ირაკლი კობახიძე - ჯაფარიძემ არჩია სისტემას დაპირისპირებოდა - ჩვენ არ ვმოქმედებთ ხისტად, მაგრამ პრინციპულად ვმოქმედებთ იქ, სადაც კონკრეტული პოლიტიკოსი სისტემას უპირისპირდება

ჩვენ რომ ვინმეს მიმართ პოლიტიკური დევნა გვდომებოდა, დაახლოებით 4-5 თვის წინ შეგვეძლო 50 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა, თუმცა, ასეთი რამ 2-ჯერ არ გავაკეთეთ, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ლელოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის ჩამორმევა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართული ოცნება“ ხისტად არ მოქმედებს, მაგრამ პრინციპულია იქ, სადაც კონკრეტული პოლიტიკოსი სისტემას უპირისპირდება.

„კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტი მხოლოდ პოლიტიკურ და არა სამართლებრივ გადაწყვეტილებას იღებს. სასამართლო იღებს სამართლებრივ გადაწყვეტილებებს, პარლამენტი კი პოლიტიკურს. პარლამენტს უფლებაც კი არ აქვს, რომ რაიმე სამართლებრივი გადაწყვეტილება მიიღოს. სამართლებრივი საფუძვლით პარლამენტი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს და ამაშია საქმე. ჩვენ უნდა გვემსჯელა პოლიტიკური თვალსაზრისით მანდატის შეწყვეტის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. ასე იმსჯელა პარლამენტმა და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო“, - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური ანგარიშსწორება არ არის.

„ბადრი ჯაფარიძემ არჩია სისტემას დაპირისპირებოდა. გახსოვთ, რომ ჩვენს პოლიტიკურ გუნდს აბრალებდა სასამართლოსთვის დაკვეთის მიცემას. ეს არის სისტემის წინააღმდეგ დაპირისპირება და როდესაც პოლიტიკოსი სისტემას უპირისპირდება, ბუნებრივია, სისტემა მას პასუხს სცემს. ჩვენ რომ ვინმეს მიმართ პოლიტიკური დევნა გვდომებოდა, შეგვეძლო დაახლოებით 4-5 თვის წინ დაახლოებით 50 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა, თუმცა, ასეთი რამ 2-ჯერ არ გავაკეთეთ. ჩვენ არ ვმოქმედებთ ხისტად, მაგრამ პრინციპულად ვმოქმედებთ იქ, სადაც კონკრეტული პოლიტიკოსი სისტემას უპირისპირდება“, - განაცხადა კობახიძემ.

ის რუსთავში „ქართული ოცნების“ კანდიდატის, ირაკლი შატაკიშვილის გამარჯვებაში დარწმუნებულია.

„ჩვენ რუსთავის მაგალითზე დავინახეთ, რომ რეალურად, არავითარი ზღვარი არ არსებობს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ლელოს“ შორის, ეს არის სინამდვილე. შესაბამისად, ჩვენ დარწმუნებული ვიყავით და კიდევ უფრო დავრწმუნდით, რომ რუსთავში ჩვენი კანდიდატი, ირაკლი შატაკიშვილი გაიმარჯვებს და ამისთვის დამატებითი საფუძველი ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურამ შეგვიქმნა“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისათვის, „ლელოს“ გადაწყვეტილებით, ბადრი ჯაფარიძე შუალედურ არჩევნებზე რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა