ასოციაციის ხელმძღვანელი - რუსეთის გადაწყვეტილებაა, ბაზარი გაეხსნათ - ამ ვითარებაში, „რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის წევრები” რუსეთის ფედერაციაში რძის პროდუქტების შეტანას არ აპირებენ

ამ ვითარებაში, რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის წევრები რუსეთის ფედერაციაში რძის პროდუქტების შეტანას არ აპირებენ , - ამის შესახებ რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, კახაბერ კონიაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ასოციაციის წევრი კომპანიების მთავარი ამოცანა ადგილობრივი ბაზრის მომსახურებაა.

კახაბერ კონიაშვილის განმარტებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ რუსეთის ფედერაციასთან ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისთვის ბაზრის გახსნაზე მოლაპარაკებები 2020 წელს დაიწყო და რუსეთმა საქართველოსთვის შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილება ახლახან მიიღო.

„წლების წინ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაიწყო მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყნებთან და მათ შორის, რუსეთთან 2020 წელს, რომ ბაზარი გახსნილიყო ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისთვის, მათ შორის, რძის პროდუქტებისთვის.

ახლა, ამ ვითარებაში მათ ბაზარი გახსნეს, ალბათ გაუჭირდათ ძალიან, რადგან შეზღუდვები აქვთ რიგი ქვეყნებიდან დაწესებული პროდუქტების შეტანაზე. შესაბამისად, მათ იმ ქვეყნებზე, რომლებზე მანამდე შეზღუდვები ჰქონდათ დაწესებული, მათ შორის, ჩვენზე, მოხსნეს. ეს არის იმათი გადაწყვეტილება, რომ ბაზარი გაეხსნათ ჩვენი პროდუქტებისათვის.

ეს რომ ყოფილიყო სხვა დროს, მშვიდ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ყველას უნდა რომ თავისი პროდუქციის ექსპორტი განახორციელოს, მაგრამ ამ ვითარებაში ასოციაციის სახელით მინდა ვთქვა, რომ ჩვენი წევრები არ აპირებენ რუსეთის ფედერაციაში რძის პროდუქტების შეტანას. მთელი ჩვენი მთავარი ამოცანა არის რომ ადგილობრივ ბაზარს მოვემსახუროთ და ქართველი მომხმარებელი არ დარჩეს პროდუქტების გარეშე, არა თუ გავიტანოთ.

რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციაში სულ 57 კომპანიაა გაერთიანებული“, - აცხადებს რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი.

საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული რძის პროდუქტების რუსეთის ბაზარზე შეტანის საკითხზე გადაწყვეტილება რუსულმა მხარემ გუშინ, 5 მარტს მიიღო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, გადაწყვეტილების მიხედვით, რუსეთის ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის ფედერალურმა სამსახურმა (როსსელხოზნადზორმა) 15 ქართულ კომპანიას რუსულ ბაზარზე ნაწარმის შეტანის უფლება მისცა.

აღსანიშნავია, რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ რუსულ ბაზარზე ქართული რძის პროდუქტი და სხვა ნაწარმი გავა, დღეს განცხადებაც გაავრცელა. როგორც უწყება განმარტავს, ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებით რამდენიმე ქვეყანასთან, მათ შორის რუსეთთან მოლაპარაკება 2020 წლიდან მიმდინარეობდა.

“ქართული აგრარული პროდუქციის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტის გაზრდის უზრუნველსაყოფად, აქტიური მუშაობა მრავალი წელია მიმდინარეობს. აღნიშნულ პროცესში ჩართულია როგორც შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები, ისე ცნობილი საერთაშორისო მარკეტინგული კომპანიები. მუშაობა მიმდინარეობს ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის ზრდის მიმართულებითაც.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოლაპარაკებებს აწარმოებს არაერთ ქვეყანასთან, მათ შორის, ერთი კვირის წინ წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები საუდის არაბეთთან. 2020 წლიდან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა რუსეთის ფედერაციის მხარესთანაც, რომლის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის დაშვებასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში.

ამავდროულად, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა სტანდარტებისა და რეგულაციების დანერგვასთან დაკავშირებით, რათა ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ექსპორტი შესაძლებელი გახდეს ევროკავშირის ქვეყნებში.

ცხოველური წარმოშობის პროდუქციისთვის ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გატარებული პოლიტიკისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, ევროკავშირის ბაზარზე 2016 წლის დეკემბრიდან დაშვებულია ქართული თაფლის ექსპორტი და შედეგად, გასულ წელს ევროპაში უპრეცედენტო რაოდენობის თაფლია გასული”, - აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა