თსუ ისრაელის მოქალაქე სტუდენტების მისაღებად მზადაა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მზადაა მიიღოს ისრაელის მოქალაქეები, რომლებიც უკრაინის უნივერსიტეტებში სწავლობენ. ამის შესახებ ისაუბრეს თსუ-სა და ისრაელის სახელმწიფოს დელეგაციის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე, რომლის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

თსუ-ის რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების გამო, ისრაელის მოქალაქე სტუდენტები ვერ აგრძელებენ სწავლას უკრაინის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში და გამოხატავენ სურვილს, რომ სწავლა საქართველოში გააგრძელონ.

„უნდა დაზუსტდეს მისაღები სტუდენტების რაოდენობა და დისციპლინები. ვისაუბრეთ თსუ მედიცინის ფაკულტეტზე არსებულ პროგრამაზე „მედიცინა“, რომელსაც სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის აკრედიტაცია აქვს. ასევე, თსუ-ში ფუნქციონირებს 24 უცხოენოვანი პროგრამა, მათ შორის საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე პროგრამები ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია და კომპიუტერული მეცნიერებები, ქიმია და ბიოქიმია, ეკონომიკის პროგრამები და სხვა. სწორედ აქ იგეგმება ამ სტუდენტების მობილობა, რომელთაც უნდა დააკმაყოფილონ თსუ-ს სტანდარტები“,- აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.

ისრაელის დელეგაციის ხელმძღვანელის, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი გენერალური დირექტორის ნისიმ ბენ შიტრიტის თქმით, უკრაინიდან საქართველოში 1500-მდე სტუდენტის მობილობა იგეგმება სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ძირითადად, მედიცინის პროგრამებზე.

„ვცდილობთ, რომ დახმარება აღმოვუჩინოთ სტუდენტების საკმაოდ დიდ რაოდენობას, რომლებიც უკრაინის სხვდასხვა უნივერსიტეტში სწავლობენ. იმედია, არსებულ პრობლემას მოვაგვარებთ და სამომავლოდ უფრო აქტიურად ვითანამშრომლებთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. მჯერა, რომ ეს შეხვედრა ძალიან კარგი ურთიერთობის საწყისი იქნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ისრაელს შორის“,- აღნიშნა ნისიმ ბენ შიტრიტმა.

თსუ-ის რექტორის ინფორმაციით, შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც უნივერსიტეტში ჩარიცხვის მსურველი ისრაელის მოქალაქეების განაცხადებს ინდივიდუალურად განიხილავს და მიიღებს მათ. მისი თქმით, ისრაელის მოქალაქე სტუდენტების მისაღებად საკმარისი აკადემიური და ადმინისტრაციული რესურსი გააჩნია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო