ლადო პაპავას განცხადებით, აბსოლუტურად სწორია დასავლეთის პოზიცია, რომლის მიხედვითაც რუსეთს ნავთობისა და გაზის საფასურის რუბლში გადახდის მოთხოვნაზე უარი უთხრა

ეკონომისტის, პროფესორ ლადო პაპავას განცხადებით, აბსოლუტურად სწორია დასავლეთის პოზიცია, რომლის მიხედვითაც რუსეთს ნავთობისა და გაზის საფასურის რუბლში გადახდის მოთხოვნაზე უარი უთხრა. როგორც ლადო პაპავამ „ინტერპრესნიუსთან“ აღნიშნა, ამ გადაწყვეტილებით, ევროპამ როგორც იქნა, პრინციპული პოზიცია გამოიჩინა.

„მოგეხსენებათ, ევროპას სჭირდება რუსული ნავთობპროდუქტები და განსაკუთრებით რუსული გაზი, მაგრამ ამ ტაპზე მან თავისი პრინციპული პოზიცია გამოიჩინა. რუბლი, რომელიც არასდროს ყოფილა საერთაშორისო კონვერტირებადი ვალუტა, რუსული რუბლით არც ნავთობს და არც გაზს არავინ ყიდულობდა, დღეს, როდესაც სიტუაცია ასე დაძაბულია, მსოფლიოს ცივილიზებული ნაწილი უკრაინას გვერდში უდგას, რუსეთი იმ მდგომარეობაში არ არის, რომ დასავლეთს საკუთარი პირობები უკარნახოს. ამიტომ, ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად სწორია. ამ ეტაპზე გადახდა რუბლში არ ხდება. ანუ დასავლეთმა რუსული პირობა პრინციპულად არ მიიღო და რა თქმა უნდა, ეს არის გადამწყვეტი ამ ეტაპზე. ახლა, მთავარია რა ნაბიჯს გადადგამს რუსეთი. რუსეთს უცხოური ვალუტის მწირი რესურსი აქვს და უცხური ვალუტის გამოყენებაზე შეზღუდვებია, რაც თავად რუსეთმა დააწესა და ასევე აშშ-მ გადაწყვეტილება მიიღო, რომ რუსეთის ტერიტორიაზე აიკრძალოს ამერიკული დოლარის გამოყენება“, -განაცხადა ლადო პაპავამ.

მისი თქმით, დღეს, რუსეთი ისეთ მძიმე მდგომარეობაშია ჩაყენებული პრაქტიკულად შეუძლებელია პროგნოზის გაკეთება - მოუწევს თუ არა უკან წაიღოს მისი პოზიცია ნავთობისა და გაზის რუბლში გადახდის შესახებ.

„წესით, რა თქმა უნდა, ეს მოთხოვნა რუსეთმა უკან უნდა წაიღოს, მაგრამ დღეს, რუსული ელიტის, კრემლის გადაწყვეტილებები რაიმე რაციონალურ აზრს ნამდვილად არ არის დაფუძნებული, ამიტომ გამიჭირდება მკაფიოდ ვთქვა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხვალ პუტინი და მისი გარემოცვა“, - განაცხადა ლადო პაპავამ.

შეგახსენებთ, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ რუსეთი, კონტინენტის შანტაჟისთვის, ენერგეტიკას ვეღარ გამოიყენებს.

მისი თქმით, რუსეთს არ მიეცემა უფლება, ნავთობისა და გაზის საფასურის რუბლში გადახდის მოთხოვნის შესახებ, რადგან ეს იქნება სანქციებისთვის გვერდის ავლა.

"ეს იქნება ცალმხრივი გადაწყვეტილება და ხელშეკრულების აშკარა დარღვევა. ეს, სანქციებისთვის გვერდის ავლის მცდელობა იქნება. ჩვენ არ დავუშვებთ, ჩვენი სანქციებისთვის გვერდის ავლას. დრო, როდესაც ენერგეტიკა შეიძლება, გამოყენებული ყოფილიყო ჩვენი შანტაჟისთვის, დასრულდა", - განაცხადა ლაიენმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია