ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ამ დროისთვის დახმარება 100-მდე უკრაინელ ტურისტს გაუწია

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ამ დროისთვის დახმარება 100-მდე უკრაინელ ტურისტს გაუწია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, საქართველოში ვიზიტად მყოფი პილიგრიმთა ჯგუფი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კოორდინაციით, სასტუმროებში უკვე განთავსდნენ.

უკრაინელების ჯგუფი საქართველოში 17 თებერვალს ჩამოვიდა და 24 თებერვალს უკან უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო მათ საქართველოში დარჩენა მოუწიათ.

უკრაინელი ტურისტები აღნიშნავენ, რომ საქართველოს ხელისუფლებიდან მათ პირველივე წუთებში დაუკავშირდნენ და დახმარების მზადყოფნა გამოთქვეს.

„17 თებერვალს ჩამოვედით საქართველოში, ამ მართლაც დალოცვილ ქვეყანაში წმინდა ადგილების მოსალოცად. გუშინ ღამე უნდა დავბრუნებულიყავით სამშობლოში, სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ომია, დაკეტილია საზღვრები. უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს, რომელმაც შეგვიფარა, თავს ვგრძნობთ როგორც სახლში. სამწუხაროდ არ ვიცით უკრაინაში დაბრუნებას როდის შევძლებთ, იმედია მშვიდობა მალე დაისადგურებს“, - აცხადებს ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვარი კიევიდან მამა ლონგომოზი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მათი კოორდინაციით ტურისტები სასტუმროებში სრულიად უსასყიდლოდ განთავსდებიან.

„მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს ასეთი მასპინძლობისთვის. ჩვენ საქართველოში 17 თებერვლიდან ვიმყოფებით. უმძიმესი დრო უდგას უკრაინას და საქართველომ ასე გვიპატრონო, მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას, რომელიც 24 საათის განმავლობაში ხაზზეა, გვკითხულობს, გვეხმარება. ქართველ ხალხს ასეთი თანადგომისთვის“, - აცხადებს უკრაინელი ტურისტი ტატიანა მარჩენკო.

ტურისტების სასტუმროებში განთავსება დღეს დილიდან დაიწყო.

„24-ში უნდა დავბრუნებულიყავით კიევში, დილით გავიღვიძეთ და ასეთი საშინელი ამბავი დაგვხდა. საბედნიეროდ ვართ საქართველოში, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ შემოგვთავაზა სასტუმროში განთავსება, წარმოუდგენელი დახმარება მივიღეთ საქართველოს მთავრობისგან. უდიდესი მადლობა მთელ საქართველოს ასეთი მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა უკრაინელმა მოგზაურმა ელენა სლიოზკომ.

სასტუმროში უკრაინელ ტურისტებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე დახვდა და მათ თანადგომა კიდევ ერთხელ გამოუცხადა. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გუშინ დილიდან აამოქმედა უფასო ცხელი ხაზი, სადაც საჭიროების შემთხვევაში, უკრაინელი ტურისტებს შეუძლიათ დარეკონ და ყველა სახის ინფორმაცია და დახმარება მიიღონ. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დახმარების თხოვნით უკვე მიმართა 100 მდე უკრაინელმა ტურისტმა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კოორდინაციით, კერძო სექტორმა თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოთქვა სურვილი სრულიად უსასყიდლოდ დაუთმოს სასტუმრო უკრაინელ ტურისტებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა