მედეა მეტრეველი კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს ელისო ბოლქვაძეს ღია წერილით მიმართავს

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი მედეა მეტრეველი კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს ელისო ბოლქვაძეს ღია წერილით მიმართავს.

როგორც მედეა მეტრეველი აღნიშნავს, კულტურის სამინისტრომ ომის დაწყებიდან დღემდე, არცერთი სოლიდარობის და მხარდაჭერის სიტყვა არ გაავრცელა უკრაინის და უკრაინელი ხალხის მისამართით.

„ქალბატონო ელისო, უპირველეს ყოვლისა მოგმართავთ როგორც იუნესკოს მშვიდობის ელჩს, რადგანაც, სწორედ დღეს, თქვენი ეს სტატუსი, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეობასთან ერთად, უკრაინაში მიმდინარე ომისა და რუსული აგრესიის საფრთხეების გათვალისწინებით, ორმაგ პასუხისმგებლობას გაკისრებთ. ვფიქრობ, სწორედ საქართველოდან იუნესკოს მშვიდობის ელჩის ხმა დღეს ყველაზე ხმამაღლა უნდა ისმოდეს.

სამწუხაროდ, აღარავის გვიკვირს, რომ კულტურის სამინისტრომ, ომის დაწყებიდან დღემდე, არცერთი სოლიდარობის და მხარდაჭერის სიტყვა არ გაავრცელა უკრაინის და უკრაინელი ხალხის მისამართით, მაშინ, როდესაც ჩვენი მეგობარი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა - მუზეუმები, კოლექციები, ძეგლები - ნადგურდება და მოსახლეობა, შიშველი ხელებით, თავად იბრძვის სამხედრო თავდასხმებისგან და მაროდიორობისგან მათ გადასარჩენად... მაშინ, როდესაც მშვიდობიანი მოსახლეობა, ხელოვანები თავშესაფრებში სიცოცხლისთვის იბრძვიან და თავდასხმებისგან იღუპებიან...

იმ ფონზე, როდესაც იუნესკომ უკვე არაერთი მკაცრი განცხადებით დაგმო რუსული აგრესია, უკრაინელი ბავშვების მკვლელობები, კულტურული მემკვიდრეობის და საგანმანათლებლო დაწესებულებების განადგურება და ქვეყნის სუვერენიტეტზე თავდასხმა, თქვენი, როგორც იუნესკოს მშვიდობის ელჩის, ხმა არ ისმის, რაც არანაკლებ სამწუხაროა.

დღეს ოკუპანტი ქვეყანა მიზანმიმართულად ცდილობს გაანადგუროს და წაშალოს უკრაინელი ხალხის იდენტობის და სახელმწიფოებრიობის კვალი - მისი კულტურა და ისტორია... ისევე, როგორც საქართველოში, როდესაც სხვადასხვა დროს, მსგავსი აგრესიით, ანადგურებდა ქართული კულტურის ძეგლებს, აყალბებდა ისტორიას, დევნიდა და უმკაცრესი ცენზურის მარწუხებში აქცევდა თავისუფალ სიტყვას.

უკრაინაში მიმდინარე ომმა კიდევ უფრო ნათლად დაგვანახა რუსულ აგრესიის და რბილი ძალისგან მომდინარე საფრთხეები. უკვე აღარავის ეპარება ეჭვი, რომ საქართველოს მთავრობის პოლიტიკა ზედმიწევნით იმეორებს პუტინისტური რუსეთის ნაცად გეგმას, რომლის ნაწილია სრული კონტროლი კულტურის და განათლების სისტემებზე, როგორც საზოგადოების აზროვნების ფორმირებაზე ყველაზე დიდი გავლენის მქონე სფეროებზე.

უკანასკნელ პერიოდში, განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ხელისუფლების მხრიდან ღიად მიმდინარეობს სახელოვნებო სფეროებზე კონტროლის დამყარების მიზანმიმართული პროცესები :

რეპრესიები დაწყებულია კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში (ეროვნული მუზეუმი, ხელოვნების მუზეუმი, ქართული კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, ეთნოგრაფიული მუზეუმი, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო და სხვ.). პროფესიონალი კადრების დისკრედიტაციამ, დაშინებამ, შემოქმედებითი პროცესებიდან ჩამოშორებამ და დევნამ საშიში მასშტაბები მიიღო. საკადრო წმენდა ხორციელდება გაუმჭვირვალე რეორგანიზაციების და გაუმართავი კონკურსების გზით, რასაც უკვე შეეწირა არაერთი პროფესიონალი. გათავისუფლებულია ასობით თანამშრომელი, რომლებსაც პირად საუბრებში გათავისუფლების მიზეზად სამინისტროს და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ საჯარო შეფასებებს, საპროტესტო პეტიციებზე ხელმოწერას თუ ანტისაოკუპაციო მიტინგებზე დასწრებას უსახელებენ.

რეპრესიების მოლოდინშია არაერთი სხვა სახელოვნებო ორგანიზაცია, რაც უარყოფითად ისახება ორგანიზაციების მუშაობის ეფექტურობაზე და შესაბამისი დარგების განვითარებაზე.

კულტურის სამინისტრო გადაიქცა ერთ-ერთ ყველაზე დახურულ და გაუმჭვირვალე სამინისტროდ, რომელიც, ფაქტობრივად, არ გასცემს საჯარო ინფორმაციას. „რკინის ფარდაა“ ჩამოფარებული სამინისტროსა და კრიტიკულ მედიას შორის. (ოფიციალურ ბრიფინგებზე სამინისტროში მხოლოდ სახელისუფლებო მედიის წარმომადგენლებს უშვებენ).

2021 წლიდან სამინისტრო გახდა ხელოვნების სფეროს ერთადერთი უალტერნატივო დამფინანსებელი. ის თავად განსაზღვრავს დარგების პრიორიტეტებს, აცხადებს კონკურსებს, ქმნის კომისიებს და გასცემს პრემიებს, რითაც მიზანმიმართულად ასუსტებს ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც მის დაქვემდებარებაში წლებია აღნიშნულ საქმიანობას წარმატებულად ეწეოდა.

კულტურის სფეროში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები არათუ სრულდება, ყველა ნაბიჯი იდგმება ამ პროცესის შესაფერხებლად. ეს ყოველივე კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ხელისუფლების გეგმებში შედის არა შემოქმედებითი ინტიტუციების და დარგების განვითარება და გაძლიერება, არამედ, საბჭოური ცენტრალიზებული მართვით, მათი დასუსტება, დაშლა და თავისუფალი სივრცეების სრულად დახშობა.

ქალბატონო ელისო, სწორედ ამ საფრთხეების გათვალსიწინებით, უახლოეს მომავალში თქვენგან, როგორც კულტურის კომიტეტის თავმჯდომარისგან და იუნესკოს მშვიდობის ელჩისგან, ველით საჯარო პროცესის დაწყებას კულტურის სფეროს წარმომადგენლების მონაწილეობით სფეროში არსებული ვითარების შესასწავლად, რათა მაქსიმალურად დაცული იყოს სახელოვნებო დარგების საუკეთესო ინტერესები და თავიდან ავიცილოთ მოსალოდნელი უმძიმესი შედეგები, რამაც, შესაძლოა, შეუქცევადი გახადოს კულტურის სფეროსთვის და თავისუფალი შემოქმედებითი პროცესებისთვის მიყენებული ზარალი.

გთხოვთ, კულტურის კომიტეტის დებულების შესაბამისად, პარლამენტთან ანგარიშვალდებული კულტურის სამინისტროს საქმიანობის ზედამხედველობის მიზნით, უახლოეს მომავალში, მოიწვიოთ კომიტეტის საკონსულტაციო საბჭო და, ამავდროულად, შექმნათ კომიტეტის სამუშაო ჯგუფი წარმოდგენილი საკითხების შესწავლასთან დაკავშირებით”,- აღნიშნულია ღია წერილში, რომელსაც პარტია „ლელო“ ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა