ქართული პრესის მიმოხილვა 14.03.2022

თორნიკე შარაშენიძე - “მოაწყობს თუ არა პუტინი ბირთვულ კატასტროფას?!”

რისი ეშინიათ სოხუმსა და ცხინვალში - მოსკოვის ახალი მითითებები და შემცირებული ფინანსური დახმარება

რამაზ საყვარელიძე - “ახლა გაწონასწორებულ და მშვიდ მდგომარეობაში ყოფნა აუცილებელია ჩვენთვის”

გაჭიანურებული ომის ქრონიკები - კიევის ალყისთვის ემზადება, რუსები კი მთავარი შეტევის მიმართულებებს ცვლიან

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე - “ასეთ ომს იგებს ხალხი”

* * *

თორნიკე შარაშენიძე - “მოაწყობს თუ არა პუტინი ბირთვულ კატასტროფას?!”

“უკრაინა ასე იბრძვის სწორედ იმიტომ, რომ ერთიანია მთავრობა, ჯარი და ხალხი და თან სამივე თავგანწირვით ომობს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვითარება მძიმეა. ვიცით, რომ მარიუპოლში უკრაინის არმიის ნაწილი ალყაშია. ამ ქალაქის დაკარგვა უკრაინისთვის დიდი დარტყმა იქნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამით ომი დასრულდება. კიევის აღება ოკუპანტისთვის თითქმის დაუძლეველ ამოცანად იქცა, ამის გარეშე კი ვერ წარმომიდგენია, პუტინმა უკან დაიხიოს და ომი შეწყვიტოს. რთულია დაზუსტებით თქმა, რას აპირებენ რუსეთში, რა აქვთ ჩაფიქრებული, მაგრამ ცხადია, პუტინს სჭირდება სამხედრო წარმატება იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, სხვა შემთხვევაში მას ძალიან გაუჭირდება”, - აცხადებს ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “მოაწყობს თუ არა პუტინი ბირთვულ კატასტროფას?!” / “ერთხელ რომ თქვი, სანქციებს ვერ ვუერთდებიო, აღარ არის აუცილებელი, კიდევ 20-ჯერ გაიმეორო, რათა რუსეთს გააგონო. ისედაც გაიგეს ყველაფერი...”

“ერთი ვარიანტია, დაიკავოს შავი ზღვის სანაპირო, მივიდეს ოდესამდე ან ოდესის აღებაც სცადოს, მთლიანად მიიერთოს ეს ტერიტორია და გაჩერდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, მგონია, რომ კიევის აღების გარეშე უკან არ დაიხევს, თუმცა ამას როგორ ან რამდენ ხანში მოახერხებს, თუ საერთოდ მოახერხა, რთული სათქმელია, თანაც ეს რუსეთს დიდ მსხვერპლად დაუჯდება. კიევი რომც აიღოს, უკრაინა წინააღმდეგობას ასე იოლად არ შეწყვეტს, რაც ასევე უდიდეს ზარალს მოუტანს რუსეთს. უკრაინის ოკუპაცია ადვილი არ იქნება... ეს, ფაქტობრივად, შეუძლებელია... ამას ემატება ისიც, რომ რუსეთს სანქციები უფრო და უფრო მოახრჩობს და საბოლოოდ პუტინი მაინც მარცხისთვის არის განწირული. უკვე ჩანს, რომ იმაზე გაცილებით მეტი წააგო, ვიდრე მოიგო. ვერ წარმომიდგენია, რა უნდა მოხდეს, რომ უკრაინაში შეჭრა, ეს აგრესია, საბოლოოდ რუსეთისთვის კარგად შემობრუნდეს. უკანდასახევი გზა პუტინს აღარ აქვს, ამიტომაც არის საფრთხე, რომ ის უარს არაფერზე იტყვის. ვხედავთ, რომ ომში დაქირავებული მებრძოლების ჩართვას ცდილობენ. არ გამოვრიცხავ, პირდაპირ ქალაქების ნგრევაც დაიწყოს, როგორც გროზნოში გააკეთა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თორნიკე შარაშენიძე.

“რაც შეეხება დასავლეთის მოქმედებას, ჩემი აზრით, კეთდება მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც ამ ეტაპზე შეუძლიათ. უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ - დასავლეთის ქვეყნების მთავრობები პასუხს აგებენ საკუთარ მოქალაქეებთან და დარწმუნებული ვარ, არც ერთი ქვეყნის მცხოვრებთ რუსეთთან ომი არ სურთ, ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასავლეთი აკეთებს ყველაფერს - უკრაინას აწვდის იარაღს, რუსეთს უწესებს უმძიმეს სანქციებს... ისიც გავითვალისწინოთ, რომ ეს სანქციები აზარალებს დასავლეთსაც. ასეთ მძიმე სანქციებს რუსეთიც არ ელოდა, ბრძოლაში არმიით ჩართვის ვალდებულება კი არც ერთ ქვეყანას არა აქვს, რადგან უკრაინა ნატოს წევრი არ არის. ამ კონფლიქტში ნატოს ეგიდით სამხედრო მონაწილეობა მესამე მსოფლიო ომის საფრთხეს წარმოშობს...” - განაგრძობს რესპონდენტი.

“სამწუხაროდ, ამ ეტაპზე მოლაპარაკებებით შედეგის მიღწევის შესაძლებლობას ვერ ვხედავ. რუსეთი ამ მოლაპარაკებებს თანხმდება მხოლოდ იმიტომ, რომ პუტინმა უთხრას თავის მოსახლეობას, ჩვენ ველაპარაკებით, მაგრამ ისინი ჯიუტობენ, არაფერს თმობენო. ზელენსკი ცდილობს, ყველა ხერხი გამოიყენოს და დაანახოს მსოფლიოს, რომ ყველაფერს აკეთებს ომის შესაჩერებლად, მაგრამ, ვფიქრობ, არც ერთ მხარეს არა აქვს ილუზია, რომ მოლაპარაკებებით რამე გადაწყდება. ვთქვათ, უკრაინამ თქვა, არ შევალთ ნატოშიო, მაგრამ რუსეთი ამას არ დათანხმდება, რადგან პუტინს სჭირდება უფრო მნიშვნელოვანი შედეგი. გავიხსენოთ, ომის დაწყებამდეც რას ითხოვდა - სულ მცირე, ყირიმის აღიარებასა და ნეიტრალიტეტს. ახლა, როცა ომი დაიწყო, უკან ვეღარ დაიხევს და მხოლოდ უკრაინის მიერ ნატოზე უარის თქმას არ დასჯერდება. მეორე მხრივ, უკრაინაც საკუთარი ტერიტორიის ნებაყოფლობით დათმობას არ შეეგუება”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“რაც შეეხება რუსეთის დაშლას, ძალიან რთული შეკითხვაა... რუსეთის დაშლა არ იქნება ასეთი მარტივი პროცესი და არც მგონია, მისი დაშლა ამ ეტაპზე ვინმეს სურდეს. მას აქვს უზარმაზარი ბირთვული არსენალი, რაც, ამ ქვეყნის დაშლის შემთხვევაში, შესაძლოა, მსოფლიოსთვის დიდ ხიფათად იქცეს. გარდა ამისა, მის დაშლას შეიძლება მოჰყვეს ისლამური ტერორიზმის გამოღვიძება თუნდაც ჩვენს მეზობლად და ა.შ. მოკლედ, რუსეთის დაშლა მთლად სანატრელი ამბავი არ არის, მისი დასუსტება კი გარდაუვალია. აი, ამის მერე როგორ გადანაწილდება მსოფლიო, როგორ შეიცვლება ბალანსი, ეს არის საინტერესო. რუსეთი ისე დასუსტდება, რომ ეს დაასუსტებს მის მეზობელ ჩინეთსაც თუ პირიქით, რუსეთის დასუსტებით გაძლიერდება ჩინეთი, რომელიც რუსეთს თავის უმცროს პარტნიორად აქცევს. ჯერჯერობით რამის დაზუსტებით თქმა რთულია. ამ ეტაპზე მე ის უფრო მაშფოთებს, ჩვენ როგორ გამოვძვრებით ამ ვითარებიდან”, - თვლის თორნიკე შარაშენიძე.

“მინდა ვთქვა, რომ ჩერნობილში ბირთვული კატასტროფის მოწყობა რუსეთს უკრაინაზე ნაკლებად არ დააზარალებს. ასევე დაზარალდება მისი პარტნიორი ბელარუსი, ამიტომაც, ვფიქრობ, ამას არ ჩაიდენს, თუმცა რუსეთისგან ვერაფერს გამოვრიცხავთ - თუ ძალიან გაუჭირდა, შესაძლოა, გამოიყენოს მცირე ტაქტიკური ბირთვული იარაღი ან რომელიმე სხვა აკრძალული იარაღით სცადოს უკრაინის, მისი საზოგადოების მორალურად გატეხა. ნატოს ქვეყნებს, ჩემი აზრით, რუსეთი ვერაფერს გაუბედავს, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ პუტინს აკვიატებული ჰქონდა ბელარუსი და უკრაინა - ამ სლავური ერების დაკარგვა იყო მისთვის განსაკუთრებულად მტკივნეული. ხომ ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი სწორედ პუტინის ახირებაა! ომის დაწყებას მთავრობა რომ არ მიესალმებოდა, დავინახეთ იმ ცნობილი შეკრების ტრანსლირებისას, რომელიც ომის დაწყებამდე გამართა პუტინმა”, - ამტკიცებს რესპონდენტი.

“უკრაინასთან დაკავშირებით საქართველოს არაფერი გაუფუჭებია, მეტიც, ძალიან სოლიდარულია ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლების ისეთი რიტორიკის მომსწრენი გავხდით, რომ ყველაფერს ხაზი გადავუსვით. ისეთი ტონით არ უნდა თქვა, სანქციებს არ ვუერთდებიო, რომ ეს ჯიბრით გაკეთებულს ჰგავდეს. ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, პოსტსაბჭოთა სივრციდან არავინ შეერთებია ამ სანქციებს, მაგრამ საქართველოს მთავრობის გარდა არავინ ჩაუქოლავთ ამის გამო. ამას ნამდვილად მოხერხება უნდა... ჩვენს ხელისუფლებაში ზოგიერთს, უკაცრავად, მაგრამ აკლია დიპლომატიურობა და მეტისმეტად როყიო ენა აქვს. გვარს არ დავასახელებ, კი იცით, ვინც არის კოლმეურნეობის თავმჯდომარე... როგორც აღმოჩნდა, ჩვენ არათუ რუსეთში გასატანი, ჩვენი საკმარისი რძის პროდუქტიც არა გვაქვს, არადა, მათთან ისე მივიდა ეს ამბავი, თითქოს ქართველები ხვალვე გეგმავენ რძის პროდუქტების რუსეთში გატანას. რა თქმა უნდა, რომც გქონდეს ჭარბად რძე და ყველი, ამ ვითარებაში რუსეთში არ უნდა გაიტანო, მაგრამ რომ არა გაქვს გასატანი, რა შესაძლებლობაზე ლაპარაკობ? სოფლის მეურნეობის მინისტრმა ხომ უნდა იცოდეს, რა აქვს გასაყიდი ქვეყანას და რა არა? საოცარია, როგორ უნდა მოახერხო ასეთი სიბრიყვის თქმა?! ერთხელ რომ თქვი, სანქციებს ვერ ვუერთდებიო, აღარ არის აუცილებელი, კიდევ 20-ჯერ გაიმეორო, რათა რუსეთს გააგონო. ისედაც გაიგეს ყველაფერი...”, - ამბობს ექსპერტი.

“რომელი ხელისუფლებაც უნდა იყოს საქართველოში, თუ ჩვენი ქვეყანა არ გახდა ნატოს წევრი, ან აქ არ დაფუძნდა აშშ-ის სამხედრო ბაზა, რუსეთთან გამკლავება ძალიან გაგვიჭირდება, ეს კი, ძირითადად, დამოკიდებულია აშშ-ის მთავრობაზე და ნაკლებად - საქართველოს ხელისუფლებაზე. შევთანხმდეთ, ნატო იმიტომ არის ძლიერი, რომ იქ არის აშშ. საქართველოს დაიცავს მხოლოდ აშშ-თან ალიანსი. ამ ეტაპზე საქართველოში, ნატოსგან განსხვავებით, აშშ-ის ბაზის გახსნა გაცილებთ რეალურია. ამისთვის ხელისუფლება უნდა მუშაობდეს, თუმცა, რა თქმა უნდა, არა - საჯაროდ. ამას სჭირდება კულუარული მოლაპარაკებები. თავის დროზე შევარდნაძემ ჩუმად, ზედმეტი აურზაურის გარეშე მოახერხა წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის დაწყება, რაც პოსტ ფაქტუმ გაიგეს რუსებმა. ასე უნდა ხდებოდეს ახლაც. ვერ დავიჩემებ, რომ დღეს ჩვენი ხელისუფლება ამ მიმართულებით მუშაობს, არაფერი ვიცი, არადა, კარგი იქნებოდა, მუშაობდეს”, - დასძენს შარაშენიძე და შეკითხვაზე - “ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო ხანს საქართველოში რუსეთის 25 ათასამდე მოქალაქე შემოვიდა.. არსებობს ვარაუდი, რომ რუსეთმა, შესაძლოა, საქართველოს გამოყენებითაც სცადოს სანქციებისთვის გვერდის ავლა...” - პასუხობს:

“ეს ისეთი საშარო საქმეა, ქვეყანასაც და ხელისუფლებასაც ისეთი დარტყმა მიადგება, არა მგონია, ვინმე ამას დასთანხმდეს. თუ საქართველო დასავლეთის მხარდაჭერას დაკარგავს, დარწმუნებული ვარ, ამ მთავრობისგან აღარაფერი დარჩება. იმედია, ქვეყანა მაინც გადარჩება. საქართველოს ხელისუფლებას ახასიათებს სიფრთხილე, ზოგჯერ - გადამეტებულიც, სულ თითის წვერებზე დადიან, ამიტომ, არა მგონია, ეს გაბედონ”.

რისი ეშინიათ სოხუმსა და ცხინვალში - მოსკოვის ახალი მითითებები და შემცირებული ფინანსური დახმარება

“რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთისათვის დაფინანსების შემცირებას გეგმავს. ამის შესახებ განცახდება რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დმიტრი ვოლვაჩმა გააკეთა. “რეზონანსთან” საუბრისას კონფლიქტოლოგები ამბობენ, რომ ეს შესაძლოა საქართველოსთვის გარკვეული შანსიც კი აღმოჩნდეს, რათა ცხინვალსა და სოხუმს უკეთესი პირობები შევთავაზოთ. მოსკოვს სურს, რომ ოკუპირებული ტერიტორიები ნაკლებად იყვნენ ფინანსურად მასზე დამოკიდებულები და ამისთვის თავადვე უნდა მოიზიდონ ინვესტიციები საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების გზით. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს განსაკუთრებით მტკივნეული თემაა აფხაზებისათვის, რადგან “საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაში” მოსკოვი მიწის გაყიდვაზე აკრძალვის გაუქმებას გულისხმობს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რისი ეშინიათ სოხუმსა და ცხინვალში - მოსკოვის ახალი მითითებები და შემცირებული ფინანსური დახმარება.

“რაც შეეხება ადრე დაანონსებულ ინფრასტრუქტურულ და სხვა ტიპის პროექტებს, მათი პრაქტიკული განხორციელება, რუსეთისათვის დაწესებული მასშტაბური სანქციებისა და მწვავე ფინანსური კრიზისის ფონზე, პრაქტიკულად გამორიცხულია. მაგალითად, სოხუმის აეროპორტისა და აფხაზეთის რკინიგზის რეაბილიტაცია. კონფლიქტოლოგების ცნობით, როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალის რეგიონში, საზოგადოების განწყობები მეტად პესიმისტურია. მიზეზი აქაც ისაა, რომ ორივე “რესპუბლიკა” მთლიანად რუსულ დოტაციებზე დამოკიდებული და კარგად აცნობიერებენ, რომ რუსეთს მათთვის უკვე აღარ სცალია. დმიტრი ვოლვაჩი სოხუმში 9 მარტს იმყოფებოდა და დე ფაქტო ხელისუფლების ლიდერებს შეხვდა და განუცხადა, რომ მოსკოვი უახლოესი 3 წლის განმავლობაში ეტაპობრივად შეამცირებს მათ დახმარებას. მისი თქმით, სოხუმმა და ცხინვალმა ინვესტიციები თავად უნდა მოიზიდონ, რეგულაციები გაამარტივონ და საინვესტიციო კლიმატი გააუმჯობესონ, რათა კიდევ უფრო გაზარდონ საკუთარი საბიუჯეტო შემოსავლები. ვოლვაჩმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვი ორივე რეგიონს კანონებისა და მარეგულირებელი ჩარჩოების შემუშავებაში, ასევე სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და სამრეწველო პროექტებისთვის სესხებზე პროცენტების სუბსიდირებაში დაეხმარება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ინტერვიუში ასევე აღნიშნა, რომ აფხაზეთის მშპ, სადაც დაახლოებით 250 000-ზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს, 32 მლრდ რუბლს შეადგენს, მაშინ როდესაც რუსეთის დახმარება 2021 წელს 5 მილიარდ რუბლზე მეტი იყო. ცხინვალის რეგიონის მშპ, რომლის მოსახლეობა, დაუდასტურებელი მონაცემებით, 50 000-ს შეადგენს - 6.1 მლრდ რუბლია, ხოლო რუსული დახმარება, რომელსაც ოკუპირებული რეგიონი იღებს, 7.2 მლრდ რუბლს შეადგენს. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი “რეზონანსთან” ამბობს, რომ რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებები და მითითებები საკმაოდ მკაფიო და კატეგორიული იყო - ისინი ოსებსა და აფხაზებს ხელის გატოკებისკენ მოუწოდებენ”, - განაგრძობს გამოცემა.

“ეს არის ძალიან მკაფიო მითითება აფხაზებისთვის იმაზე, რასაც წლების განმავლობაში რუსეთი ვერ ახერხებს. ეს არის კერძო საკუთრების გასხვისება. დღემდე აფხაზეთში მიწა სახელმწიფო საკუთრებად ითვლება და მისი გასხვისება ან გაყიდვა დაუშვებელია. ამ ფონზე ეს რუსების ბოლო გაფრთხილება შეიძლება იყოს - ბოლოს და ბოლოს ჩამოყალიბდით მიწას ყიდით თუ არა, თორემ უარეს სიტუაციაში აღმოჩნდებითო. საქართველოს შეუძლია ეს სიტუაცია გამოიყენოს და აფხაზებს დაელაპარაკოს. თუკი ჩვენ შევთანხმდებით ფედერაციის მოწყობის ფარგლებში, 20 ან 30 წლით მიწაზე საკუთრებას აფხაზეთის ხელისუფლება განკარგავს - ფედერაციის პირობებში რაღაც ამ ტიპის შეთანხმება შესაძლოა შედგეს. მოკლედ გამოსავლის ძებნა შესაძლებელია, თუკი მოვინდომებთ. მათი საბაზისო ღირებულებები საკუთრებაზე, მიწაზე უძრავ ქონებაზე, მეტ-ნაკლებად გაგებული და მიღებული იქნება. ამის შეტყობინება აფხაზებს უნდა გავუგზავნოთ. თუმცა. რასაც მე ვუყურებ, ჩვენი ხელისუფლება ამაზე საერთოდ არ ფიქრობს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“აფხაზებს უფრო ტურიზმი აქვთ და აქედან გარკვეულწილ შემოსავალს იღებენ. თუ თავის ტურისტულ ბიზნესს სწორად წარმართავენ, გაღატაკებული რუსები, დასასვენებლად აფხაზეთში წავლენ. აფხაზეთს აქვს შანსი, რომ ტურისტული ბიზნესიდან რაღაც შემოსავალი ჰქონდეთ. ამიტომაც გააფრთხილა რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, რომ აფხაზეთს ამ სანქციების ფონზე ფასი ედება. რუს ბიზნესმენებს არ უნდათ ეს შანსი ხელიდან გაუშვან. ეს უკვე მკაფიო შეტყობინებაა - აპირებენ თუ არა აფხაზები ასეთ დროს რუსულ ეკონომიკაში ჩართვას. სხვაგვარად ეს მუქარაც არის, რომ ხელფასებს ვეღარ გადაუხდიან და ვერც დაფინანსებას მისცემენ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“მე მგონი აფხაზებს ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა მოუწევთ. სხვა გზა უბრალოდ არ აქვთ. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის ქართველებისთვის ძალიან დიდი პრობლემა იქნება. თუკი ჩვენს მიწაზე რუსი ბიზნესმენები სასტუმროებს ააშენებენ და ამ ტერიტორიებს საკუთრებაში გაიფორმებენ, რა თქმა უნდა, დიდი პრობლემაა. საქმე უკვე არა აფხაზებთან, არამედ პირდაპირ რუსებთან გვექნება. ჩვენ ხომ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი უკვე დიდი ხანია დავთმეთ და დიალოგის დონეზეც აღარ ვკონტაქტობთ. არ ვეუბნებით, მოდი დაგეხმარებით და რაღაცა მოვაგვაროთ. ადრე თუ გვიან აფხაზებს ამ გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ და ეს საქართველოსთვის დიდი პრობლემაა”, - მიიჩნევს ზაქარეიშვილი.

“კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი კი მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ განცახდების დონეზე გაკეთდა, მაგრამ აფხაზეთში და ცხინვალში მაცხოვრებელ მოქალაქეებზე რუსეთისთვის დაწესებული სანქციები უკვე აისახა. მოსახლეობა აქტუალურად კითხულობს რა იქნება შემდეგ და შიში აქვთ, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მთლიანად გაუარესდება. „ცხინვალიც და აფხაზეთიც ახლა მთლიანად რუსეთიდან ფულად გადარიცხვებზეა დამოკიდებული. თუ აფხაზეთში ტურისტული სეზონი მაინც არის, სამხრეთ ოსეთი სრულიად რუსეთზეა მიბმული. თუმცა, აფხაზეთშიც ნახევარი ბიუჯეტი რუსეთიდან ფინანსდება. ამიტომ მოსახლეობაში ძალიან დიდი შიში გაჩნდა და ეს პირად კომუნიკაციებშიც ჟღერდება”, ამბობს ბენდიანიშვილი, რომლის თქმით, როდესაც იქ მცხოვრებ ადამიანებს ესაუბრება, ძალიან შეშინებულები არიან და ამბობენ “ახლა ჩვენ რა გვეშველებაო”, - დასძენს გამოცემა.

“მომდევნო წლებში ეს უკვე რეალურად აისახება მათ ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ბევრი ადამიანი სამსახურს დაკარგავს. შემცირდება ე.წ. საბიუჯეტო შტატები და რუსები ორივე ე.წ. სახელმწიფოსთვის ნაკლებ დაფინანსებას გამოყოფს. თუმცა ეს ხალხი ისევ რუსეთში წავა. ძირითადად ეს გადინება და მიგრაცია მაღალია. მით უმეტეს უმუშევარი ხალხის გადინება უფრო სწრაფად მოხდება. ჩვენი კი უნდა ვეცადოთ, რომ უფრო მეტი ეკონომიკური და პოლიტიკური მხარდამჭერი პროგრამები შევთავაზოთ. არანაირად არ უნდა მოხდეს იმ სამშვიდობო კურსიდან გადახვევა, რადგანაც დასავლეთის მხარდაჭერას სრულიად დავკარგავთ. ჯერჯერობით არაფერი განსაკუთრებული არ უნდა ვქნათ. ვფიქრობ აფხაზეთისთვის რუს ბიზნესმენებს ნამდვილად არ ეცლებათ და იქ რაიმეს მშენებლობისთვის არავის სცხელა. ღრმა ეკონომიკური კრიზისის პირობებში მათ ბიზნესის გაფართოვება კი არა, გადარჩენა დასჭირდებათ. თუმცა ბევრი ადამიანისთვის, ევროპული კურორტების დაკეტვის შემდეგ, აფხაზეთში ტურისტული ინფრასტრუქტურა უფრო აქტუალური გახდება”, - დაასკვნის ზურაბ ბენდიანიშვილი.

რამაზ საყვარელიძე - “ახლა გაწონასწორებულ და მშვიდ მდგომარეობაში ყოფნა აუცილებელია ჩვენთვის”

“აშშ-ის ელჩმა ძალიან საყურადღებო რამ თქვა. მან აღნიშნა, რომ ნათლად იგრძნობა საქართველოს მხარდაჭერა უკრაინისადმი, რაც მისასალმებელია და ასევე მისასალმებელია ფრთხილი პოლიტიკა. სოცქსელებში კი ჩანს, რომ საზოგადოების ნაწილს ფრთხილი პოლიტიკა შიშად მიაჩნია და ეს როგორ გვეკადრება ქართველებსო, გაიძახის. თავგანწირვა გამართლებულია რამდენიმე შემთხვევაში: როდესაც ადამიანი პიროვნულად სწირავს თავს, თორემ მთელი ერის გაწირვა კრიტიკას იმსახურებს და მეორე - როდესაც მტერი არ გეკითხება, თავს გაწირავ თუ არა, თავს გესხმის, ქვეყანას აოხრებს, თავგანწირვა ერთადერთი გამოსავალი ხდება. უკრაინელებს სწორედ ასეთი მდგომარეობა აქვთ. საქართველოში რუსეთმა ასაოხრებელი უკვე ააოხრა და თუკი ახლა საქართველო ნებით მიიყვანს მდგომარეობას იქამდე, რომ ისევ შემოგვიტევს, ეს რუსეთს რამეს დააკლებს? ამით რუსეთის დამარცხების შანსი გაიზრდება?”, - აცხადებს ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ახლა გაწონასწორებულ და მშვიდ მდგომარეობაში ყოფნა აუცილებელია ჩვენთვის”.

“რა თქმა უნდა, ხელისუფლების ამ განცხადებებისთვის გაცილებით მისაღები ფორმის მოძებნა შეიძლებოდა, მაგრამ ეს მხოლოდ ფორმაა. მეორეა, ამ ფორმის ჯიბრით ომში ჩართვა მოითხოვო. ეს წარმოუდგენელია! არ ვიცი, გაცნობიერებული აქვთ თუ არა ეს ამ მოწოდებების ავტორებს, მაგრამ სწორედ ასეთი განცხადებებია რუსეთის საქმის კეთება. რუსეთი, რომელიც უკრაინაში მარცხდება, ეცდება, გადაინაცვლოს იქ, სადაც წარმატება უფრო გარანტირებული ექნება და პრეტენზიებიც იგივე შეიძლება ჰქონდეს საქართველოს მიმართ, რადგან ნატოსა და ევროკავშირში გაწევრებას ჩვენც ვითხოვთ. თუკი აქედან რაღაც საბაბს შევაშველებთ, ეს გამორიცხული არ გახლავთ. ამიტომ ვამბობ, რომ ეს განცხადებებია რუსეთის საქმის კეთება და არა - ხელისუფლების თუნდაც მცდარი ფორმით, მაგრამ სწორი შინაარსით ნათქვამი”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“ომის დროს ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნა ადეკვატურია თუ არა, არ ვიცი, მით უმეტეს, იმ ჯგუფის მიერ, რომლის ლიდერმა და თავად ამ გუნდმა დიდი როლი ითამაშეს საქართველოს დამარცხებაში. სხვათა შორის, მაშინ მოსახლეობას არ გამოუცხადებია, ხელისუფლება გადადგესო. ახლა ამის მოთხოვნაც რუსული საქმეა, რადგან ისევ რუსულ არხებზე ისმის, რომ საზოგადოება უკმაყოფილოა ხელისუფლებით, ეს კი ის ხელისუფლებაა, რომელსაც თვალი ნატოსკენ უჭირავს... ჩვენი მოსახლეობა ძალიან ტენდენციურია. ვისაც არ უყვარს ივანიშვილი, იტყვის, რომ ყველაფერში მართალია “ნაცმოძრაობა” და პირიქით, ვისაც სააკაშვილი არ უყვარს, იტყვის, რომ “ოცნებაა” ყველაფერში მართალი. საღ აზრს თუ გავყვებით, დავინახავთ, რომ აქტიური ჩარევის გარეშეც ვახერხებთ, უკრაინას დავეხმაროთ და მეტ-ნაკლებად ხელსაყრელ სიტუაციასაც ვინარჩუნებთ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ფაქტია, რუსეთს ელოდება ძალიან მძიმე ეკონომიკური მომავალი და ემუქრება გარდაუვალი დეფოლტი. დღეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ის უკვე დაფინანსებას ამცირებს. ამ ფონზე ჩნდება პერსპექტივა, რომ ეკონომიკურ გასაჭირში მყოფ აფხაზებსა და ოსებს ჩვენთან ნორმალური ურთიერთობის იდეა გაუჩნდეთ. ამ დროს ხელისუფლების შეცვლა, დესტაბილიზაცია, ქვეყნის ინტერესებს დააზიანებს და ეს ისევ რუსეთის წისქვილზე დაასხამს წყალს. ჯობს, სიტუაცია თავისით მომწიფდეს. ზედმეტი მოძრაობით, შესაძლოა, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინტერესები დავაზიანოთ. ახლა ჩვენთვის გაწონასწორებულ და მშვიდ მდგომარეობაში ყოფნაა აუცილებელი ყველა თვალსაზრისით”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი და შეკითხვაზე - “ევროკავშირში გაწევრების განაცხადის შემდეგ ჩნდება ვარაუდი, თითქოს ეს ხელისუფლებამ ახლა იმიტომ გააკეთა, რომ უკრაინას ხელი შეუშალოს და ეს არის რუსეთის დავალება...” - პასუხობს:

“არა მგონია, ეს მოსაზრება საზოგადოებამ სერიოზულად მიიღოს, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიცია ამას არ იტყვის. სხვათა შორის, კულებამაც რაღაც მსგავსი იგულისხმა, როდესაც თქვა, ჩვენ ვთვლით, რომ ახლა მხოლოდ უკრაინა იმსახურებს ევროკავშირში გაწევრებასო, მაგრამ ლაპარაკი იმაზე, თითქოს უკრაინის გაწევრებას ჩვენი განაცხადის გამო ხელი შეეშლება, ღიმილის მომგვრელია, რადგან ამ სამი ქვეყნიდან ყველაზე რთული ახლა ევროკავშირში უკრაინის მიღება უნდა იყოს. ჯერ ერთი, ქვეყანა გაგანია ომშია და ევროკავშირს ომის გამო ამა თუ იმ ქვეყნის მიღება უჭირს, რადგან მერე მას მოუწევს ამ ომში არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით - დევნილების შეკედლება და ეკონომიკური დახმარებაც მისი პასუხისმგებლობა იქნება. უკრაინასთან დაკავშირებით ახლა ბევრი ისეთი საკითხი იჩენს თავს, როგორიც არ არის საქართველოსა და მოლდოვის შემთხვევაში, ასე რომ, საქართველო ვერ იქნება უკრაინისთვის ხელის შემშლელი”.

“სხვათა შორის, ოპოზიციის ნაწილი ძალიან კონსტრუქციულად იქცევა. მაგალითად, გიორგი ვაშაძე არის უკრაინაში, ძალიან პოზიტიურ და ადეკვატურ შეფასებებს აკეთებს და თავისი იქ ყოფნაც არავისთვის დაუყვედრებია. ჩანს, ოპოზიციაშიც ნელ-ნელა მკვიდრდება ნორმალური ოპოზიციონერობის სტილი, რომელიც აღარ იქნება აგებული დოსთვის მარილის დაკლების პრინციპზე. იმედი ვიქონიოთ, რომ ამ კრიზისში საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობა მშვიდობიანად ჩაივლის, მერე კი, როცა უკრაინა გაიმარჯვებს და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს თავისი ტერიტორიიდან გააძევებს, ბევრ საკითხზე საერთო პოზიციების შემუშავებაც მოხერხდება”, - დასძენს რამაზ საყვარელიძე.

გაჭიანურებული ომის ქრონიკები - კიევის ალყისთვის ემზადება, რუსები კი მთავარი შეტევის მიმართულებებს ცვლიან

“უკვე მესამე კვირაა, რაც უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება და რამდენიმე დღის შედარებითი სიმშვიდის შემდეგ, სამხედრო ანალიტიკოსები შეტაკებათა ინტენსივობის ზრდას პროგნოზირებენ. მათი აზრით, რუსული სარდლობა სტრატეგიას ცვლის და ძირითადი დარტყმები აღმოსავლეთისა და სამხრეთის მიმართულებითაა მოსალოდნელი. თუმცა, ძირითადი ქალაქები კვლავ უკრაინის ხელისუფლების კონტროლქვეშაა. არაოფიციალური ინფორმაციით, ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი უკრაინაში იმყოფება. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსებმა უკრაინაში უკვე გადაისროლეს რამდენიმე ათასი სირიელი მებრძოლი. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს ცნობები, სხვა ყველაფერთან ერთად, რუსების მიერ ახალი შეტევების მზადებაზე მიუთითებს. პარალელურად გააქტიურებულია რამდენიმე დიპლომატიური არხი ომის შესაჩერებლად. ასევე პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ონლაინ-მოლაპარაკება უშუალოდ მებრძოლი მხარეების წარმომადგენლებს შორის, თუმცა ანალიტიკოსები შეთანხმების პერსპექტივას ამ ეტაპზე ვერ ხედავენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით გაჭიანურებული ომის ქრონიკები - კიევის ალყისთვის ემზადება, რუსები კი მთავარი შეტევის მიმართულებებს ცვლიან.

“კვირას რუსულმა ძალებმა ლვოვთან მდებარე სამშვიდობო და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრზე რვა რაკეტით საჰაერო დარტყმა განახორციელეს. შედეგად 35-მდე პირია გარდაცვლილი, დაშავებულია სულ მცირე 134 ადამიანი. უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი ამას ტერორისტულ თავდასხმად აფასებს და აცხადებს, რომ ცენტრში უცხოელი ინსტრუქტორები მუშაობდნენ. ქალაქ ნიკოლაევში რუსების მიერ განხორციელებულ ავიადარტყმას სულ მცირე 9 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაჭრილები. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, რუსულმა ავიაციამ გაზის ტურბინების სამეცნიერო-საწარმოო კომპლექსი “ზარია” დაბომბა. ლუგანსკის რეგიონის ქალაქებში - ლისიჩანსკსა და პოპასნაიაში რუსი ოკუპანტების დაბომბვის შედეგად გაზსადენები დაზიანდა. აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად სვიატოგორსკის ლავრა დაზიანდა, სადაც 520 დევნილი, მათ შორის 200 ბავშვი აფარებდა თავს. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის სასულიერო პირებიც. უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპრუდსკის მერი გაიტაცეს. მელიტოპოლის მოსახლეობა კი უკვე გატაცებული მელიტოპოლის მერის, ივან ფედეროვის გათავისუფლებას ითხოვს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“კიევი ბლოკადისთვის ემზადება. ქალაქი სურსათის ორკვირიანი მარაგით შეივსო იმ 2-მილიონიანი მოსახლეობისთვის, რომელიც ქალაქში დარჩა. უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო “ტელეგრამის” საშუალებით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი უკრინაშია და სარდაფში ზის. მან კადიროვს მიმართა რომ ის “უნდა გამოჩნდეს და ვირთხასავით სარდაფში არ უნდა იმალებოდეს”. უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების პირველი რაუნდი 28 თებერვალს გაიმართა. მეორე რაუნდი უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე 3 მარტს, მესამე რაუნდი კი 7 მარტს ანტალიაში. მეოთხე რაუნდის გამართვის ზუსტი დრო ჯერ უცნობია”, - განაგრძობს გამოცემა.

“როგორც კი შემუშავდება სამართლებრივი ფორმატები, დაინიშნება შეხვედრა - მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი. ეს შეიძლება იყოს ხვალ, ზეგ. ახლა მოლაპარაკებების მაგიდაზე არის სხვადასხვა წინადადებები, არის ათობით წინადადება. ჩვენ განვიხილეთ ყველა საკითხი. ახლა ვცდილობთ ამ საკითხების ლეგალურ ფორმატში ჩასმას”, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძრვანელი მიხაილო პოდოლიაკი. მანვე რუსულ “კომერსანტთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ მეომარ მხარეებს შორის მოლაპარაკება ონლაინ ფორმატში პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. გარდა ამისა, პოდოლაკის ინფორმაციით, კიევი და მოსკოვი მოლაპარაკებების პროცესში “კომპრომისისკენ მიდიან”. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით კი, თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რა დროსაც ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ არ არის წინააღმდეგი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს. მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინს იერუსალიმში პირისპირ შეხვედრა შესთავაზა”, - დასძენს გამოცემა.

“გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართეს. საუბარი 75 წუთს გაგრძელდა. ლიდერებს შორის მოლაპარაკებები წარმოადგენდა უკრაინაში ომის შეწყვეტის საერთაშორისო ძალისხმევის ნაწილს. ოლაფ შოლცმა და ემანუელ მაკრონმა ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ და კონფლიქტის დიპლომატიური გზებით მოგვარებისკენ მოუწოდეს... ჯიპა-ს ასოცირებული პროფესიორი და საგარეო საკითხების ექსპერტი თენგიზ ფხალაძე “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ რაზედაც პოდოლიაკი საუბრობს, ესაა მოლაპარაკებების ერთი მხარე, რომელიც უსაფრთხო კორიდორებს და ტყვეების გაცვლას გულისხმობს. რაც შეეხება მოლაპარაკებების მეორე მხარეს, შესაძლოა პოლიტიკური მოლაპარაკებები შედგეს, თუმცა ცეცხლის შეწყვეტა ჯერჯერობით მიუღწეველი საკითხია”, - წერს სტატიის ავტორი.

“რაზედაც ახლა პოდოლიაკი ლაპარაკობს, ჩვენი საზოგადოებისთვის გასაგები რომ იყოს, ეს დაახლოებით იგივეა, რაც ჩვენი ინციდენტების პრევენციის და რეაგირების მექანიზმი, სადაც ძირითადად რამდენიმე თემაა. ესაა ჰუმანიტარული კორიდორი, რომ ელემენტარულად ბავშვებმა და ქალებმა გამოსვლა მოახერხონ, რასაც სამწუხაროდ რუსეთი არ ასრულებს და არღვევს. ასევე საუბარია ცხელ ხაზზე, ასევე საუბარია ტყვეების შესაძლო გაცვლაზე, გვამების გადასვენებაზე. რაც შეეხება მოლაპარაკებების მეორე მხარეს, რომელშიც შესაძლოა პოლიტიკური მოლაპარაკებები შედგეს, შუამავლობას ბევრი მხარე ცდილობს. ეს ის არაა, რასაც პოდოლიაკი ლაპარაკობს. აქ უკვე შუამავლობას პოლიტიკური ლიდერები ცდილობენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ ფხალაძე.

“შაბათს ევროპელ ლიდერებს პუტინთან საუბრის მცდელობა კიდევ ერთხელ ჰქონდათ. ზელენსკიმ იერუსალიმში შეხვედრა შესთავაზა, თუმცა აქაც ისრაელის პრემიერ მინისტრის განცხადება იყო მნიშვნელოვანი, რომ მოლაპარაკებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება აზრი, თუკი მხარეები, ამ შემთხევაში რუსეთი, რაიმე სერიოზული წინადადებით მივა. დღეს, სამწუხაროდ, რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ვერ ხედავს თავისივე თავი და ქვეყანა რა მძიმე რეალობაში ჩააყენა. ამიტომაც არ მგონია, რომ ამისთვის ისინი მზად იყვნენ, თუმცა, დამერწმუნეთ, რომ ძალიან მალე იმ ძალიან მძიმე ვითარებას დაინახავენ, რაც რუსეთშია და რაც მომავალში ემუქრება. რუსეთი მოლაპარაკებებზე მაშინ ჯდება, როცა ხვდება, რომ აგებს. დღეს პუტინი, სამწუხაროდ, ამას ვერ ხვდება მიუხედავად იმისა, რომ მას პერსპექტივა ნამდვილად არ აქვს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“რეალობას არაადეკვატურად აღიქვამენ და ცდილობენ, რომ უკრაინას მაქსიმალურად დიდი ზარალი მიაყენონ. ლვოვთან დარტყმები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ რუსეთის მიზანი მთლიანად უკრაინის დაპყრობა იყო. იმიტომ არ მჯერა, რომ ახლა რუსეთი ცეცხლის შეწყვეტაზე სერიოზულად დაილაპარაკებს. ცის დახურვა ძალიან რთული თემაა, ძალიან სერიოზული უსაფრთხოების რისკებია, მათ შორის იმისა, რომ ეს ომი კიდევ უფრო ფართომასშტაბიანში გადაიზარდოს და ამიტომ ხდება თავის შეკავება, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე. ცის დახურვა იმაზეა დამოკიდებული, თუ რუსეთი რამდენად ადეკვატური ან აარაადეკვატური იქნება. მან თუ არაადეკვატური ქმედებების გააგრძელა და არეალი გააფართოვა, მაშინ პასუხიც და რეაგირებაც კიდევ უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე დღესაა”, - დაასკვნის ფხალაძე.

“სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ სამდღიანი დუმილის შემდეგ რუსულმა მხარემ ახალი გეგმა აამუშავა, შექმნა ფსიქოლოგიური ომის წარმოების ახალი სტრატეგია და როგორც ჩანს, ინფორმაცია მოიპოვა უკრაინისთვის მნიშვნელოვანი ლოკაციების თაობაზე. “ბოლო სამი დღეა საოკუპაციო ძალები საკმაოდ პასიურობდნენ. შევამჩნიე, რომ რუსებმა ამავე დროში ერთიანი საინფორმაციო ფსიქოლოგიური ომის წარმოების ცენტრი შექმნეს, ყველა რუსული ქსელი ფაქტიურად ერთი და იგივე ინფორმაციას გადასცემს. ახლა ეს დარტყმები ძალიან ცუდად მენიშნა. როგორც ჩანს, რუსეთის სპეცსამსახურებს, სამწუხაროდ, უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და გარკვეული ჯგუფების ადგილმდებარეობის თაობაზე ზუსტი ინფორმაცია გააჩნიათ. უკრაინის სპეცსამსახურებმა ამას საკმაოდ დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ”, ამბობს მაისაისა, რომლის აზრით “ეს აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მეხუთე კოლონისა და რუსული აგენტურის მუშაობა მიდის, რადგან ზუსტი დაბომბვა მოახდინეს”, - დასძენს სტატიის ავტორი.

“პოლონეთიდან რამდენიმე კილომეტრში დარტყმები - ეს ერთგვარი პოლიტიკური გადაწყვეტილებაცაა. თან გააპიარეს, რომ ნატოს ინსტრუქტორები დავბომბეთო. წინა დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ყველა კოლონა, რომელსაც უკრაინისთვის შეიარაღება გადააქვს, პირდაპირი დარტყმის ობიექტები იქნებიან. მოსალოდნელია, რომ მსგავსი ბაზები დაბომბონ, რადგან რუსების სპეცსამსახურებმა პირდაპირი დავალება მიიღეს, რომ ასეთი ტიპის კოლონებზე ნადიობა დაიწყონ. ასევე იმ სტრატეგიულ რეზერვებს დაარტყან, რომელიც დასავლეთ უკრაინაში ზელენსკის განკარგულებით შეიქმნა და საკმაოდ სერიოზულია. რუსების მთავარი მიზანია, რომ ბოლომდე გაანადგურონ ის სამხედრო აეროდრომები, რომლებიც დასავლეთ უკრაინაშია და საიდანაც უკრაინის ჯერ კიდევ არსებული სამხედრო-საჰაერო ძალების წარმომადგენლები რუსული საოკუპაციო ძალებზე ეფექტურ შეტევებს ახორციელებენ. არ გამოვრიცხავ რუსებმა მეორე ეშელონის შემოყვანაც დაიწყონ. ასადის რეჟიმის მხრიდან რამდენიმე ათასი ჯარისკაცი უკვე ჩასულია და გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანი დაეთანხმა ეს ტრანზიტი გაეტარებინა. თუმცა რამდენად მართალია, არ ვიცი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“რუსები უკვე ახალ მოდელზე გადადიან. ისინი ცდილობენ ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით ფლანგური შემოვლა გააკეთონ, ქალაქი ნიკოლაევი ალყაში მოაქციონ და განავითარონ შეტევა ოდესის მიმართულებით. მეორე მათი მნიშვნელოვანი და აუცილებელი მომენტია, რომ სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. შეიარაღებული ძალებისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების გაერთიანებით კრამატორსკის გარშემო რკალი შექმნან და უკრაინელთა საარმიო ჯგუფი “თავისუფლება” ალყაში მოაქციონ, რომელიც უკრაინის არმიის ყველაზე ბრძოლისუნარიანია შენაერთია. ეს შენაერთი 50 ათას ადამიანს მოიცავს, რუსების მიზანია, რომ ეს ალყაში მოაქციონ და თუ მოაქციეს, ეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობაზე სერიზოულ გავლენას მოახდენს. ეს ძალები ხარკოვის, დონეცკის და მარუპოლის მიმართულებასაც აკავებენ. უკრაინის გენშტაბი ამ ჯგუფს ოპერატიულ რეზერვად იყენებს, რადგან, მაგალითად, მათი ნაწილი კიევის მიმართულებით გადაისროლეს, რომლებმაც ბუჩის მიდამოებში რუსების შეტევა შეაჩერეს. ახლა რუსეთი ცდილობს, რომ შეტევა აღმოსავლეთისა და სამხრეთის მიმართულებით განავითაროს”, - განმარტავს მაისაია.

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე - “ასეთ ომს იგებს ხალხი”

“უკრაინელი ხალხი ასე მედგრად რომ დგას, რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული - ბოლო წლების განმავლობაში მათ ნამდვილი თავისუფლების გემო გაიგეს, აირჩიეს პოპულარული მთავრობა და აცნობიერებენ, რომ თავიანთი თავის განმკარგავი თავად არიან. მეორე მხრივ, მათ დაინახეს, როგორ მოექცა რუსეთი, ანუ დამნდობი არ იყო და ამისთვის თანდათან, მაგრამ საფუძვლიანად მოემზადნენ. უკრაინის მოქალაქეების ის ნაწილიც კი, ვინც ანტირუსულად არ იყო განწყობილი, საბრძოლველად განეწყო. არაერთი თანამედროვე ომის მომსწრე ვართ, მაგრამ ასეთი თავგანწირვა, როგორსაც უკრაინელი ხალხი მშობლიური მიწის ყოველი გოჯის დასაცავად იჩენს, არ გვინახავს”, - აცხადებს გენერალური შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე, პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ასეთ ომს იგებს ხალხი”.

“რუსული არმია ფაშისტებივით იქცევა. უკრაინელ სამხედროებთან რომ ვერაფერს გახდნენ, მშვიდობიან მოსახლეობას მიადგნენ: ხოცავენ ფეხმძიმე ქალებს, ჩვილ ბავშვებს, ბომბავენ სამშობიარო სახლებს. წარმოუდგენელ სისასტიკეს სჩადიან, მაგრამ ხალხი ვერ გატეხეს. ზელენსკიმ არ მიატოვა კიევი, ხალხი, ქვეყანა და ამერიკის შეთავაზების მიუხედავად, არსად წასულა... ძირითადი ბრძოლები ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარეობს. ხარკოვსა და მარიუპოლში მოსახლეობის უმეტესობა რუსულენოვანია, მაგრამ უკრაინის სწორედ რუსულენოვანმა ნაწილმა გაუმართა უმძიმესი ბრძოლები და მტერს არ დანებდა. გასულ კვირას ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას უფლებას აძლევს, რუს ოკუპანტებს პირდაპირ ესროლონ. ომში ასეც უნდა ხდებოდეს, მაგრამ ზელენსკიმ ამას ლეგიტიმური საფუძველი შეუქმნა. ეს არის ერთადერთი გზა გამარჯვებისთვის”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა ბერიძე.

“ორმხრივმა შეხვედრებმა გვაჩვენა, რომ ომი დიპლომატიური გზით ვერ დამთავრდება.­ სერგეი ლავროვი მხოლოდ ხელისუფლების პოზიციას ახმაურებს, რომელიც არარეალურია - ყირიმის აღიარებას, ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. დამოუკიდებლობასა და უკრაინის ნეიტრალიტეტს ხელს არავინ მოუწერს, მით უფრო, მაშინ, როდესაც ამ ომში რუსეთი მარცხდება - ეს ხანგრძლივი ომი იქნება. რუსეთს შეიარაღება და სხვა რესურსიც საკმარისად დარჩა, მაგრამ ასეთ ომს იგებს ხალხი, შემდეგ კი - ეკონომიკა, ინდუსტრია. თანამედროვე სამყაროში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ტექნოლოგიურ უპირატესობას, რუსეთის წინააღმდეგ კი მთელი დასავლეთია გაერთიანებული. ტაქტიკური ოპერაციები, შეტევები და ნგრევა უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარეობს, მაგრამ სინამდვილეში რუსეთის წინააღმდეგ მთელი დასავლეთი იბრძვის. პუტინს ეგონა, ორ-სამ დღეში მიაღწევდა სამხედრო უპირატესობას, რის შედეგადაც, უკრაინის მთავრობას გააქცევდა, მაგრამ ახლა შოკურ მდგომარეობაშია. რუსებს ძალიან უჭირთ მარცხის აღიარება, ამიტომ მოთხოვნებს არ ცვლიან. რუსეთმა რომ გაიმარჯვოს, უკრაინელი ხალხი უნდა გატეხოს, ეს კი ამ ეტაპზე შეუძლებელია”, - დაასკვნის გენერალური შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე.

“ჰააგის სასამართლოს უფრო ემოციური და სამართლებრივი ფუნქცია აქვს, რომ მსოფლიოს აჩვენონ, რა საშინელებას სჩადის რუსეთის არმია უკრაინაში. რადგან იმისთვის, რომ საქმე ჰააგის სასამართლომდე მივიდეს, რუსეთი უნდა დამარცხდეს და პუტინის გარემოცვა სასამართლოს დამარცხებულ რუსეთში მოსულმა ახალმა ხელისუფლებამ უნდა გადასცეს. რუსეთის ტერიტორიაზე ომს არავინ დაიწყებს, რადგან ის ბირთვული სახელმწიფოა და ბირთვული შეკავების უნარი აქვს. ამ შემთხვევაში. თუმცა, არ გამორციხავ, ლუგანსკისა და დონეცკის, ასევე ყირიმის ე.წ. ხელმძღვანელები მართლაც წარდგნენ ჰააგაში. რუსებს რომ სატანკო ბატალიონი გაჰყავთ ოკუპირებული აფხაზეთიდან და გავრცელდა ყარაბაღიდან რუსი სამხედროების გასვლის კადრებიც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკის 25% განადგურებულია და არც ადამიანური რესურსი ჰყოფნით. კიევის, ხარკოვის, მარიუპოლის, ოდესის აღებასა და შენარჩუნებას კარგად გაწვრთნილი პირადი შემადგენლობა სჭირდება, რუსეთს კი ასეთი ძალა არ ჰყავს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“თავდაცვის სამინისტრომ შეიარაღებული ძალების ძირითადი ნაწილი უკრაინაში შეიყვანა. ბოლო რეფორმის მიხედვით, შეიარაღებული ძალები ბატალიონის ტაქტიკურ ჯგუფებზე გადაიყვანა. დაახლოებით 168 ბატალიონი ჰყავს. ერთ ბატალიონში 800 კაცამდეა. ავიაციას, ლოჯისტიკასა და სხვა ნაწილებს არ ვთვლი. ერთი სიტყვით, რუსეთს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის 90%-ზე მეტი უკრაინაში ჰყავს. სომხეთში, გიუმრის ბაზაზეც ჰყავს სამხედრო ნაწილები, მაგრამ ის საბრძოლო ბაზა არ არის, უფრო ლოჯისტიკაზე გათვლილი მეწინავე ბაზაა, რომელსაც აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენებენ. ამიტომ გამოჰყავს ე.წ. სამშვიდობოები სხვადასხვა რეგიონიდან. ახალწვეულების შეკრება შეუძლია, მაგრამ ისინი უკრაინის ასჯერ უკეთ მომზადებული, გააფთრებული სამხედროებისთვის საზარბაზნე ხორცი იქნებიან. ამის გარდა, უკრაინაში უამრავი უცხოელი მოხალისე ჩავიდა ბრიტანეთიდან, კანადიდან, იქ არიან ქართველებიც და კიდევ მეტი ჩავა, რადგან ეს მხოლოდ უკრაინის ომი არ არის”, - განმარტავს ბერიძე.

“ახლა რუსეთს უკრაინელების მიყენებული დანაკარგის შევსება აფხაზეთიდან, ყარაბაღიდან და სხვა რეგიონებიდან სურს. ამავდროულად, ცდილობს ხალხის დემორალიზებას და ისეთ სამოქალაქო პუნქტებზე მიიტანა სარაკეტო იერიში, რომელთა გარშემო სამხედრო დანიშნულების ობიექტები არ არის. მისი მთავარი მიზანია, უკრაინის ხელისუფლება და ხალხი გატეხოს და ამას სასტიკი მეთოდებით ცდილობს. მარიუპოლს ალყა შემოარტყეს და მშვიდობიან მოსახლეობას ე.წ. მწვანე დერეფნებს არ აძლევენ, რაც სამხედრო დანაშაული კი არა, თემურ-ლენგის შუასაუკუნოვანი ტაქტიკაა მოწინააღმდეგის გასატეხად. საკვებისა და წყლის მარაგი ხომ იმდენი არ არის, რომ სამოქალაქოებიც გამოიკვებონ და სამხედროებიც, რომლებიც ქალაქს იცავენ, ამიტომ ცდილობენ, აშიმშილონ, სასმელი წყლის გარეშე დატოვონ, რათა როგორმე აიძულონ, დანებდნენ. ამაზეა გათვლილი მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვაც. იდეალური ჯარისკაცი ის არის, ვისაც თავგანწირვა შეუძლია, რუსეთს კი ასეთები არ ჰყავს, უკრაინისგან განსხვავებით, რომელსაც მოხალისეც ასეთი ჰყავს და მშვიდობიანი მოსახლეობაც უპრეცედენტო თავგანწირვის მაგალითს აჩვენებს. რუსეთმა ეს ფაქტორიც ვერ გაითვალისწინა”, - თვლის პოლკოვნიკი.

“ყველამ ნახა რუსი ტყვეების ვიდეომიმართვები, რომ თითქოს არ იცოდნენ, სად მიდიოდნენ. ყველამ კარგად იცოდა, სადაც მიდიოდა და ეგონათ, უეჭველად გაიმარჯვებდნენ, თუმცა ტყვედ ჩაცვივდნენ და ახლა თავის გადარჩენას უნიჭო, გულის ამაჩუყებელი სცენებით ცდილობენ... თუმცა ელიტური ქვედანაყოფების წარმომადგენელთა ანტიპუტინისტური განწყობაც ვნახეთ. ძალზე გულაცრუებული არიან. თანაც გენერალიტეტში განხეთქილება უკვე დაწყებულია, ეს კი გამარჯვების კიდევ ერთი ნიშანია. გასაგებია, რომ ბრძანებას ასრულებენ, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ისინიც ადამიანები არიან და ხედავენ, როგორ ფაშისტურად უწევთ მოქმედება: ესვრიან ქალებს, ბავშვებს, მოხუცებს... რაც მთავარია, დაინახეს, რომ უკრაინაში სრულიად განსხვავებული ვითარებაა - რუსულ არმიას ყვავილებითა და ბუშტებით არავინ დახვედრია, არადა, რუსული იდეოლოგია სწორედ ამაში ცდილობდა მათ დარწმუნებას... ასე რომ, დემოტივაციისთვის უამრავი მიზეზი აქვთ”, - დასძენს ლაშა ბერიძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა