თსუ-ში წიგნის - „ივან კრასკოვსკი ბელორუსის და უკრაინის სამსახურში“ პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოში პირველი უკრაინელი დიპლომატის, პირველი კონსულის, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში უკრაინის საელჩოს დამაარსებლის (1919-1921 წწ.), ივან კრასკოვსკის შესახებ ბიოგრაფიული წიგნის „ივან კრასკოვსკი ბელორუსის და უკრაინის სამსახურში“ პრეზენტაცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

როგორც თსუ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკევიჩი, ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა, საქართველოში უკრაინის საელჩოს პირველი მდივანი კულტურის საკითხებში ტეტიანა კოლოტილოვა, პოლონელი, უკრაინელი, ლიეტუველი და ქართველი პროფესორები, სტუდენტები დაესწრნენ.

მათივე ინფორმაციით, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე ივან კრასკოვსკი 1919 წელს სათავეში ჩაუდგა უკრაინის საგანგებო დიპლომატიურ მისიას კავკასიაში. ის საქართველოში ორი წლის განმავლობაში კოორდინაციას უწევდა უკრაინის პოლიტიკურ, ეკონომიკურ-სამეურნეო და საკონსულო ურთიერთობებს. ასევე მოღვაწეობდა პოლონეთში, ბელორუსსა და ლიტვაში. საბჭოთა რუსეთის მიერ ამ ქვეყნების დაპყრობის შემდეგ, კრასკოვსკის მუდმივად დევნიდა საბჭოთა ხელისუფლება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი წიგნი მის საგანმანათლებლო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და დიპლომატიურ საქმიანობას ეძღვნება.

უკრაინაში მიმდინარე ბოლოდროინდელ მოვლენებს - რუსეთის აგრესიას, ღონისძიების მონაწილეები თსუ კაპელას მიერ შესრულებული უკრაინის ჰიმნის მოსმენით გამოეხმაურნენ და სოლიდარობა გამოუცხადეს უკრაინას.

„ივან კრასკოვსი ძალიან საინტერესო ბიოგრაფიის ადამიანი იყო. ის აერთიანებდა ერებს - მუშაობდა და მოღვაწეობდა უკრაინაში, საქართველოში, ბელორუსში, ლიტვასა და პოლონეთში. იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის“, - განაცხადა თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

მისი თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წიგნის „ივან კრასკოვსკი ბელორუსის და უკრაინის სამსახურში“ ქართული თარგმანის მომზადებას დაიწყებს.

პოლონეთის რესპუბლიკის ელჩის საქართველოში, მარიუშ მაშკევიჩის განცხადებით, „პოლონეთში დაბადებულმა ივან კრასკოვსკიმ მთელი ცხოვრება დემოკრატიული ღირებულებებისთვის ბრძოლაში გაატარა“

„ივან კრასკოვსი იბრძოდა უკრაინის დამოუკიდებლობისთვის, რაც დღესაც, ამ ისტორიულ მომენტშიც აქტუალურია. კრასკოვსკი საქართველოში 2 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და ნოე ჟორდანიას ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა. მან ძალიან ბევრი საინტერესო წერილი, დოკუმენტი და მემუარი დაგვიტოვა“, - განაცხადა მარიუშ მაშკევიჩმა.

საქართველოში ლიეტუვას რესპუბლიკის ელჩის, ანდრიუს კალინდრას განცხადებით, ივან კრასკოვსი ემსახურებოდა ქვეყანას, სახელმწიფოს და არა რეჟიმს და ესაა ის, რაც მისგან უნდა ვისწავლოთ.

„ჩვენ, თავისუფალი ქვეყნები და თავისუფალი ხალხი, თავისუფალი სამყაროს ნაწილი, კვლავ რუსეთის პირისპირ ვდგავართ. ივან კრასკოვსკი - პოლონეთის, უკრაინის, ლიტვისა და ბელორუსის საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე ემსახურებოდა ქვეყანას, სახელმწიფოს და არა რეჟიმს. ესაა ის, რაც მისგან უნდა ვისწავლოთ. მან მთელი ცხოვრება მიუძღვნა თავისუფლებას. რუსეთის მოქმედებები დღესაც საფრთხეს უქმნის ჩვენს რეგიონს, თავისუფალ მოქალაქეებს. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ და ვირწმუნოთ ჩვენი მთავარი ღირებულება - თავისუფლება“, - განაცხადა

საქართველოში უკრაინის საელჩოს პირველი მდივნის კულტურის საკითხებში ტეტიანა კოლოტილოვას თქმით, როგორც უკრაინისთვის, ისე საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა.

„ამ სანიმუშო პიროვნებას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის საკითხებში. თსუ-სთან ერთად, ივან კრასკოვსკის აქტიურად შეისწავლის უკრაინის დიასპორაც. იმედი გვაქვს, რომ სულ მალე, როდესაც ომი დასრულდება, ჩვენ გამოვცემთ ამ წიგნს უკრაინულ ენაზეც და წიგნის პრეზენტაციას კიევის უნივერსიტეტში ჩავატარებთ“, - აღნიშნა ტეტიანა კოლოტილოვამ.

ივან კრასკოვსკის შესახებ ბიოგრაფიული წიგნი კოპერნიკის სახელობის ტორუნის უნივერსიტეტის პროფესორმა დოროტა მიხალუკმა წარადგინა. პრეზენტაციაზე მოხსენებები წაიკითხეს კაუნასის (ლიტვა) უნივერსიტეტის პროფესორმა ტომაშ ბლაშჩაკმა (ივანე კრასკოვსკის ლიეტუვური და ლატვიური პერიოდი), ტორუნის (პოლონეთი) უნივერსიტეტის პროფესორმა მაცეი კროტოფილმა (ქართველი ოფიცრები პოლონეთში 1924-1939 წწ.), ბიალოსტოკის უნივერსიტეტის პროფესორებმა ოლეგ ლატიშონეკმა (ივან კრასკოვსკი - უკრაინელი გეოპოლოტიკოსი) და ეუგენიუშ მირონოვიჩმა (ბელორუსის სახალხო რესპუბლიკის საერთაშორისო აღიარების პრობლემა). წიგნის ერთ-ერთი ავტორი, უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენელი, უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამო პოლონეთში ლტოლვილობაში მყოფი, ირენა მატიაში ვარშავიდან ონლაინ ჩაერთო.

ღონისძიებაზე თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ უნივერსიტეტის მედლით დააჯილდოვა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სლავისტიკის ინსტიტუტის სლავური ლიტერატურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პოლონისტიკის ცენტრის ხელმძღვანელი მარიამ ფილინა. უნივერსიტეტის მედალი მარიამ ფილინას თსუ-ში მრავალწლიანი და ნაყოფიერი პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობისათვის, ინტერნაციონალიზაციის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის გადაეცა.

ღონისძიების დასასრულს, პოლონეთის ელჩმა მარიუშ მაშკევიჩმა თსუ ბიბლიოთეკას საჩუქრად პოლონური მხატვრული ლიტერატურა და პოლონური ენის სახელმძღვანელოები გადასცა.

ღონისძიების ორგანიზატორები პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, თსუ სლავისტიკის ინსტიტუტი და თსუ პოლონისტიკის ცენტრი იყო.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა