გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას - იმ დონეზე გაამწარეთ უკრაინული მხარე, რომ ელჩი გაიწვიეს, რას აკეთებთ გამაგებინეთ?! თქვენგან ვინმე ითხოვს საომარ რიტორიკას და ომის გამოცხადებას? თქვენგან უბრალოდ ითხოვენ თანადგომას

იმ დონეზე გაამწარეთ უკრაინული მხარე, რომ ელჩი გაიწვიეს საქართველოდან. რას აკეთებთ გამაგებინეთ?! თქვენგან ვინმე ითხოვს საომარ რიტორიკას და ომის გამოცხადებას? თქვენგან უბრალოდ ითხოვენ თანადგომას, - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ უკრაინიდან საქართველოს ხელისუფლებას.

როგორც ვაშაძე აცხადებს, უკრაინის მარცხი იქნება საქართველოს განადგურება.

„მინდა მივმართო საქართველოს მთავრობას, შოკირებული ვარ. სადამდე მიიყვანეთ საქმე? როგორ შეიძლება იმის დაშვება, იმ დონეზე გაამწარეთ უკრაინული მხარე, რომ ელჩი გაიწვიეს საქართველოდან. რას აკეთებთ გამაგებინეთ?! თქვენგან ვინმე ითხოვს საომარ რიტორიკას და ომის გამოცხადებას? თქვენგან უბრალოდ ითხოვენ თანადგომას, გვერდში დგომას, მშვიდობისკენ მოწოდებას. თქვენგან ითხოვენ უბრალოდ, რომ საქართველოს მხრიდან ხმა ისმოდეს, ის, რაც არის ქართველი ხალხის ხმა. თქვენ კიდევ რას აკეთებთ? მთელი თქვენი განცხადებები არის უკრაინის საგარეო პოლიტიკის წინააღმდეგ, ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა. არავინ ითხოვს ომის გამოცხადებას და ომის რიტორიკას. მოგიწოდებთ, გონზე მოდით ხალხო, არ შეიძლება ასეთი დამოკიდებულება, ეს არ არის ქართველი ხალხის პოზიცია, თქვენ წარმოგიდგენიათ რამხელა საფრთხეს უქმნით თქვენი გადაწყვეტილებებით ქართველ ხალხს, ვინც არიან უკრაინაში? ხომ შეიძლება ვინმეს თქვენ გამო ცუდად დაელაპარაკონ, ცუდად დაუსვან კითხვა? აქ ათასობით ქართველია, ვინც მიკავშირდება და სურთ საზღვრის დატოვება, ქალების საკუთარ ქვენებში გაშვება. გონზე მოდით, რას აკეთებთ?

მივმართავ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს, მამუკა მდინარაძეს, ეს არის თქვენი დამოკიდებულება? ნორმალურად მოიქეცით, საქართველოს ხმა უნდა იყოს ყველაზე მძლავრი. 2008 წელს პირველად რუსეთი ჩვენ დაგვესხა თავს და ახლა იმაზე საუბარი, რომ ომი საქართველომ დაიწყო, ეს არის მოღალატეობრივი ქმედება და ამის დაშვება არ შეიძლება“, - განაცხადა ვაშაძემ.

ის საქართველოს მოქალაქეებს პეტიციაზე ხელმოწერისკენ მოუწოდებს, რათა მათ უკრაინის მხარდაჭერა დააფიქსირონ.

„კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ჩვენო დებო, ძმებო, პეტიციები გვაქვს და მოაწერეთ ხელი, ჩვენი ხმა რომ ისმოდეს საჯაროდ. უნდა შევიკრიბოთ მეტი და მეტი, რომ ეს ნეგატიური საინფორმაციო ველი გადავტეხოთ, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს.

პოლიტიკური გარჩევების დროა ახლა? შოკშია უკრაინა, შოკშია ყველა, შოკშია ევროპა რა განცხადებებიც კეთდება საქართველოს მთავრობის მხრიდან. როგორ შეიძლება დაჩქარებულად გაგვაწევრიანონ თქვენი განცხადებების შემდეგ, რომ ამტკიცებთ ყველგან დაჩქარებული გაწევრიანების პროცედურა არააო, ახლა პროცედურას უყურებს ვინმე? რუმინეთის პრეზიდენტი გიჟია, რომელმაც თქვა რომ მხარს უჭერს დაჩქარებულ გაწევრიანებას უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად? საგარეო საქმეთა მინისტრს მივმართავთ, რას საუბრობთ საერთოდ? ცოტა ხელი გაანძრიეთ, ახლა საზღვარზე უნდა გეყენოთ თქვენი დიპლომატები, რომლებიც ხალხს საზღვრის გადაკვეთაში ეხმარებიან და მე არცერთი არ მინახავს. დაამშვიდეთ და დაეხმარეთ ხალხს!

მივმართავ საქართველოს მოქალაქეებს, მშვიდად და წყნარად უნდა მივიყვანოთ ეს პროცესი გამარჯვებამდე. მძიმე ვითარებაა, გამარჯვება მარტივი არაა, თუმცა უკრაინის მარცხი იქნება საქართველოს განადგურება. ეს უნდა გვესმოდეს ყველას. მთელი ცივილიზებული სამყარო უკრაინის გვერდით დგას და არ შეიძლება საქართველო ამბობდეს, რომ სანქციები არ მუშაობს. მუშაობს და მერე როგორ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მარინა ჩიტაშვილი - ხელისუფლების მიერ საქართველოში  რუსეთის მოწვევა და რუსეთის დახმარებით ძალაუფლების შენარჩუნების სცენარი, ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტია
ლევან ლორთქიფანიძე - ივანიშვილის ერთპიროვნული, შეუზღუდავი მმართველობის პირობებში კატასტროფა გარდაუვალია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყველას, ვისაც გვიყვარს ეს ქვეყანა და ვერასდროს შევეგუებით ძალადობას, ცხელი გულით და ცივი გონებით მოქმედება გვმართებს!
PSP ჯგუფი განცხადებას ავრცელებს