცალსახა გამოვლინება ამ ბოროტების არის „ფეიკი“, „ფეიკნიუსი“, „ფეიკინდუსტრია“, რომელსაც თავიდან ბოლომდე იყენებს მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვერ ახერხებენ და ვერ აღწევენ იმ მიზნებს, რომელიც „ფეიკს“ გააჩნია. რა არის „ფეიკის“ მიზანი, როგორ ხდება? - 5-10% სიმართლე და მასზე დაშენებული 90 -95% ტყუილი, ამ ყველაფრის გატანა, შენ მიერ კონტროლირებული მედიასაშუალებების მეშვეობით და საზოგადოებისთვის ტვინების გამორეცხვა. ეს არის ძირითადი მიზანი. „ფეიკის“ ორ ნათელ მაგალითს მოგიტანთ, სადაც ძირითადი სამიზნე სახელმწიფო ინსტიტუციები არიან, მათი პატივი და ღირსება: 1. ეს არის ე.წ. დაზარალებული სააკაშვილი. უკრაინაში, თითქოს სააკაშვილი დაზარალებულად ცნეს. 2-3 საათის ე.წ. პიარული წარმატებისთვის მზადაა ეს ხალხი თვალებში შეაყაროს საკუთარ საზოგადოებას ნაცარი. თითქოს, ახლა ჩვენ ვერ შევძლებთ და უკრაინულ პროცესუალურ კანონმდებლობაში ვერ გავერკვევით, ვერ ვნახავთ, რომ არის მუხლი, სადაც პირდაპირ წერია, რომ თუკი ვინმე შეიტანს განცხადებას, განცხადების შეტანის ფაქტია მისთვის დაზარალებულის დაძახების ანუ მისთვის დაზარალებულად წოდების მომენტი და არა რაიმე სტატუსი, რომელიც გამოძიების შედეგად დგინდება. თითქოს, ამას საზოგადოება ვერ ხვდება და მას ასე უტიფრად აყრიან თვალებში ნაცარს. ამ „ფეიკმა“ სულ 2-3 საათი გაძლო და ამის მიუხედავად, მაინც კადრულობენ. 2. თვალსაჩინო მაგალითი „ფეიკისა“ და „ფეიკინდუსტრიის“ გახლავთ ე.წ. უკანონო მოსმენების საქმე. „ნაციონალური მოძრაობის“ უკვე მეორე რუპორის, სხვა ტელევიზიის მეშვეობით გაშვებული. იცოდნენ, რა რომ კანონიერი გამოძიების ფარგლებში ხდებოდა კანონიერი მოსმენა, მაინც გააკეთეს სიუჟეტი, სადაც ჩირქი მოსცხეს სახელმწიფო ინსტიტუციას. მე გაგახსენებთ, ერთ ვიდეოს, რომელიც ექსპრეზიდენტმა ჩაწერა არაჟნებში მოკალათებულმა. ვიდეოში სპეცსამსახურებსა და სამართალდამცავებს დააბრალა თავისივე დადგმული სცენარით საქართველოში შემოპარვა. ეს ვიდეო და ეს „ფეიკი“ ყველასთვის კარგად გასაგებია, საიდან მომდინარეობს და რა მიზანს ემსახურება. მიზანი არის დისკრედიტაცია, რომელსაც ეს ძალა ვერ აღწევს“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

მმართველი გუნდის დეპუტატის ამ განცხადებას, „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრმა დავით კირკიტაძემ უპასუხა.

„ვინ რა მანქანით შემოვიდა, ვინ სად წავიდა, ვინ „ფეიკს“ ამბობს, ვინ სიმართლეს, ამას ხალხი ძალიან კარგად ამჩნევს. ნუ გგონიათ თქვენი თავი ხალხზე ჭკვიანი, ისინი სათანადო შეფასებისას მისცემენ, იმას, ვინ იყო რძის პროდუქტების მანქანაში და ვინ დაიმალება სარეცხი ფხვნილისა და სარეცხი საშუალებების მანქანით, ამას დრო გვიჩვენებს. ნუ წუხართ ამაზე“, - განაცხადა კირკიტაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა