პარტია „დროა“ მიიჩნევს, რომ საქართველო უნდა შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის, აშშ-ის და სხვა დემოკრატიული სახელმწიფოების მიერ დაწესებულ სანქციებს

პარტია „დროა“ მიიჩნევს, რომ საქართველო უნდა შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის, აშშ-ის და სხვა დემოკრატიული სახელმწიფოების მიერ დაწესებულ სანქციებს.

პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრის, ბათუ ქუთელიას განცხადებით, სანქციები, საქართველოს მისცემს საშუალებას გამოხატოს სოლიდარობა უკრაინელი მეგობრების მიმართ და ზოგადად, დემოკრატიული სამყაროს მიმართ.

„პარტია „დროას“ სურს გამოეხმაუროს იმ სანქციებს, რომელიც ევროკავშირმა, აშშ-მა და სხვა დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა დაუწესეს რუსეთს, იმ აგრესიიდან გამომდინარე, რომელსაც ახორციელებს უკრაინის წინააღმდეგ. ეს აგრესია არ დაწყებულა ახლა, ეს აგრესია დაიწყო 2008 წელს საქართველოში სამხედრო შემოჭრით და შემდგომ, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით. სწორედ, მსგავს მეთოდებს იყენებს რუსეთი უკრაინაში და აქედან გამომდინარე დაუწესეს სანქციები.

მსოფლიო ლიდერები საუბრობენ საქართველოსთან პარალელებზე და დღეს, ვთვლით აუცილებლად, რომ ამ სიტუაციებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია, საქართველომ დააფიქსიროს თავისი პოზიცია ამ სანქციებთან დაკავშირებით, მიუერთდეს ამ სანქციებს. ყველა კომპონენტს, დაწყებული იმ პიროვნული სანქციებით ადამიანების მიმართ, რომლებმაც დაუჭირეს მხარი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და მათ აღიარებას, ასევე ისინი, ვინც სარგებლობენ ფინანსური ინსტიტუციებით და სისტემურად არიან ჩართულნი რუსულ საგარეო და აგრესიულ სამხედრო პოლიტიკაში. ასევე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ამ სანქციების ნაწილი გახდეს კრემლის პროპაგანდისტული ქსელი, რომელიც მოღვაწეობდა მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც, საკმაოდ დიდი გავლენა აქვს - კონკრეტული ადამიანები, რომლებიც არიან შემოქმედები ტყუილის და ფაქტების ფაბრიკაციით.

ეს სანქციები, საქართველოს მისცემს საშუალებას ერთის მხრივ გამოხატოს სოლიდარობა ჩვენი უკრაინელი მეგობრების მიმართ და ზოგადად, დემოკრატიული სამყაროს მიმართ. მეორე, მოგვცემს საშუალებას ჩვენი საკითხები გახდეს იმ დღის წესრიგის ნაწილი, რაც დღეს დგას საერთაშორისო უსაფრთხოების და საერთაშორისო წესრიგის კუთხით. ეს არის ის ეფექტური გზა, რომლითაც შეგვიძლია მოვაგვაროთ ჩვენი პრობლემები, შევაჩეროთ რუსეთის შემდგომი აგრესია საქართველოსთან მიმართებაში და მეორე, მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ინტენსიური კონსულტაციები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან იმისთვის, რომ ეს სანქციები და მათი პოტენციური, ნეგატიური, შედეგი საქართველოს ეკონომიკაზე შერბილებული იყოს, სწორედ, პარტნიორ ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობით, ახალი პროგრამების შემუშავებით. ეს საშუალებას მოგვცემს, ერთის მხრივ განვახორციელოთ ეს სანქციები და მეორეს მხრივ, არ დავაზიანოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას დაუყოვნებლივ დააფიქსიროს თავისი ხმამაღალი, მყარი პოზიცია ამ სანქციებთან დაკავშირებით და დაიწყონ კონსულტაციები პარტნიორებთან. ჩვენ, პარტნიორ ოპოზიციურ პარტიებთან დავიწყებთ მუშაობას შინაარსობრივად ამ სანქციების ფორმაზე და მის გამოყენების შესაძლებლობაზე, ეს იქნება საჯარო. პარალელურად, გვექნება კონსულტაციები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან”, - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა