ვოლოდიმირ ზელენსკი - ყოველდღიურად ოკუპანტები უკრაინის წინააღმდეგ საშუალოდ 40 რაკეტას იყენებენ

ყოველდღიურად ოკუპანტები უკრაინის წინააღმდეგ საშუალოდ 40 რაკეტას იყენებენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

პრეზიდენტის განმარტებით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან თვეზე ცოტა მეტი პერიოდის განმავლობაში, რუსეთმა 1370 -ზე მეტი რაკეტა გამოიყენა. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, დღეს მიკოლაევზე ერთ-ერთ მსგავს თავდასხმას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 22 კი დაშავდა.

„არანაირი საბრძოლო ოცნებები მიკოლაეველებს არ ჰქონდათ. ისინი რუსეთისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდნენ. მაგრამ ისინიც, როგორც ყველა დანარჩენი უკრაინელი, გახდნენ რუსული ჯარების სამიზნე, რაკეტების, ავიაბომბების, რეაქტიული არტილერიისა და ნაღმტყორცნების სამიზნე“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ იარაღის მთლიანი რაოდენობის დათვლა, რომელიც რუსულმა ჯარებმა უკვე გამოიყენეს უკრაინელების წინააღმდეგ, უბრალოდ შეუძლებელია.

„მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ წინააღმდეგ წარმოებული საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობამ და სისასტიკემ გადააჭარბა იმ ზღვარს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის, ევროპისთვის ყველაზე გამანადგურებელი ომის დროს იყო. ომის ერთი თვეა და ჩვენ უკვე არა ერთი და ორი ქალაქი, არამედ ქალაქების მთელი ჩამონათვალი გვაქვს, რომელიც განადგურებულია რუსული ბომბების მიერ.

ჯერ მხოლოდ 773 საგანმანათლებლო დაწესებულება - უნივერსიტეტები, სკოლები, საბავშვო ბაღებია განადგურებული. წარმოიდგინეთ! და ათობით საავადმყოფო, ტაძრები, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალებიც კი გახდა სამიზნეები. რუსული ჯარის მიზანი ამ ომში - სრულად გაანადგუროს ნორმალური ცხოვრების ნებისმიერი საფუძველი. ოკუპანტები გაცნობიერებულად აკეთებენ ისე, რომ უკრაინისგან არაფერი ცოცხალი არ დარჩეს, მხოლოდ ნანგრევები, მხოლოდ ლტოლვილები. უკვე 10-მა მილიონმა უკრაინელმა დატოვა მშობლიური ადგილები, თითქმის 4 მილიონი კი ქვეყნიდან გავიდა. უმეტესი მათგანი ქალები და ბავშვები არიან. ამ ადამიანების ისტორიები სავსეა საშინელებით. იმ ადგილებში, სადაც რუსი სამხედროები შევიდნენ, გზის პირას ჯერ კიდევ ბევრი დამწვარი და დახვრეტილი მანქანაა. ოკუპანტები ხოცავდნენ მშვიდობიან მოსახლეობას, მაშინაც კი როცა ისინი ცდილობდნენ გადარჩენილიყვნენ. არიან ბავშვები, რომლებიც აიყვანეს გზების სიახლოვეს მათი მშობლების გვამების გვერდით მსხდარნი“,- განაცხადა ზელენსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო