ვლადიმერ ზელენსკი - ჩვენ არ გვინდა ომი, მაგრამ თუ თავს დაგვესხმებიან, თავს დავიცავთ

ჩვენ არ გვჭირდება მორიგი ცივი ომი, ან სისხლიანი ომი, ან ჰიბრიდული ომი, მაგრამ თუ თავს დაგვესხმებიან სამხედრო გზით, თუ ისინი შეეცდებიან წაგვართვან თავისუფლება, სიცოცხლე, ჩვენი შვილების სიცოცხლე, ჩვენ თავს დავიცავთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის მოქალაქეებსაც მიმართა და განაცხადა, რომ მათმა ხელმძღვანელობამ უკრაინაში სამხედრო შეჭრა დაამტკიცა.

„რუსეთის ყველა მოქალაქეს მინდა მივმართო. რუსეთის მოქალაქეებს როგორც უკრაინის მოქალაქე მივმართავ. ჩვენ საერთო საზღვრის 2 000 კილომეტრი გვყოფს. დღეს საზღვრის გასწვრივ თქვენი ჯარი დგას. თითქმის 200 000 ჯარისკაცი, ათასობით საბრძოლო მანქანა. თქვენმა ხელმძღვანელობამ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ნაბიჯის წინ გადადგმა დაამტკიცა. ეს ნაბიჯი ევროპულ კონტინენტზე დიდი ომის დასაწყისი შეიძლება გახდეს. მიზეზი ნებისმიერ მომენტში შეიძლება გაჩნდეს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინა იმ ახალ ამბებში, რასაც რუსეთის მოქალაქეებს აწვდიან და უკრაინა რეალობაში, სხვადასხვაა.

„გეუბნებიან, რომ ეს ცეცხლი უკრაინელ ხალხს გაათავისუფლებს. მაგრამ უკრაინელი ხალხი თავისუფალია. მას ახსოვს საკუთარი წარსული - და აშენებს თავის მომავალს. აშენებს და არა ანადგურებს, როგორც ყოველდღე გეუბნებიან ტელევიზიით. უკრაინა თქვენს ახალ ამბებში და უკრაინა რეალურ ცხოვრებაში ორი სრულიად განსხვავებული ქვეყანაა. გეუბნებიან, რომ ნაცისტები ვართ. მაგრამ როგორ შეიძლება ნაციზმს მხარი დაუჭიროს ხალხს, რომელმაც რვა მილიონზე მეტი სიცოცხლე გაწირა ნაციზმზე გამარჯვებისთვის?“- აღნიშნა ზელენსკიმ.

მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას მშვიდობა სურს და ამისთვის მზადაა, მოლაპარაკებების ყველასთან და ნებისმიერ ფორმატში გამართოს.

„ჩვენი მთავარი მიზანი უკრაინაში მშვიდობის შენარჩუნება და უკრაინის მოქალაქეების უსაფრთხოებაა. ამისათვის ჩვენ მზად ვართ გავმართოთ მოლაპარაკებები ყველასთან, მათ შორის რუსეთთან, ნებისმიერ ფორმატში, სადაც არ უნდა იყოს ადგილი. რუსმა ხალხმა სიმართლე უნდა იცოდეს და ეს სიმართლე ისაა, რომ ეს ყველაფერი ახლავე უნდა შეწყდეს, სანამ ძალიან გვიან არ არის. თუ რუსეთის ხელმძღვანელობას არ სურს ჩვენთან ერთად მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა მშვიდობის დასამყარებლად, შესაძლოა თქვენთან ერთად დაჯდეს. სურს რუსეთს ომი? ძალიან მინდა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. მაგრამ ეს პასუხი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო