ლევან დავითაშვილი - დღეს საცალო ქსელში იყიდება საწვავი, რომელიც ფასების პიკშია შეძენილი, მოლოდინი გვაქვს, რომ შესაძლოა, უფრო ნაკლებ ფასში შეძენილი საწვავი გამოჩნდეს ბაზარზე - საწვავთან დაკავშირებით ფასების კლებას ველოდებით

დღეს საცალო ქსელში იყიდება საწვავი, რომელიც ფასების პიკშია შეძენილი. მოლოდინი გვაქვს, რომ შესაძლოა, უფრო ნაკლებ ფასში შეძენილი საწვავი გამოჩნდეს ბაზარზე - საწვავთან დაკავშირებით ფასების კლებას ველოდებით, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, საწვავის ფასის ზრდის ტენდენციისას მთავრობა ფასის დაზღვევის რა მექანიზმებზე იმუშავებს. როგორც მინისტრი განმარტავს, ეკონომიკური გუნდი მუშაობს და შესაძლოა, სხვადასხვა ტიპის ინტერვენცია განხორციელდეს.

„მთავრობაში დაზღვევის მექანიზმებზე მსჯელობა მიდის. შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის ინტერვენცია. ის მოთხოვნა, რაც ეხებოდა გადასახადების გაუქმებას, ვფიქრობთ, არ არის შესაბამისი ადეკვატური ზომა. დავაკვირდებით სიტუაციას. ძალიან ფრთხილად უნდა მივუდგეთ ასეთ საკითხებს, რომ ფისკალური დისციპლინა, რომელიც ჩამოყალიბდა ქვეყანაში, არ დაირღვეს, ამას არ ჰქონდეს ნეგატიური, გრძელვადიანი, პრეცედენტული სახე, ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე იმოქმედოს. გვესმის ამ საკითხის მგრძნობიარობა. ეკონომიკური გუნდი მუშაობს. შესაძლოა, უფრო უპრიანი იყოს სხვა ტიპის გადაწყვეტილებები.

საწვავთან დაკავშირებით იმასაც მოგახსენებთ, რომ რეალურად დღეს საცალო ქსელში იყიდება საწვავი, რომელიც ფასების პიკშია შეძენილი. ჩვენ უშუალო ურთიერთობა გვაქვს იმპორტიორებთან. მოლოდინი გვაქვს, რომ შესაძლოა, უფრო ნაკლებ ფასში შეძენილი საწვავი გამოჩნდეს ბაზარზე. გარკვეულწილად პიკური ფასები გადაივლის და დროის გარკვეულ მონაკვეთში უფრო ნაკლები ფასები შესაძლოა გვქონდეს. საწვავთან დაკავშირებით ფასების კლებას ველოდებით.

მე კიდევ ერთხელ გამოვეხმაურები პრემიერის დღევანდელ განცხადებას, რომ საომარი მოქმედებები თავის ასახვას პოვებს მოსახლეობის ეკონომიკურ, სოციალურ მდგომარეობაზე. მთელ მსოფლიოში მძიმედ პოვებს ასახვას. სამწუხაროდ, საქართველო ასევე იხდის ომის გადასახადს, მათ შორის, სოციალურ-ეკონომიკური კუთხით. მთავრობის ამოცანაა ეს მაქსიმალურად ნაკლები იყოს მოსახლეობისთვის“,- აღნიშნავს დავითაშვილი.

ამასთან, მინისტრმა თბილისში საწვავზე ფასების წინააღმდეგ გამართულ აქციებზეც ისაუბრა. როგორს ის აღნიშნავს, გარკვეული პოლიტიკური ძალები გონივრულ და სამართლიან პროტესტს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ.

„რაც შეეხება იმას, თუ ვინ იყვნენ აქციებში მონაწილე ძალები, რა თქმა უნდა, ამაზე ინფორმაცია არსებობს. სამწუხაროდ, გარკვეული პოლიტიკური ძალები მუხტს, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, გონივრულ, სამართლიან პროტესტის, რაც წნეხად აწევს მოსახლეობას, პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ. ეს არაერთხელ გვინახავს და შესაძლოა დღეს ეს დასტურდება“,- აღნიშნავს მინისტრი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო