ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ისრაელის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში "IMTM 2022" მონაწილეობს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ისრაელის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში "IMTM 2022" მონაწილეობს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოფენა ოფიციალურად დღეს ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა გახსნა.

მათივე ცნობით, თელ-ავივის საერთაშორისო გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 12 თანამონაწილე კომპანიასთან ერთად ერთიანი საპრომოციო სტენდით არის წარმოდგენილი. ღონისძიებაში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, თბილისის მერია და იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია მონაწილეობს.

„IMTM 2022" გამოფენის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი ისრაელიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით წამყვანი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.

„ისრაელი საქართველოსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. მზარდი ინტერესის მიხედვით, ამ ქვეყნიდან ვიზიტორთა რაოდენობა ჩვენ ყოველთვის გვეზრდება. 2 წლიანი პაუზის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამ გამოფენაზე სწორად იყოს პოზიციონირებული და ეს კერძო კომპანიების მხრიდან გამოხატული მაღალი ინტერესით დასტურდება“, - განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.

გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლაშა ჟვანიამ ისაუბრა.

„თელ-ავივის საერთაშორისო გამოფენა ტრადიციულია და 28-ედ იმართება. ეს უმნიშვნელოვანესი გამოფენაა, სადაც ქართულ კომპანიებს და მთელ საქართველოს საშუალება აქვს, მოახდინოს საკუთარი თავის ბრენდინგი, როგორც ტურისტული მიმართულების. აქვე აღსანიშნავია, რომ ისრაელელი ტურისტებისთვის საქართველო მთელ მსოფლიოში მე-2 ადგილზეა. პირველ ადგილზეა საბერძნეთი, რომელიც ტურისტებს ასამდე ახალ მიმართულებას სთავაზობს. ის, რომ ძალიან პატარა ქვეყანა - საქართველო მეორე ადგილზეა, ეს ჩვენს მიღწევებზე მეტყველებს. პანდემიის შემდეგ ეს ჩვენს რეგიონში პირველი გახსნაა და საქართველოსთვის და ქართული კომპანიებისთვის ახალი შესაძლებლობაა, რომ კიდევ უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ“, - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობითვე, გამოფენის სტუმრებს სტენდზე განთავსებული მონიტორის დახმარებით, საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ გადაღებული ვიდეორგოლების ნახვა შეუძლიათ. სტუმრებს საშუალება აქვთ საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველ ბეჭდურ საპრომოციო მასალას გაეცნონ.

„ისრაელის ტურისტული გამოფენა ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი უდიდესია. “IMTM 2022"-ს მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნის ტურისტული ორგანიზაცია და კომპანია მონაწილეობს.

ისრაელი საქართველოსთვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. ისრაელისა და საქართველოს ქალაქებს შორის რეგულარული ავიარეისები სრულდება. წლების განმავლობაში ისრაელი საქართველოს საერთაშორისო ვიზიტორთა ტოპ ათეულში შედის,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა