ზურაბ ბატიაშვილი - უკრაინა გარე მტრის წინააღმდეგ გაერთიანებულია, შეიძლება ითქვას, რომ დასავლეთს დიდი ხნის განმავლობაში არ დაუნახავს ასეთი აგრესიული რუსეთი

ახლა რასაც ვხედავთ ის არის, რომ უკრაინა გარე მტრის წინააღმდეგ გაერთიანებულია. შეიძლება ითქვას, რომ დასავლეთს დიდი ხნის განმავლობაში არ დაუნახავს ასეთი აგრესიული რუსეთი, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი” საერთაშორისო მიმომხილველმა ზურაბ ბატიაშვილმა განაცხადა.

როგორც ბატიაშვილი განმარტავს, უკრაინა-პოლონეთი-დიდი ბრიტანეთის კავშირი გაფართოვდება და შემდგომში მოიცავს ბალტიის ქვეყნებს, შავ ზღვას და ამასთან, აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ არ იცის რა ხდება საერთაშორისო ასპარეზზე და „თბილისის რამდენიმე ქუჩას არ სცდება მათი თვალსაწიერი“.

„ახლა რასაც ვხედავთ, არის ის, რომ უკრაინა გაერთიანებულია გარე მტრის წინააღმდეგ. არასოდეს ყოფილა ბოლო პერიოდში დასავლეთი ასეთი ერთიანი, მობილიზებული და შეიძლება ითქვას, დასავლეთს კარგა ხნის განმავლობაში არ დაუნახავს ასეთი აგრესიული რუსეთი. 2008 წელს რაც მოხდა, 2014 წელს, შემდეგ ყირიმში, ყველაფერი ერთი ჯაჭვის ნაწილია, მაგრამ ახლა უფრო წინა პლანზე წამოვიდა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანას დაემუქრა რუსული საფრთხე. აქ კიდევ ბევრი სხვა საკითხი მოდის უკვე, პირველი არის ის, რომ არსებული უსაფრთხოების არქიტექტურა ვერ უზრუნველყოფს არსებული გამოწვევების გაუნებელყოფას და გადასახედი იქნება ბევრი რამ. ვფიქრობ, რომ ასეთი ჩანასახი არის ამ ახალი არქიტექტურის, უკრაინა-პოლონეთი-დიდი ბრიტანეთის კავშირი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გაფართოვდება, იგივე მაგალითად, ბალტიის ქვეყნები, შემდეგ შავ ზღვაზე. შავ ზღვაზე ბევრი რამ გადასახედი იქნება, მათ შორის, მაგალითად, „მონტროს კონვენცია“, რომელიც ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

ამასთან, როგორც ბატიაშვილი ვარაუდობს, პუტინი ნაკლებად განახორციელებს გეგმას, ორი უკრაინული სეპარატისტული რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებისთვის, რადგან საპასუხო სანქციები საკმაოდ მძიმე იქნება რუსეთისთვის.

„მე ნაკლებად მჯერა, რომ ეს დონეცკისა და ლუგანსკის „აღიარებამდე“ მივა, იმიტომ რომ რუსეთი კარგავს უკრაინაზე ზემოქმედების ყველა ბერკეტს. ეს ნიშნავს „მინსკის შეთანხმებიდან“ გასვლას, რაც ნიშნავს იმას, რომ უკრაინის შიდა და საგარეო პოლიტიკაზე, ყველა შესაძლო თუ პოტენციურ ბერკეტს კარგავს რუსეთი და პლუს ამას, მიიღებს იმ სანქციებს, რაზეც დასავლეთი არის შეპირებული. ეს ყველაფერი დაიწყო იმით, რომ პუტინი თავისი განცხადებებით და საქციელით შევიდა ჩიხში - მან შეუტიოს უკრაინას, რაც მისთვის წამგებიანია, იმიტომ რომ ჭაობში ჩაეფლობა და ექნება „სლავური ავღანეთი“ გაცილებით დიდი მასშტაბით და ეკონომიკა ჩამოექცევა სანქციების გამო, ან უკან უნდა დაიხიოს“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, ომის შემთხვევაში მიყენებული ზარალის შესახებ, ბატიაშვილი აღნიშნავს, რომ ზარალი იქნება უდიდესი.

„ეს იმხელა კატასტროფა იქნება, რომელიც შეეხება მეც, თქვენც, გერმანელ და ამერიკელ პენსიონერსაც, ეს ყველას შეეხება, მაგრამ პირველ რიგში, უკრაინას და რუსეთს“, - აღნიშნა ბატიაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა