აკაკი ცომაია - ევროპამ რუსეთს გარკვევით უთხრა, თუ გაზს შეწყვეტ, შეწყვიტე - ევროპა მზად აღმოჩნდა იმისთვის, რომ ეთქვა, არ გაგივა, ვერ დაგვაშანტაჟებ!

ევროპამ რუსეთს გარკვევით უთხრა, თუ გაზს შეწყვეტ, შეწყვიტე, ამისთვის მზად ვართ. ახლა კი, რუსეთის არჩევანზეა დამოკიდებული, ევროპისთვის გაზისა და ნავთობის მიწოდებას შეწყვეტს თუ არა, - ასე აფასებს ეკონომიკის ექსპერტი აკაკი ცომაია დასავლეთის პოზიციას, რომლის თანახმადაც რუსეთს ნავთობისა და გაზის საფასურის რუბლში გადახდის მოთხოვნაზე უარი უთხრა.

როგორც აკაკი ცომაიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, როგორც ჩანს, ამ საკითხთან მიმართებით რუსეთს ხრიკის გამოყენება სურდა, რისი გამოცნობაც ევროპისთვის მარტივი აღმოჩნდა.

„რუსეთის ეს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ევროკავშირი თუ სხვა მომწოდებლები გაზის საფასურს რუბლში გადაიხდიდნენ თუ მყარ ვალუტაში, ეკონომიკურად და შინაარსობრივად არაფერს ცვლიდა. ანუ ამით რუსეთი ეკონომიკურ ჭრილში არაფერს იგებდა, მაგრამ აქ, როგორც ჩანს, იყო ხრიკი. რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვები გაყინულია. შესაბამისად, ევროკავშირის ქვეყნებს სავარაუდოდ ანგარიშსწორება უნდა მოეხდინათ რუსეთის ცენტრალურ ბანკთან ანუ გაეცვალათ უცხური ვალუტა და რუბლი უნდა ეყიდათ, ამ რუბლით კი, შემდეგ გაზი ეყიდათ. ანუ ფაქტობრივად, დაარღვევდნენ იმ სანქციებს, რომელიც თავად დააწესეს. რუსეთს, როგორც ჩანს, დაახლოებით ასეთი ჩანაფიქრი ჰქონდა, რაზეც მან შესაბამისი პასუხიც მიიღო. ახლა კი, რუსეთი, ფაქტობრივად, არჩევანის წინაშე დადგა. პირიქით, საბოლოო ჯამში, ამ ხრიკით მან უარესი შედეგი მიიღო, იმიტომ, რომ ევროპამ გარკვევით უთხრა, თუ გაზს შეწყვეტ, შეწყვიტე, ამისთვის მზად ვართ. ახლა კი, რუსეთის არჩევანზეა დამოკიდებული ის ამ გაზისა და ნავთობის მიწოდებას ევროპისთვის შეწყვეტს თუ არ შეწყვეტს. გამოდის, რომ რუსეთს არ გაუვიდა ის, რაც უნდოდა რომ გასვლოდა. ეს იყო მისი მხრიდან ხრიკი, რომლის გამოცნობაც მარტივი იყო. ევროპა აღმოჩნდა მზად იმისთვის, რომ ეთქვა, ეს არ გაგივა, ვერ დაგვაშანტაჟებ და სანქციებს ჩვენ არ დავარღვევთ“,- განაცხადა აკაკი ცომაიამ.

შეგახსენებთ, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ რუსეთი, კონტინენტის შანტაჟისთვის, ენერგეტიკას ვეღარ გამოიყენებს.

მისი თქმით, რუსეთს არ მიეცემა უფლება, ნავთობისა და გაზის საფასურის რუბლში გადახდის მოთხოვნის შესახებ, რადგან ეს იქნება სანქციებისთვის გვერდის ავლა.

"ეს იქნება ცალმხრივი გადაწყვეტილება და ხელშეკრულების აშკარა დარღვევა. ეს, სანქციებისთვის გვერდის ავლის მცდელობა იქნება. ჩვენ არ დავუშვებთ, ჩვენი სანქციებისთვის გვერდის ავლას. დრო, როდესაც ენერგეტიკა შეიძლება, გამოყენებული ყოფილიყო ჩვენი შანტაჟისთვის, დასრულდა", - განაცხადა ლაიენმა.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება