გიორგი ვაშაძე - სამწუხაროდ, სამწუხაროდ, სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ დღეს ევროკავშირში ინტეგრაციის მთავარი წინაღობა ხართ თქვენ, „ქართული ოცნება“

სამწუხაროდ, სამწუხაროდ, სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ დღეს ევროკავშირში ინტეგრაციის მთავარი წინაღობა ხართ თქვენ, „ქართული ოცნება“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ვაშაძემ უმრავლესობის დეპუტატებს მიმართა, რომ ჯერ კიდევ არ არის გვიან, ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთიანი პოზიცია ჰქონდეს.

„მართლაც უმძიმესი ვითარებაა ჩვენს რეგიონში და ალბათ, ნომერი პირველი ამოცანა ჩვენთვის ყველასთვის, პოლიტიკოსისთვის და არაპოლიტიკოსისთვის არის მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნება ქვეყანაში. რა სჭირდება მშვიდობას და უსაფრთხოებას ამ ქვეყანაში? - სჭირდება კონსოლიდაცია, სჭირდება ერთიანობა და ევროკავშირში ნამდვილად დაჩქარებული გაწევრიანებისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. მინდა კონკრეტულად ვუთხრა „ქართულ ოცნებას“ - თქვენი პასუხი რა არის ჩვენს შეთავაზებაზე, რომ ბრიუსელში ერთად წავსულიყავით და გვემუშავა საერთო სტრატეგიით ევროკავშირში დაჩქარებულ ინტეგრაციაზე? რა იყო თქვენი პასუხი, რომ უშიშროების გაფართოებული სხდომა და ერთობლივი სამოქმედო გეგმა გაგვეკეთებინა საქართველოში უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის, ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანებისთვის, ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის? თქვენი პასუხი, სამწუხაროდ არის, არა!“ - განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ქვეყნის შიგნით ქმნის მტრის ხატს და არ უნდა ნაბიჯები გადადგას ერთიანობისკენ, ის არის საკუთარი ქვეყნის მტერი.

„გუშინწინ ჩამოვედი ბრიუსელიდან. ჩვენი ევროპელი პარტნიორების მოსაზრებაა, რომ საქართველო გარდა განაცხადზე ხელმოწერისა, კონკრეტულ ნაბიჯებს არ დგამს, რომ მართლა დაჩქარდეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. იმისთვის, რომ ევროპამ ნამდვილად სხვაგვარად შეხედოს საქართველოს აუცილებელია, რომ ჩვენ ერთიანობა ვაჩვენოთ და ამ ერთიანობაზე თქვენ ამბობთ უარს. ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ქვეყნის შიგნით ქმნის მტრის ხატს და არ უნდა ნაბიჯები გადადგას ერთიანობისკენ, ის არის საკუთარი ქვეყნის, საქართველოს მტერი. ოპოზიცია კი არ უნდა მოგიწოდებდეთ ერთიანობისკენ, თქვენ უნდა გვთავაზობდეთ კონკრეტულ ნაბიჯებს. ამის ნაცვლად ერთი და იგივე, რაც ყელში ამოგვივიდა ამ 10 წლის მანძილზე, ახლა „ომის პარტია“ დაარქვით „ნაციონალურ მოძრაობას“, მერე კიდევ რაღაცას მოიგონებთ, თქვენი შეგდებული თემით რომ ვიღაც სიუჟეტს აკეთებს, იტყვით, რომ ეს არის ოპოზიციის პოზიცია. არა! - ჩვენ გვინდა რომ ერთიანები ვიყოთ. ავირიდოთ თავიდან მოსალოდნელი საფრთხეები, შევინარჩუნოთ მშვიდობა, გადავდგათ ნაბიჯები ევროკავშირში ინტეგრაციისკენ.

დღეს, დაჩქარებული წესით, "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში პრეზიდენტთან დაკავშირებით ცვლილებებს ვიხილავთ, მაგრამ დაჩქარებული წესი არასდროს გამოიყენება იმ რეფორმებისთვის, რაც საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციას სჭირდება. მითხარით, როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი? სამწუხაროდ, სამწუხაროდ, სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ დღეს ევროკავშირში ინტეგრაციის მთავარი წინაღობა ხართ თქვენ, „ქართული ოცნება“, რომელსაც არ გინდათ რეფორმები იმიტომ, რომ ფიქრობთ, რომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში, მიუკერძოებელი სამართალდამცავი ორგანოების შემთხვევაში ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებთ. ჯერ კიდევ არ არის გვიან გვქონდეს ერთიანი სამოქმედო გეგმა საქართველოს მშვიდობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის და გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. მეგობრებო, დღეს გავლებულია წითელი ხაზი და ამ წითელ ხაზში ან ერთ მხარეს ხარ, ან მეორე მხარეს, შუა არ არსებობს“, - განაცხადა ვაშაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა