გიგი უგულავა - ალბათ, შორს არ არის მომენტი, როცა პარლამენტი ისევ ერთპარტიული დარჩება - რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძეს, იარა, იარა, იწვალა და „მიმინოდან“ ნუგზარი დავინახეთ, მისი განცხადება უსინდისობა იყო

„ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პუტინის კალათაში კვერცხები ჩაედო. დღეს „ქოცები“, ობერქოცები რომ იღვიძებენ, რუსულ არხებს რთავენ და ნახულობენ, „ვაი, რა ხდება, ჩვენები როგორ არიან“, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ გვინდა საქართველოში ომი თავიდან ავირიდოთ, უკრაინას გვერდში ყველანაირად უნდა დავუდგეთ.

მან ასევე, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეაფასა იმასთან დაკავშირებით, რომ მმართველი პარტია ოპოზიციის ინიციატივებს არ განიხილავს და განაცხადა, რომ "ქართულ ოცნებას" პარლამენტი გამოფიტვისკენ მიჰყავს და ეს გადაწყვეტილება ამის ნათელი მაგალითია.

მისივე თქმით, ასეთი ქმედებები დამთავრდება იმით, რომ საქართველოს პარლამენტი ერთპარტიული გახდება.

გიგი უგულავას განცხადებით, საქართველოში შიდაპოლიტიკურ ტემპერატურას ხელისუფლება ძაბავს და არა ოპოზიცია.

"თანმიმდევრულობა „ქართული ოცნების“ საუკეთესო მხარე არასდროს ყოფილა. მათ პოლიტიკურ ინტერესში შედის, რომ ეს პარლამენტი რაღაცად შემდგარიყო და ვნახეთ მათ რამდენი დრო, ინვესტიცია, ენერგია დახარჯეს ამისათვის, ახლა თვითონვე კლავენ ამ პარლამენტს მათი განცხადებებით. სიმართლე გითხრათ, მე დიდი მოლოდინი ამ პარლამენტის მიმართ ისედაც არ მაქვს, უბრალოდ ჯერ არ ვთვლით, რომ სწორი დროა ამ წუთას რომ გამოხვიდე, მაგრამ ჩემი ვარაუდია, რომ რაღაც მომენტში და ეს მომენტი ალბათ, შორს არ არის, ეს პარლამენტი ისევ ერთპარტიულად დაასრულებს თავის მოღვაწეობას, იმიტომ, რომ თავისი შინაარსით და ბუნებით არის ავტორიტარული. იმიტომ, რომ „ქართული ოცნების" ის მოცემულობა და ის ვერსია, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს სახეზე, არის თავისი ბუნებით აგრესიული და ავტორიტარული. ის არის აგრესიულად მორჩილი უმრავლესობა, რომელიც ვერ იტანს ვერანაირ განსხვავებულ აზრს, მითუმეტეს, ერთ და ორ მეტრიან დიაპაზონში მის წინ მდგომს, ამიტომ შეუძლებელი იქნება ალბათ, დიდი ხანი ამ პარლამენტში გაჩერება.

ფაქტია, რომ თვითონ "ქართულ ოცნებას" პარლამენტი გამოფიტვისკენ მიჰყავს და ეს განცხადება ამის ნათელი მაგალითია. ყველაფერს აკეთებენ, რომ ლეგალური ბერკეტები, რაც ოპოზიციას აქვს, ისიც არ გამოიყენოს. ბადრი ჯაფარიძე პარლამენტიდან მარტო იმიტომ გააგდეს, რომ 50 ხმა არ ჰქონოდა ოპოზიციას და სააკაშვილის საკითხი იქნებოდა ეს თუ სხვა თემა, საგამოძიებო კომისია არ შეექმნა. ადამიანი მარტო იმიტომ გააგდეს პარლამენტიდან, რომ ოპოზიციას არ ჰქონოდა ეს ბერკეტი. ასეთი ქმედებებით დამთავრდება იმით, რომ პარლამენტი იქნება მართლა ერთპარტიული და რაც მთავარია, იქ მყოფ უმრავლესობის წევრებს ეს დისკომფორტს არ შეუქმნის, ბედნიერები იქნებიან საკუთარ ბიომასაში ჩანთხეული, პოლიტიკური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ეს ხალხი იქ არის საშოვარზე მისული, მაგათ არც პოლიტიკა აინტერესებთ, არც ქვეყანა, ნებისმიერ რამეზე ხელს აწევენ, მითუმეტეს, ვხედავთ "ქართულ ოცნებაში" ნევროზულობას. ეს მდინარაძის გამოსვლებზე კარგად ჩანს", - განაცხადა გიგი უგულავამ.

მან ოპოზიციონერი დეპუტატის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებებიც შეაფასა, სადაც ვაშაძემ აღნიშნა, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ყველა საერთაშორისო აქტს შეუერთდა. გიგი უგულავას თქმით, ვაშაძის ეს განცხადება „უსინდისობა“ იყო.

მისივე თქმით, რუსეთი ახლა ომშია და მას ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია "ფეხზე ჰკიდია".

„ეშმაკი ხომ დეტალებშია. უსინდისო განცხადება იყო ძალიან, არ მოვერიდები და პირდაპირ ვიტყვი. ისევ დაუბრუნდა, იარა, იარა, იარა, იწვალა და „მიმინოდან“ ნუგზარი დავინახეთ. რუსეთს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ფეხზე ჰკიდია. ომშია. გგონიათ ჰააგის ტრიბუნალი ანაღვლებს, თუ ევროსაბჭოდან გარიცხვა? 30 ქვეყანა იყო ევროსაბჭოდან რუსეთის გაძევების მომხრე, ერთი - სომხეთი რუსეთის მხარეს იყო და სერბეთმა და თურქეთმა თავი შეიკავეს. საქართველო 30-ის წინააღმდეგ წავიდოდა? ესენი უტვინოები კი არ არიან. აბა ყოფილიყო 15-15-ზე და მისი ხმა გადამწყვეტი ყოფილიყო", - განაცხადა უგულავამ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი