მიხეილ ჩხენკელმა შვეიცარიის ელჩთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა შვეიცარიის ელჩს, ჰაიდი გრაუს უმასპინძლა და მასთან განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილა. ინფორმაციას ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრმა ელჩს განხორციელებული და მიმდინარე საგანმანათლებლო პროექტები გააცნო. მან საქართველოს, განსაკუთრებით კი განათლების სფეროს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და პროფესიული განათლების განვითარების კუთხით წარმატებული თანამშრომლობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.

სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ ჩხენკელმა სტუმარს განათლების სისტემის მთავარი მეგა-პროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და საუბრისას მისი განვითარების პერსპექტივებზე ყურადღება გაამახვილა.

„მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად, ქვეყანაში მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე გაჩნდა.

მიხეილ ჩხენკელის შეფასებით, უნივერსიტეტის მაღალ სტანდარტსა და ინტერნაციონალიზაციის ხარისხს ის მიდგომა განაპირობებს, რომელიც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტთან თანამშრომლობით კონკრეტულ დარგში აკადემიური პროგრამების შექმნას ითვალისწინებს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტში ამ ეტაპზე მოქმედი პროგრამები მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ანალოგს წარმოადგენს. მისი თქმით, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლების სამივე საფეხურისათვის ახალი აკადემიური პროგრამები ეტაპობრივად გაჩნდება. აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ლექციებს ქართველ პროფესორებთან ერთად უცხოელებიც კითხულობენ და უნივერსიტეტის კარი შვეიცარიელი პროფესორებისთვისა და სტუდენტებისათვისაც ღიაა.

მიხეილ ჩხენკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტრატეგიულ განვითარებაში საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო დიდ როლს თამაშობს, რომლის შემადგენლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი და წამყვანი მეცნიერები არიან და ინდუსტრიის მრჩეველთა საბჭო, რომელიც აკადემიური პროგრამების შექმნის პოლიტიკას და სტუდენტების შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად მომზადებას უზრუნველყოფს. ამასთან, უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი პრეზიდენტი პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანია.

მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ადრონული თერაპიის ცენტრი დაარსდება, სადაც ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით კვლევების წარმოების პროცესში საერთაშორისო სამეცნიერო წრეები ჩაერთვებიან. მინისტრის თქმით, დაინტერესების შემთხვევაში, კვლევით პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა შვეიცარიელ მეცნიერებსაც ექნებათ.

სამეცნიერო-კვლევითი პროცესი ადრონული თერაპიის ცენტრში ულტრათანამედროვე ციკლოტრონების შექმნისთანავე დაიწყება, რომელთა ტესტირება სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად განკუთვნილი იქნება სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში, ხოლო მეორე მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას.

როგორც მინისტრმა განაცხადა, ის ფაქტი, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად კვლევისთვის იქნება განკუთვნილი, საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს. ამის დასტურია ის, რომ არაერთმა ცნობილმა უცხოელმა მეცნიერმა უკვე გამოთქვა სურვილი, ქართველ მეცნიერებთან ერთად კვლევით პროცესში ჩაერთოს.

თავის მხრივ, შეხვედრის ფარგლებში, ჰაიდი გრაუმ საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე მეგა-პროექტს დადებითი შეფასება მისცა და ამ მიმართულებით სამინისტროსთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მყოფ უკრაინელ მოსწავლეებზე ისაუბრეს. მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო და კერძო სკოლებში უკრაინიდან ჩამოსული ბავშვების გამარტივებული წესით ჩარიცხვას ინტენსიურ რეჟიმში უზრუნველყოფს. გარდა ამისა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით თბილისში უკრაინიდან ჩამოსული მოსწავლეებისთვის უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნება. ამ მიმართულებით სამუშაო პროცესი უკვე დაწყებულია და, შედეგად, უკრაინელი მოსწავლეები საქართველოში მშობლიურ ენაზე შეძლებენ ზოგადი განათლების მიღებას.

შეხვედრას ასევე შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სამხრეთ კავკასიის ოფისის რეგიონული დირექტორი დანიელ მეუვლი ესწრებოდა“, - აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა