დავით უსუფაშვილი - ეს უკვე ჩირგვებში დამალვის პოლიტიკაა - სანამ შეუბერავენ, მანამდე წაქცეულები არიან, "ტანკი თუ დაიქოქება, საქართველოსგან არაფერი დარჩებაო", მაშინ წავიდნენ სახლში და ისეთი მთავრობა მყავდეს, რომელიც იტყვის: "ჩვენ ვიბრძოლებთ"

ხელისუფლების პოლიტიკა არ არის სიფრთხილისა და კეთილგონიერების პოლიტიკა, ეს არის უკვე ნეიტრალიტეტის და ჩირგვებში დამალვის პოლიტიკა, - ასე აფასებს „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ ხელისუფლების მხრიდან უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე გაკეთებულ განცხადებებსა და პოზიციას.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველოს სახელისუფლო სისტემაში არიან ადამიანები, რომლებიც პირდაპირ რუსეთის მითითებით მოქმედებენ.

„ჩემზე არანაკლებ პროდასავლური და დემოკრატი ადამიანები არიან ხელისუფლებაში, მაგრამ სასტიკად ცდებიან, როდესაც თვლიან, რომ მათი პოლიტიკა სიფრთხილის პოლიტიკაა, ცდებიან. ეს არ არის სიფრთხილისა და კეთილგონიერების პოლიტიკა. ეს უკვე ნეიტრალიტეტის და ჩირგვებში დამალვის პოლიტიკაა, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ძალიან ბევრი შესაძლო სანქციიდან ერთის შემოღება მაინც. მაგალითად, ის, რაც უკვე გვაქვს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების გამო რუსი პოლიტიკოსების მიმართ, იგივე ლუგანსკზე და დონეცკზე რომ გაგვევრცელებინა. ძალიან მარტივია, რომელიც არც ეკონომიკას უკავშირდება, არც ღვინოს, არც შაქარს და არც არაფერს. ამით ვიტყოდით, რომ ხალხო, სანქციებზე თქვენ დღეს დაიწყეთ ლაპარაკი და ჩვენ აგერ, 14 წელია ამ ვითარებაში ვცხოვრობთ და დიახ, დონბასი და ლუგანსკი ისეთივე უკრაინაა, როგორც აფხაზეთი საქართველოა. ამის ვერ გაკეთება იმ ადამიანების მხრიდან, ვინც თვლის, რომ საქართველო ევროპის ნაწილი უნდა იყოს, უდიდესი და ტრაგიკული შეცდომაა, მაგრამ ამით არ მთავრდება პრობლემა, პრობლემა იმაშია, რომ საქართველოს სახელისუფლო სისტემაში ინფილტრირებულნი არიან ადამიანები, რომლებიც პირდაპირ რუსეთის მითითებით მოქმედებენ. ვინ არიან ეს რომ ვიცოდე, უნდა მოვკიდო ხელი და გამოვიყვანო.

ერთი მხრივ, ხელისუფლებაში მყოფი ევროპისკენ და დემოკრატიისკენ მომზირალი ხალხი სასტიკად ცდება, რომლებსაც მეორე ადამიანები არასწორი ინფორმირებით და რაღაცებით აშინებენ და აშანტაჟებენ, მაგრამ სრულიად აშკარაა, რომ გარკვეული ნაბიჯის, სახელისუფლებო გუნდიდან გადადგმულის თუ არგადადგმულის კარნახი მოდის იმ ცენტრებიდან, რომლებსაც დაგეგმილი აქვთ ამ კამპანიაში, ამ საშინელ და სამარცხვინო ომში სხვადასხვა ინტერესების უზრუნველყოფა.

ვინც კავშირზეა პრემიერ-მინისტრთან და ვინც უზრუნველყოფს, რომ საქართველომ რამე ისეთი არაფერი თქვას, რაც რუსეთს დამატებით პრობლემას შეუქმნის, ამ კომუნიკაციისას რუსებსაც ესმით, რომ პირდაპირ, ღიად და ცალსახად საქართველო ვერ დაუჭერს მხარს რუსებს უკრაინის ომში იმიტომ, რომ ოკუპირებული ტერიტორიები გვაქვს და აქ ხალხი საერთოდ გადაირევა. ამას უხსნიან რუსებს და მათთვისაც გასაგებია, მაგრამ სხვა მეტი არაფერი ჩაიდინო.

აქ არის ძალიან მძიმე ვითარება, როდესაც ჩვენ, საქართველოს სახელმწიფო წარმოვჩინდებით, როგორც არაკვალიფიციური და მეორე მხრივ რუსეთთან სიფრთხილის პოლიტიკის კი არა, ბოლომდე დამორჩილების, ემანდ მეც არაფერი დამემართოს, პოლიტიკის მქონე. რომ არაფერი დაგემართოს, შენ უნდა იყო იმ სისტემაში, რომელიც შენს დაცვას უზრუნველყოფს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილი გადაცემაში დავით ზალკალიანის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული რუსული ჯარიდან მომდინარე პოტენციურ საფრთხეზე საუბრობს, რის გამოც საქართველო განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოს.

„სანამ შეუბერავენ, მანამდე უკვე წაქცეულები რომ არიან, აი, "ტანკი თუ დაიქოქება, საქართველოსგან არაფერი აღარ დარჩებაო". იცით, რა, თუ ასეთი მთავრობა მყავს, მაშინ წავიდნენ სახლში და ისეთი მაინც მყავდეს, რომელიც იტყვის, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნისთვის. რომელი მტერი იყო თავზე ხელს რომ უსვამდა საქართველოს? დავით აღმაშენებელი თუ მაგარი იყო, ერეკლე, სამასი არაგველი და ანწუხელიძე, თუ ესენი არიან ჩვენი გმირები, ვინც სამშობლოს იცავდა, მაშინ ახლა რაზე ვლაპარაკობთ? გასაგებია, რომ რუსეთი უფრო დიდია, ვიდრე საქართველო, უკრაინაც უფრო პატარაა, ვიდრე რუსეთი, მაგრამ ომს იგებს მორალური სიმტკიცე, ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს ამისი. ამ ხალხს ეშინია ამის და ამ შიშს, სახელმწიფოს მხრიდან გამჟღავნებულ შიშს ყველაზე კარგად გრძნობს ის მეორე სახელმწიფო. ერთი შებერვით შეუძლია სიტუაციის სათავისოდ გადაყვანა“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, რჩება განცდა, რომ „ქართული ოცნება" რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთს გულშემატკივრობს.

„მრჩება განცდა, რომ ხელისუფლებაში ვხედავ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღე რომ იღვიძებენ, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობისგან განსხვავებით, გულშემატკივრობენ იმას, აბა, რუსებმა კიევი უკვე აიღეს. ზელენსკის გამარჯვება მათთვის ნიშნავს იმწუთიერ დამარცხებას.

მაგრამ არც ისაა, სწორი თუ ვინმე საქართველოში ოპოზიციიდან იმაზე ფიქრობს ახლა, რომ შიგნით არაფერი გამოგვივიდა და მოდი, უკრაინაში ზელენსკის წარმატების ფონზე მთავრობას მოვიშორებთ. ახლა ამის დრო არ არის.

ერთად გადავდგათ ყველა ნაბიჯი, ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ერთად გადავდგათ, რომ მოსახლეობაში არ იყოს პანიკა და ადამიანებს არ გაუჩნდეთ განცდა, რომ ინდივიდუალურად უნდა დაიცვან სამშობლო და ახლა ამ დაცვაში ბევრი გულისხმობს რუსი მოქალაქის წინააღმდეგ რაღაც სისულელის ლაპარაკს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მარინა ჩიტაშვილი - ხელისუფლების მიერ საქართველოში  რუსეთის მოწვევა და რუსეთის დახმარებით ძალაუფლების შენარჩუნების სცენარი, ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტია
ლევან ლორთქიფანიძე - ივანიშვილის ერთპიროვნული, შეუზღუდავი მმართველობის პირობებში კატასტროფა გარდაუვალია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყველას, ვისაც გვიყვარს ეს ქვეყანა და ვერასდროს შევეგუებით ძალადობას, ცხელი გულით და ცივი გონებით მოქმედება გვმართებს!
PSP ჯგუფი განცხადებას ავრცელებს