გიგი უგულავა - სალომე ზურაბიშვილი არ არის ისეთი პოლიტიკოსი, რომელიც "ნამუსის კალიასავით" უნდა დადგეს და თუნდაც "ქოცებს" ან სხვებს ელაპარაკოს - ვისურვებდი დამენახა თვითკრიტიკული პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი არ არის ისეთი პოლიტიკოსი, რომელიც ასე, ნამუსის კალიასავით უნდა დადგეს და თუნდაც "ქოცებს" და სხვებს ელაპარაკოს. მე ვისურვებდი დამენახა თვითკრიტიკული პრეზიდენტი. თვითკრიტიკული რომ ყოფილიყო უნდა დაეწყო იქიდან, რომ მისი ნარატივი 2008 წლის ომთან დაკავშირებით არის ქვეყნის ღალატი , - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში", პრეზიდენტის მიერ პარლამენტში ანგარიშის წარდგენის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით პოზიცია არ შეუცვლია და თუ პრეზიდენტი საქართველოს საკუთარ ტერიტორიაზე ომის დაწყებაში ადანაშაულებს, მაშინ იმ საქართველოს პრეზიდენტისგან "არაფერი გამოვა".

"თვითკრიტიკული რომ ყოფილიყო, უნდა დაეწყო იქიდან, რომ მისი წიგნი, მოგონებები და მისი ნარატივი 2008 წლის ომთან დაკავშირებით ქვეყნის ღალატია. კი, მან შეარბილა პოზიცია ამასთან დაკავშირებით, მაგრამ სამწუხაროდ, არსებითად არ შეუცვლია. მას საკუთარი ძველი შეცდომის აღიარება არ უნდა, მაგრამ თუ ამას არ აღიარებს და არ გადააფასებს... მაშინ იყო კერძო პირი, დღეს საქართველოს პრეზიდენტია, საქართველოს პრეზიდენტი თუ საქართველოს ადანაშაულებს საკუთარ ტერიტორიაზე ომის დაწყებაში, მაშინ იმ საქართველოს პრეზიდენტისგან არაფერი გამოვა, მტვერი მიაყარე, მოტრიალდი და წამოდი. ეს მას კარგად უნდა ესმოდეს, თუ უნდა ამ ქვეყნის ფუნდამენტი შექმნას", - განაცხადა უგულავამ.

მისივე თქმით, ის სალომე ზურაბიშვილს ყველაფერს აპატიებდა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მადლობა რომ გადაეხადა მოხალისეებისთვის, რომლებიც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან.

"ყველაფერს ვაპატიებდი და ასეთ კრიტიკული არ ვიქნებოდი ერთი რამ რომ ეთქვა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს - მადლობა ეთქვა იმ მოხალისეებისთვის, ვინც შენთვის, ჩემთვის და მისთვის იბრძვის. ეს ეთქვა, ყველაფერზე გავჩუმდებოდი და ყველა პრეტენზიას უკან წავიღებდი", - აღნიშნა უგულავამ.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ასევე ისაუბრა უკრაინა-რუსეთის ომზე და განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ომში რუსეთი განწირულია.

მისივე თქმით, ის რასაც ჩვენი წინაპრები ვერ წარმოიდგენდნენ ისაა, რომ რუსეთის იმპერიას, რუსეთის წიაღიდანვე გამოსული ქვეყანა დაამარცხებდა, თუმცა ეს გარდაუვალია.

"ჩვენ უნდა გვესმოდეს ლოგიკა, რატომ მოქმედებს დასავლეთი ასე. ცის გადაკეტვა არ არის უბრალოდ ვთქვი და გადაიკეტა. ცის გადაკეტვა ნიშნავს იმას, რომ შენ რუსის თვითმფრინავი უნდა ჩამოაგდო, როცა ამ ცაზე შემოფრინდება. მაშინ უნდა ჩამოაგდოს ნატოს თვითმფრინავმა, რაც ნიშნავს, რომ ნატოს ჯარისკაცი და რუსის ჯარისკაცი გინდა ცაზე, გინდა ხმელეთზე, ზღვაზე, კოსმოსში ერთმანეთს ეჯახება, რაც უფრო მძაფრს ხდის კონფლიქტს.

დასავლეთის პოზიცია გასაგებია, მაგრამ ამაზე ცუდი რა შეიძლება იყოს? ამაზე ცუდი შეიძლება იყოს ზებგერითი რაკეტების, ან საერთოდ ბირთვული რაკეტების სროლა ხომ? ამაზე მეტი რუსეთს არც არაფერი დარჩა, ჩვეულებრივი კონვენციური ომის შესაძლებლობების ფარგლებში. მიუხედავად იმისა, ექნება თუ არა ცის უპირატესობა რუსეთს, რუსეთი დამარცხდება ამ ომში", - განაცხადა უგულავამ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია