მოსახლეობის გარკვეულ და განსაკუთრებით, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ნაწილს სხვადასხვა ინსინუაციების საშუალება მისცა,- ასე შეაფასა ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „ბუსტერ“ დოზასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადება.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პრემიერ-მინისტრმა ფაქტების კონსტატაცია მოახდინა, რადგან აცრა არა კოვიდისგან, არამედ მდგომარეობის დამძიმებისგან და სიკვდილიანობისგან გვიცავს.
„მე ვერ ვიტყვი, რომ ამ განცხადების პათოსს მთლიანად ვეთანხმები, მაგრამ ვფიქრობ, ის არასწორად იყო გაგებული. ის, რომ მინისტრს 4 აცრის შემდეგ მაინც დაემართა კოვიდი, ეს არის ფაქტის კონსტატაცია და ყველამ ვიცით, რომ ასეა. რათ გვინდა მინისტრი, ჩემს სამსახურშიც დაემართათ 3 და 4 აცრის მერე. თუნდაც მესამე და მეოთხე აცრა, 100%-ით არ იცავს ინფიცირებისგან, ეს ყველამ ვიცით და პრემიერ-მინისტრმა უბრალოდ ეს დააფიქსირა, მეტი არაფერი. სხვა საქმეა, რომ ის სიკვდილისგან, დამძიმებისგან იცავს და ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. 3 და 4 აცრის შემდეგ ჩემს უამრავ ნაცნობს დაემართა კოვიდი, მაგრამ ყველა მათგანმა მსუბუქად გადაიტანა. ასე რომ, პრემიერის ნათქვამი ასე უნდა გავიგოთ.
რაც შეეხება იმას, რომ მას „ბუსტერ“ დოზა არ აქვს გაკეთებული, აქაც მან თავისი კონრეტული მაგალითი მოიყვანა. ის ორჯერ არის ვაქცინირებული პირადად ჩვენს ვაქცინაციის ცენტრში. უბრალოდ, მან ჩათვალა, რომ ამ ეტაპზე მისთვის ორჯერ ვაქცინაცია არასაკმარისია იმიტომ, რომ მას ცოტა ხნის წინ დაემართა კოვიდი. ალბათ, სწორიც არის, რადგან ორჯერ ვაქცინირებულს და 2 კვირის წინ კოვიდგადატანილს არანაკლები იმუნიტეტი აქვს, ვიდრე „ბუსტერ“ დოზის გაკეთებულს. პრემიერ-მინისტრმა მოახდინა იმის კონსტატაცია, რაც არის - 2-ჯერ ვარ აცრილი, ახლახან გადავიტანე კოვიდი და „ბუსტერი“ არ მჭირდებაო, სადღაც მართალია. ნუ გავიგებთ ისე, რომ ის მოუწოდებს მოსახლეობას, „ბუსტერი“ არ გაიკეთონ“,- განაცხადა ცერცვაძემ.
ცნობისთვის, პრემიერმა განაცხადა, რომ „ბუსტერს" აზრი არ აქვს.
მისი თქმით, ერთ-ერთი მინისტრი, რომლის ვინაობაც არ დაასახელა, 4-ჯერ იყო აცრილი, მაგრამ მაინც დაემართა „ომიკრონი“.