შარლ მიშელი - რაც უფრო მეტად შეეცდება რუსეთი დასავლეთის შესუსტებას, მით მეტი იქნება უკრაინისადმი მხარდაჭერა - ჩვენ არ შეგვიძლია მუდმივად გავუწოდოთ ზეთისხილის რტო რუსეთს

ევროკავშირი რუსეთთან დიალოგისკენ ისწრფვის, მაგრამ არ შეუძლია დაუსრულებლად შესთავაზოს ეს მაშინ, როდესაც მეორე მხარეს არ სურს პოზიციების დაახლოება. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ არ შეგვიძლია მუდმივად გავუწოდოთ ზეთისხილის რტო, როდესაც რუსეთი ატარებს სარაკეტო ცდებს და ახდენს ჯარების მობილიზებას“, - განაცხადა მიშელმა.

მისი თქმით, გასაგებია ერთი რამ: "თუკი იქნება შემდგომი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ევროკავშირი, პარტნიორებთან ერთად, მასობრივი სანქციებით მოახდენს რეაგირებას".

მისივე თქმით, ეს სანქციები იქნება ძალიან მძიმე რუსეთისთვის, მაგრამ საჭიროა აღიარება, რომ მძიმე იქნება ევროპელებისთვისაც.

შარლ მიშელის თქმით, პარადოქსი იმაშია, რომ კრემლს თავისი ქმედებებით სურდა განხეთქილების დათესვა, დაესუსტებინა და დაეყო ევროკავშირი, მაგრამ სრულიად საწინააღმდეგოს მიაღწია - ევროპული ერთიანობა გამყარდა.

მანვე აღნიშნა, რომ ევროკავშირი ყოველმხრივ უჭერს მხარს უკრაინას - მის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და დემოკრატიას, რომელიც აირჩიეს უკრაინელებმა და რომელშიც კრემლი ხედავს ეგზისტენციალურ საფრთხეს თავისთვის.

„რაც უფრო მეტად შეეცდება რუსეთი დასავლეთის შესუსტებას, მით მეტი იქნება უკრაინისადმი მხარდაჭერა. კრემლი აქ შეცდა“, - განაცხადა მიშელმა.

მან გაიხსენა, რომ ევროკავშირმა გადაწყვიტა 1.2 მილიარდი ევროს მობილიზება მაკროეკონომიკური დახმარებისთვის და ჩაატაროს საერთაშორისო დონორთა კონფერენცია, რათა მხარი დაუჭიროს ეკონომიკურ რეფორმებს და განახორციელოს უკრაინის ეკონომიკური სტაბილიზაცია რუსეთის სამხედრო საფრთხის ფონზე.

მიშელი დარწმუნებულია, რომ უნდა გაძლიერდეს ევროკავშირსა და უკრაინას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები.

მანვე დასძინა, რომ ევროკავშირი გაცილებით ძლიერი საერთაშორისო აქტორია, ვიდრე ამას ზოგიერთები ფიქრობენ.

„ჩვენ, ევროპელები, სრულად ვართ შეკრულები და ერთად ვდგავართ ტრანსატლანტიკურ მოკავშირეებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, როგორიც არის, მაგალითად, იაპონია“ , - განაცხადა მიშელმა მიუნხენის კონფერენციაზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო