გერმანულ მხარესთან მიღწეული შეთანხმებით ბათუმში წყლის პროექტის მეხუთე ფაზის განხორციელება იწყება

გერმანულ მხარესთან მიღწეული შეთანხმებით ბათუმში წყლის პროექტის მეხუთე ფაზის განხორციელება იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარდაჭერით, ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის, პროფესიული განათლებისა და მდგრადი ურბანული განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება.

როგორც აჭარის მთავრობაში აღნიშნავენ, საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის/KFW-ს, ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში განხორციელებული პროექტებიდან აღსანიშნავია ბათუმის წყლის თანამედროვე სისტემის განვითარების ინფრასტრუქტურული პროექტი.

„მიმდინარე წლის 21 მარტს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გერმანიის საელჩოსა და KFW-ს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე გერმანული მხარის ჩართულობითა და დაფინანსებით მიმდინარე და სამომავლო პროექტების შესახებ იმსჯელეს. კერძოდ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარაში ბათუმის წყლის სისტემის განვითარების პროექტის მეხუთე ფაზის განხორციელების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. შეხვედრაზე გერმანულ მხარესთან შეთანხმებით განისაზღვრა შემდგომი ნაბიჯები, რაც მეხუთე ფაზის პროექტის 78.8 მლნ ევროთი დაფინანსებას ითვალისწინებს (მათ შორის გერმანიის მთავრობის/KfW დაფინანსება 53 მლნ ევრო). საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში აჭარაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, ბათუმის წყლის სისტემის განვითარების ინფრასტრუქტურული პროექტის 4 ფაზა უკვე დასრულებულია.

პროექტის მეხუთე ფაზის ფარგლებში ადლიის, აეროპორტის, კახაბრის, ჩაქვის, ინდუსტრიული ზონის, ხელვაჩაურის, მეჯინისწყლის ტერიტორიაზე წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე სისტემა მოეწყობა. პროექტი ითვალისწინებს წყლის თანამედროვე სისტემების მოწყობას ბათუმის მთელ ტერიტორიაზე, ქალაქის სანიაღვრე სისტემების გამტარუნარიანობის გაუმჯობესებას, გარემოს დაბინძურებისა და მასზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ გერმანიის საელჩოს სამხრეთ კავკასიის განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელი ლიდია კრიტსმანი, KFW -ს სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი ბირგიტ ჰოლდერიდი, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე“,-აღნიშნულია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს