გია ხუხაშვილი ხელისუფლებაზე - არც პრორუსები არიან, არც პროდასავლელები - ორი დროშა აქვთ დახლის ქვეშ დამალული, ვეღარ გაიგეს რომელი აწიონ, ხან ერთს გამოაყოფინებენ თავს, ხან - მეორეს

არ მგონია, რომ „ქოც-ნაცური“ დაპირისპირება იყოს რეალური მიზეზი, ეს უფრო საბაბად გამოიყენეს, მათ აქვთ გარკვეული დისკომფორტი ზელენსკისთან და უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, - ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ოპოზიციის ინიციატივაზე, ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოს პარლამენტისადმი მიმართვასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ უარს.

გია ხუხაშვილის განცხადებით, ზელენსკი და უკრაინელი ხალხი საქართველოსთვისაც იბრძვის, ამიტომ ზელენსკის მადლობა უნდა გადავუხადოთ.

„ოპოზიციას რა უნდა იქით იყოს, შენ რომ პარლამენტის თავმჯდომარე ხარ, მარტო ამ პარტიულ იწილო-ბიწილოზე კი არ უნდა იფიქრო, პირველ რიგში, სახელმწიფოზე და სახელმწიფო ინტერესებზე უნდა იფიქრო. ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას ყოველთვის ის ამოცანა აქვს, რომ კვანტი დაუდოს ხელისუფლებას, ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია, მაგრამ იმის გამო, რომ იმას შენთან ოპონირება უნდა, შენ სახელმწიფო ინტერესის საზიანოდ მიიღო გადაწყვეტილებები, ამას რა ჰქვია? ეს სახელმწიფო ინტერესია, რა მნიშვნელობა აქვს ინიციატივა ვისგან მოდის? „ნაციონალური მოძრაობისგან“ კი არა, „ალტ-ინფოსგან“ რომ მოდიოდეს იმასაც მივესალმები. ზელენსკის საქართველოს პარლამენტის წინაშე გამოსვლა მადლობის და აღიარების გამოხატულებაა. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ზელენსკი და უკრაინელი ხალხი დღეს მარტო უკრაინისთვის არ იბრძვის, ჩვენთვისაც იბრძვის. ისე რომ განვითარებულიყო მოვლენები, როგორც რუსეთი გეგმავდა, ანუ ბლიცკრიგით, ჩამოიყვანდნენ ამ იანუკოვიჩს, მოაწერინებდნენ ხელს ყველაფერზე და მეორე დღესვე ღარიბაშვილს მომართავდნენ, რომ იგივეზე მოეწერა ხელი - ის, რომ ალტერნატიული ისტორია არ შედგა, ეს არის უკრაინელი ხალხის და პირადად ზელენსკის დამსახურება, ასე რომ ჩვენ, არა თუ უფლება გვაქვს ამაზე ვიმსჯელოთ, არამედ ვალდებულება გვაქვს. ჯერ ეს ერთი მადლობა უნდა გადავუხადოთ და მეორეც, წმინდა პოლიტიკური პრაგმატიკით, ეს არის ადამიანი, რომლის კეთილგანწყობაზეც ოცნებობს დღეს მსოფლიოს ნებისმიერი ლიდერი. თანამედროვეობის გმირია ზელენსკი. ნებისმიერ არჩევნებს მოიგებს ნებისმიერ ქვეყანაში, ამერიკიდან დაწყებული, გერმანიით დამთავრებული, ზელენსკის კეთილგანწყობა რომელი კანდიდატისკენაც წავა“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

გია ხუხაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ხვდება, რომ დასავლეთისთვის საქართველოს მოკავშირედ შენარჩუნება მნიშვნელოვანია, ამიტომ მას შანტაჟის ენაზე ელაპარაკება.

„ჩვენ თუ დღეს დასავლეთიდან არ გვაკრიტიკებენ იმიტომ კი არა, რომ ჩვენი ხელისუფლების ამ სამარცხვინო ქმედებებს ვერ ხედავენ, იმიტომ არ გვაკრიტიკებენ, რომ ეშინიათ, ამით ჩვენს ხელისუფლებას კიდევ უფრო შორს არ უბიძგონ რუსეთისკენ. დღეს ფაქტობრივად საქართველოს ხელისუფლება, გამომდინარე იქედან, რომ ხვდება დასავლეთს რამდენად სჭირდება მოკავშირეების შენარჩუნება, შანტაჟის ენაზე ელაპარაკება დასავლეთსაც.

ხელისუფლება ხომ მარტო თვითონ არ ასხივებს ამ შიშს, ის ცდილობს, რომ საზოგადოების რაც შეიძლება დიდი ნაწილი მოიცვას, ე.წ. ირაციონალური შიში დათესოს, რომ ძალიან მარტივი რაღაცაც რომ გავაკეთოთ რუსეთის წინააღმდეგ, მაშინვე ომი დაიწყება“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, საბოლოო ჯამში საქართველოს სანქციებთან შეერთება მაინც მოუწევს.

„სანქციებთან მიერთების გამო რუსეთი ჩვენ არ და ვერ დაგვიწყებს, რამდენიმე ათეულ ქვეყანას აქვს დაწესებული და არავისთან ომი არ დაუწყია. შეიძლება გაბრაზდეს, მაგრამ ეს არ არის ომის საფუძველი.

გარდა ამისა, საბოტაჟის ტოლფასია პაპუაშვილის განცხადებაზე, აქ იმაზე კი არ არის ლაპარაკი ჩვენი მხრიდან სანქციების დაწესება რუსეთთან რაიმე პრობლემებს შეუქმნის რუსეთს, ამაზე კი არაა საუბარი, ამით ჩვენ უნდა დავადასტუროთ მარტივი რამ, რომ საქართველო არ გახდება პლაცდარმი დასავლური სანქციების გვერდის ავლის.

სანქციებთან მიერთება გახდებოდა იმის გარანტი, რომ არსებობს ამ ქვეყანაში პოლიტიკური ნება, რომ რეექსპორტის რეჟიმში არ მოხდეს შავი ხვრელის გახსნა საქართველოში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოსთვის.

საქართველოსაც ახლა მოუწევს ცოტა შეფერთხვა, ისედაც ანგარიშსწორება გაჭირდება, ჩვენ გვინდა თუ არა ამ სანქციებთან მაინც მიგვაერთებენ საბოლოო ჯამში, მაგრამ ხელისუფლების ეს პოზა ძალიან მძიმეა. ამას აქვს ძალიან მარტივი მიზეზი, არ არიან პრორუსები, ნამდვილად ვერ დავაბრალებ, არც პროდასავლელები არიან, აქვთ ერთადერთი ფასეულობა, ეს არის ძალაუფლება. შესაბამისად მათ აირჩიეს ასეთი პოზიცია, რომ მიჰყვნენ ისტორიის დინებას, მარჯვენა სანაპიროზე გარიყავს ეს დინება გააგრძელებენ გაუმარჯოს ნატო-ს ყვირილს, მარცხენა სანაპიროზე გარიყავს, იყვირებენ გაუმარჯოს წითელ არმიას, ორი დროშა აქვთ დახლის ქვეშ დამალული, ვეღარ გაიგეს რომელი აწიონ, ხან ერთს გამოაყოფინებენ თავს ხან მეორეს, ცოტა დაბნეულებიც არიან, უნდა შევიდეთ მათ მდგომარეობაში, არ არიან მარტივ სიტუაციაში“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა