ბათუ ქუთელია - ომის შემდეგ ვნახავთ გაცილებით სხვანაირ ევროკავშირსა და ნატოს - ვინც ჭკუას იხმარს, მიიღებს დამატებით უსაფრთხოების გარანტიებს, ვინც არა, დარჩება ამ პროცესების გაღმა, ისტორიის არასწორ მხარეს

ხელისუფლების ხელშეწყობით, რომელიც პირდაპირ რუსეთზე არის მიერთებული, აქ შეიძლება ბევრი ცუდი რაღაც გააკეთოს რუსეთმა, - ამის შესახებ პარტია „დროას“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბათუ ქუთელიამ „პალიტრანიუსის’ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ბათუ ქუთელიას განცხადებით, ერთადერთი, რამაც შეიძლება არსებული რისკი შეაჩეროს, საზოგადოებისა და ოპოზიციური სპექტრის აქტიურობაა.

„რას აპირებს რუსეთი? იმას, რაც მანამდე გაუკეთებია თავისი ინტერესების განსახორციელებლად და იმას, რასაც ახლა ბოლო პერიოდში უკვე ღიად ვხედავთ, პრორუსული ძალების გაძლიერებით, რომლებიც, როგორც ჩანს, პირდაპირ არიან მიბმული ხელისუფლებასთან. მათ შორის „ალტ-ინფოს“ პრორუსული მოძრაობის გაძლიერება, მეინსტრიმ პოლიტიკურ პროცესში შემოსვლა, აგრესია, ძალადობა, ასეთი დასაყრდენი როდესაც ჰყავს რუსეთს, ის ყოველთვის შიდა არეულობებს აწყობს ხოლმე. მონტენეგროს მაგალითი არის კარგი, სადაც ზუსტად იმავენაირად ცდილობდა არეულობას, შიდა კონფლიქტს, მაგრამ ბეწვზე გადარჩა მონტენეგრო. რამდენიმე თვეში ნატო-ში უნდა გაწევრიანებულიყო და სწორედ ამ პროცესის შესაჩერებლად შიდა არეულობა დადგა რუსეთმა სერბეთის სპეცსამსახურების გამოყენებით, მაგრამ მონტენეგრო გადარჩა. არ არის გამორიცხული, რომ იმავეს აკეთებდეს ჩვენთან მით უმეტეს, როცა ვხედავთ პრორუსულ რიტორიკას, ძალისმიერ ქმედებებს და ძალისმიერ პოზიციონირებას ამ „ალტ-ინფოს“ და მასთან დაკავშირებული ულტრამემარჯვენე ძალების მხრიდან, რომელიც ღიად და პირდაპირ ჩანს, რომ ხელისუფლებისგან იმართება, ფინანსურადაც და ინფორმაციულადაც. ამიტომაც, ეს ბადებს ეჭვს, რომ ხელისუფლების ხელშეწყობით, რომელიც პირდაპირ რუსეთზე არის მიერთებული, აქ შეიძლება ბევრი ცუდი რაღაც გააკეთოს რუსეთმა. ერთადერთი, რამაც ეს შეიძლება შეაჩეროს, ეს არის საზოგადოების აქტიურობა, ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის აქტიურობა და ერთი იდეის ირგვლივ საზოგადოების გაერთიანება“, - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

ბათუ ქუთელიას განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ სხვანაირ ევროკავშირსა და ნატო-ს ვნახავთ და „ვინც ჭკუას იხმარს, მიიღებს დამატებით უსაფრთხოების გარანტიებს, ვინც არა დარჩება ამ პროცესების გაღმა, ისტორიის არასწორ მხარეს“.

„ამ ომის შემდეგ ჩვენ ვნახავთ გაცილებით სხვანაირ ევროკავშირს, გაცილებით სხვანაირ ნატო-ს და სწორედ აქ ხდება მნიშვნელოვანი ის ამოცანები, რაც ჩვენ, უკრაინას და მოლდოვას გვაქვს. გაწევრიანების კუთხითაც ის ტრადიციული ბიუროკრატია აღარ იმუშავებს. ბოლო პერიოდში ევროკავშირის და ნატო-ს შიდა პრობლემები იყო ის, რომ ბიუროკრატია უფრო მეტ როლს თამაშობდა, ვიდრე პოლიტიკური გადაწყვეტილებები. ახლა ეს განტოლება შეიცვლება და ეს არის სწორედ ის შესაძლებლობის ფანჯარა, რომელსაც ან გამოვიყენებთ და ამ პროცესში ჩავერთვებით ან დავრჩებით ამ ტალღის მიღმა. ვინც ჭკუას იხმარს, მიიღებს დამატებით უსაფრთხოების გარანტიებს, ვინც არა, დარჩება ამ პროცესების გაღმა, ისტორიის არასწორ მხარეს“, - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს