სასამართლომ დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 5 060 000 ევროს ანაზღაურება დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი და თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილსა და შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს ალექსანდრე ნინუას სოლიდარულად დაეკისრათ 5 060 000 ევროს ექვივალენტი ლარში სამინისტროს სასარგებლოდ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფოს დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისება/გაფლანგვის ფაქტზე წარედგინათ ბრალი.

საქმე ეხებოდა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია GIRWOOD BUSINESS CORP- ის სასარგებლოდ გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით დიდი ოდენობით თანხის გადარიცხვას, თუმცა სამინისტროს ეს მომსახურება (წვრთნები) არ მიუღია. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 7 სექტემბრის გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე დავით კეზერაშვილი და ალექსანდრე ნინუა ცნობილ იქნენ დამნაშავეებად. ამავე განაჩენით დადგინდა, რომ აღნიშნული პირების ბრალეული ქმედებით თავდაცვის სამინისტროს მიადგა 5 060 000 ევროს ოდენობით მატერიალური ზიანი.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (როგორც დაზარალებულმა პირმა) აღნიშნული პირების მიმართ სამოქალაქო სარჩელი წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში სამინისტროზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია