მამუკა მდინარაძე - ცვლილება შეეხება იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდეს საშუალება იმსჯელოს და გადაწყვეტილება მიიღოს - ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ყველამ იცოდეს თავისი კომპეტენციის ფარგლები

პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე განმარტავს თუ რა საკითხებზე იმსჯელეს უმრავლესობის სხდომაზე.

როგოც მდინარაძემ პარტიის ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სხდომაზე განიხილეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, 2 აპრილის შუალედური არჩევნები და “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებები.

როგორც მდინარაძე განმარტავს, საკანონმდებლო ნორმაში ცვლილება შეეხება იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდეს საშუალება კომპეტენციების გამიჯვნის შესახებ იმსჯელოს და გადაწყვეტილება მიიღოს, რათა "ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ყველამ იცოდეს თავისი კომპეტენციის ფარგლები".

„დღეს, უმრავლესობის სხდომაზე რამდენიმე საკითხი განვიხილეთ, მათ შორის ვისაუბრეთ საქართველოში და მის მეგობარ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. იყო საუბარი 2 აპრილის არჩევნებზე რუსთავში და ბათუმში. ასევე, იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელსაც სამწუხაროდ, ბევრი სპეკულაცია მოჰყვა, საუბარია საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ ნორმებზე. რაც დღეს მოვისმინეთ, ბევრი ამბავი იმასთან დაკავშირებით, თითქოს ეს ცვლილება შეეხება კომპეტენციების გამიჯვნის ნაწილში გარკვეულ საკითხებს, ეს არ არის სწორი ინფორმაცია. ნორმაში ცვლილება შეეხება იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდეს საშუალება კომპეტენციების გამიჯვნის შესახებ იმსჯელოს და მიიღოს გადაწყვეტილება, ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ყველამ იცოდეს თავისი კომპეტენციის ფარგლები", - აღნიშნა მდინარაძემ.

გარდა ამისა, მამუკა მდინარაძის თქმით, უმრავლესობის სხდომაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. მდინარაძის თქმით, "გრძელდება კოორდინირებული მცდელობა, რომ ქვეყანა ომში ჩაითრიონ".

"ჩვენ ასევე შევეხეთ ერთ ძალიან უცნაურ საკითხს: დღეს ვნახეთ, რომ ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოგვმართა მმართველ გუნდს და მოგვიწოდებს აღარ მივმართოთ სასამართლოს სარჩელებით, რაც წარმოუდგენელი და უპრეცედენტო მოვლენაა. მათი ლოგიკით, ვისაც რა მოუნდება შეუძლია დააბრალოს მმართველ გუნდს და მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა სარჩელიც კი არ უნდა შეიტანონ თავისი უფლებების დასაცავად. ეს არასამთავრობო ორგანიზაცია ამბობს, რომ ეს ქმედება არის კოორდინირებული. სასამართლოში შედის სარჩელები იმასთან დაკავშირებით, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლებს ვიღაცამ ტყუილი დააბრალა. მე ვპირდები, ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი იქნება, რომელიც გადაწყვეტს, რომ „ნაცმოძრაობას“ ასე დაუჭიროს მხარი, თუ თავად პოლიტიკოსი „ნაცმოძრაობიდან“, რომ ეს ქმედებები და მსგავსი საკითხები კიდევ უფრო კოორდინირებული იქნება. ჩვენ მათ ნებისმიერ დაბრალებაზე სამწუხაროდ ვერ მოვიცლით და ვერ მოვახდენთ რეაგირებას, მაგრამ სარჩელი კიდევ უფრო მეტი შევა იმ ტყუილებთან დაკავშირებით, რასაც ისინი ყოველდღიურად კადრულობენ. ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ ყველა მათი ტყუილი ასე უბრალოდ გატარდება.

ასევე ვიმსჯელეთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება დღეს ამ ქვეყანაში. სამწუხაროდ, ის კოორდინირებული მცდელობა, რომ ეს ქვეყანა ომში ჩაითრიონ, გრძელდება და ეს დადასტურდა უკრაინის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის გუშინდელი განცხადებით და დღეს „ნაცმოძრაობის“ ბელადმა სასამართლო პროცესზე კიდევ ერთხელ დაადასტურა ეს - მე აქ იმიტომ ჩამოვედი, რომ ვიცოდი ეს მომენტი დგებოდაო და ეს მომენტი დადგა. ეს ხელისუფლება ყველანაირად შეეცდება, რომ იყოს მშვიდობა. მინდა ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს, აფხაზებს და ოსებს მივმართოთ, რომ არანაირი საშიშროება იმასთან დაკავშირებით, რომ საომარ მოქმედებებზე იფიქროს საქართველოს ხელისუფლებამ დეოკუპაციისთვის, არ არსებობს და თუ ვინმე მიზანმიმართულად ასეთ პროვოკაციებს ავრცელებს, ეს არის მხოლოდ იმ ნარატივის გაგრძელება, რასაც „ნაცმოძრაობა“ და მის სხვა დანაყოფები ამ პერიოდში ცდილობენ, უკრაინაში რუსეთის წარმოებული ღია აგრესიის პარალელურად“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა