ოთარ შამუგია - ქვეყანაში შემოდის შაქარი, გვაქვს როგორც ხორბლის, ისე ფქვილის მარაგები - მაღაზიებში შესაძლოა, იყოს  შეფერხება, თუმცა რამდენიმე დღეში აღმოიფხვრება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, საქართველოში პროდუქტების მარაგი არსებობს და იმპორტის პრობლემაც არ არის. მინისტრის მტკიცებით, ხორბალთან და სხვა პროდუქტებთან დაკავშირებით შეფერხებებს არ ელოდებიან.

როგორც შამუგიამ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, მაღაზიებში ზოგიერთი პროდუქტის არარსებობა გამოწვეულია იმით, რომ შესყიდვების გაზრდამ მიწოდების ჯაჭვში გარკვეული შეფერხებები წარმოშვა.

„ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს იმპორტიორებთან. ვიხილეთ გარკვეული აჟიოტაჟი შაქართან დაკავშირებით, რომელიც გამოწვეული იყო მხოლოდ იმით, რომ მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა არასაჭიროდ განახორციელა შესყიდვები მარაგების შევსების მიზნით. ეს პროცესი მიმდინარეობს ისე, რომ არანაირი შეფერხება არ არის - ქვეყანაში შემოდის როგორც შაქარი, ასევე სხვა პროდუქტები. შაქარი არ შემოგვაქვს არც რუსეთიდან, არც უკრაინიდან, ასე რომ არანაირი საფუძველი ამ აჟიოტაჟს არ ჰქონდა. არც სხვა პროდუქტებთან, არც ხორბალთან დაკავშირებით ველოდებით რამე შეფერხებებს. ჯერჯერობით ქვეყანაში არსებობს როგორც ხორბლის, ასევე ფქვილის მარაგები. ვაკვირდებით მოვლენებს, ვთანამშრომლობთ ბიზნესთან, იმპორტიორებთან და საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ მხარი დავუჭიროთ შესაბამისი ბაზრების და კონტაქტების დამყარებას, საიდანაც შესაძლებელია მომავალში კონკრეტული პროდუქციის შემოტანა გახდეს საჭირო. თუმცა, დღესდღეობით ამ მიმართულებით ვერანაირ რისკებს ვერ ვხედავთ და პროდუქციის მომარაგების კუთხით ამ ეტაპზე ყველაფერი წესრიგშია“, - განაცხადა შამუგიამ.

მისივე თქმით, მარაგების პრობლემა რომ იყოს, მაღაზიები პროდუქტით ვერ შეივსებოდა და ქვეყანაში პროდუქტის დეფიციტი იქნებოდა.

„შესყიდვების გაზრდა იწვევს მიწოდების ჯაჭვში გარკვეულ შეფერხებებს, რომელსაც გარკვეული დრო სჭირდება აღმოსაფხვრელად. გარკვეულ მაღაზიებში შესაძლოა, იყოს რაღაც დროით შეფერხება, თუმცა ეს შეფერხება აღმოიფხვრება რამდენიმე დღეში და ივსება მარაგები. მარაგების პრობლემა რომ იყოს, მაღაზიები პროდუქტით ვერ შეივსებოდა და დეფიციტი გვექნებოდა. ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით და ვაკეთებთ მონიტორინგს ბიზნესთან ერთად და უახლოეს მომავალში პროდუქციის იმპორტთან დაკავშირებით არანაირი შეფერხება არ გველოდება. რისკი ნამდვილად არ არის“, - განაცხადა შამუგიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს