აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ვიზალიბერალიზაციის 5 წლისთავთან დაკავშირებით რომი-ქუთაისი-რომის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა განახლდა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 28 მარტიდან, ქუთაისსა და რომს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა განახლდა.

მათივე ცნობით, პანდემიის გამო, ორწლიანი პაუზის შემდეგ, პირველი პირდაპირი რეისი რომიდან ქუთაისის მიმართულებით და პირიქით, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის 5 წლის თავზე შესრულდა.

განახლებულ რეისს რომიდან 113 მგზავრი ჩამოჰყვა, საქართველოდან რომში კი 170 მგზავრი გაფრინდა. პირველი რეისის მგზავრებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, ტრადიციული საჩუქრები დაურიგდათ.

მათივე ცნობით, ამ დღესთან დაკავშირებით აეროპორტში გამართულ ღონისძიებას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

„ორწლიანი პაუზის შემდეგ რომი-ქუთაისი-რომის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის განახლება საგანგებოდ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების 5 წლისთავს დავამთხვიეთ. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ავიაკომპანია Wizz Air-თან კონსულტაციების შედეგად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მოქალაქეებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულება აღდგა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, პირველ რიგში, იტალიაში მცხოვრები ჩვენი დიასპორისთვის და მოგზაურთა მოყვარულებისთვის. ვიზალიბერალიზაციის შედეგად, ევროპაში ჩვენი მოქალაქეების მილიონ ნახევარზე მეტი ვიზიტი განხორციელდა და მნიშვნელოვანი მათგანი, სწორედ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაფრინდა. იმედი მაქვს, რომ მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება“, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, თამარ არჩუაძემ.

„საქართველოს მოქალაქეებს, იტალიაში გამგზავრება უკვე ტურისტული მიზნებითაც შეუძლიათ. საქართველოდან მიმავალმა მგზავრმა იტალიის ტერიტორიაზე შესვლისას (გარდა უვიზო მიმოსვლის პირობებით გათვალისწინებული დოკუმენტაციისა) უნდა წარადგინოს მგზავრის ლოკატორის ფორმა(PLF) https://app.euplf.eu/#/ კოვიდ-პასპორტი, გამოჯანმრთელების მოწმობა, ან მოლეკულური, ან ანტიგენის ნეგატიური ტესტის სერტიფიკატი.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი საქართველოს აეროპორტებიდან ერთადერთია, სადაც იტალიის ორ ქალაქში, რომსა და მილანში პირდაპირი საჰაერო გზით მოხვედრა შესაძლებელია.

რეისებს კვირაში ორი სიხშირით, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz air ასრულებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს