სამხედრო მოსამსახურეები და იუნკერები ოკუპაციის მუზეუმს ესტუმრნენ

სამხედრო მოსამსახურეები და იუნკერები ოკუპაციის მუზეუმს ესტუმრნენ

ოკუპაციის კვირეულთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის ძალების მეოთხე ქვეითი ბრიგადის 43-ე ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები და ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, პირადი შემადგენლობა ოკუპაციის მუზეუმს გაეცნო, სადაც წარმოდგენილია საქართველოს უახლესი ისტორიის (1918-1921 წლები) ამსახველი დოკუმენტები, ხელნაწერები, აღნიშნული პერიოდის მოღვაწეების ბიოგრაფიები და სხვა.

ეროვნულ მუზეუმში სტუმრობისას სამხედროებმა და იუნკერებმა „ოქროს ფონდში“ დაცული უნიკალური ექსპონატები და ქართული იარაღ-საჭურველის ექსპოზიციაც დაათვალიერეს.

„ეროვნულ მუზეუმში სამხედროების სტუმრობა ცნობიერების ამაღლებასა და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას ისახავს მიზნად. სამხედრო მოსამსახურეებისათვის მსგავსი საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიება თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნულ მუზეუმს შორის თანამშრომლობის ფარგლებში არაერთხელ განხორციელდა და მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.