ურსულა ფონ დერ ლაიენი - თუ კრემლი აირჩევს ძალადობას უკრაინის წინააღმდეგ, ჩვენი პასუხი იქნება ძლიერი და ერთიანი - გავლენის სფეროების იდეა გასული საუკუნის აჩრდილებია

ეს არის მოსკოვის მიერ შექმნილი კრიზისი. ჩვენ არ აგვირჩევია დაპირისპირება, მაგრამ მზად ვართ ამისთვის, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

მისი თქმით, წინ ორგვარი მომავალია და კრემლზეა დამოკიდებული, რომელ მათგანს აირჩევს.

„ჩვენ ახლა ორი განსხვავებული მომავალი გვაქვს წინ. ერთში, კრემლი გადაწყვეტს ომის დაწყებას უკრაინის წინააღმდეგ, რის შედეგადაც ჩვენი და მოსკოვის ურთიერთობა სერიოზულად დაზიანდება, დაიწყება მკაცრი სანქციები, რაც მძიმე შედეგებს მოუტანს რუსეთის ეკონომიკასა და მისი მოდერნიზაციის პერსპექტივას, მაგრამ სხვაგვარი მომავალიც შესაძლებელია. მომავალი, რომელშიც რუსეთი და ევროპა ითანამშრომლებენ თავიანთი საერთო ინტერესებით. მომავალი, სადაც თავისუფალი ქვეყნები ერთად იმუშავებენ მშვიდობიანად. ახლა კრემლის გადასაწყვეტია, რა გზასაც აირჩევს. რა გზაც არ უნდა აირჩიონ მათ, ჩვენ ჩვენს პოზიციას არ შევიცვლით. ევროპა იქნება ერთიანი უკრაინის მხარეს, მშვიდობის მხარეს და ევროპელი ხალხის მხარეს,“ - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, რუსეთის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, ნატო ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების რაოდენობა მცირდება.

„რუსეთის მიმართ ჩვენი მოწოდება ნათელია: არ აირჩიოთ ომი. ჩვენსა და რუსეთს შორის თანამშრომლობა ჯერ კიდევ შესაძლებელია. მაგრამ მოდით, შევინარჩუნოთ სიფხიზლე. გუშინ გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, ნატოს ჯერ არ უნახავს რუსული ჯარის შემცირების ნიშნები. თუ კრემლი აირჩევს ძალადობას უკრაინის წინააღმდეგ, ჩვენი პასუხი იქნება ძლიერი და ერთიანი,“ - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ თანამედროვე მსოფლიოში გავლენის სფეროების ადგილი არ არის.

„ჩვენ მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით. იდეას, რომ კრემლმა უნდა გადაწყვიტოს, რა სურთ ან არ სურთ უკრაინელებს, ჩვენ უბრალოდ ვერ მივიღებთ. გავლენის სფეროების იდეა გასული საუკუნის აჩრდილებია. ეს კრიზისი ეხება უკრაინას და უფრო მეტსაც გეტყვით - საუბარია იმაზე, თუ რას ნიშნავს იყო სუვერენული, დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყანა 21-ე საუკუნეში. ეს ეხება ყველას უფლებას იცხოვროს შიშისგან თავისუფალი. ეს ეხება ყველა ქვეყნის უფლებას, თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი. და ეს არის გზავნილი, რომელსაც ჩვენი კავშირი გადასცემს კრემლს,“ - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა