ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა პროფესიული დღე აღნიშნეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა პროფესიული დღე აღნიშნეს. ინფორმაციას ამის შესახებ საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საგამოძიებო სამსახურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა გახსნა.

მინისტრმა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა, უწყების განვლილი წლის საქმიანობა დადებითად შეაფასა და სამსახურის თანამშრომლებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

„განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო პანდემიის პირობებში საგამოძიებო სამსახურის შეუფერხებელი მუშაობა საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. მხოლოდ 2021 წელს, სახელმწიფოს სასარგებლოდ მობილიზებულ იქნა 109 340 627 ლარი, რაც სამსახურის ფუნქციონირების მთელი პერიოდის მანძილზე რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს. ამის მიღწევა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა პროფესიონალიზმისა და მობილიზაციის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

უწყების ცნობით, სიტყვით გამოსვლისას ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა საგამოძიებო სამსახურის უმნიშვნელოვანეს როლზე საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიმართულებით.

„მივესალმები საგამოძიებო სამსახურის აქტიურ კოორდინაციას აშშ-ისა და ევროკავშირის პარტნიორ უწყებებთან ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სოსო რამიშვილმა, ღონისძიების სტუმრებისთვის საგამოძიებო სამსახურის განვლილი წლის ანგარიშის წარდგენისას, ყურადღება თანამშრომელთა თავდაუზოგავ შრომაზე გაამახვილა, რამაც 2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მობილიზებული თანხების რეკორდული ოდენობა განაპირობა.

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს ფინანსთა მინისტრს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ უწყება კონკურენტუნარიანი ბიზნესგარემოს შენარჩუნებისა და საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულების გამოვლენის მიმართულებით აქტიურ მუშაობას კვლავ განაგრძობს.

„სამსახურის საქმიანობის პროგრესს გამართული შიდაუწყებრივი პოლიტიკა განაპირობებს, რომელიც თანამშრომელთა კვალიფიკაციას, მუდმივ პროფესიულ განვითარებასა და მრავალწლიან გამოცდილებას ეფუძნება. ამის ნათელი მაგალითია 2021 წელს, თანამშრომელთა აქტიური ჩართულობა ონლაინ-ფორმატში გამართულ, როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო ტრენინგებში, სემინარებში, ფორუმებსა და კონფერენციებში. უწყება საგამოძიებო, ოპერატიულ-სამძებრო, ანალიტიკურ საქმიანობასა და რისკების სათანადო შეფასებას პროფესიულ დონეზე უზრუნველყოფს. ყოველივე ეს კი ხელს უწყობს დანაშაულის დროულ გამოვლენასა და ეფექტიანი გამოძიების წარმართვას“, - აღნიშნა სოსო რამიშვილმა.

სამსახურის თანამშრომლებისთვის პროფესიული დღის მილოცვისას საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვაჟა ფანოზიშვილმა, ყურადღება პირადი შემადგენლობის მოტივაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა საგამოძიებო სამსახურის თითოეული თანამშრომლისთვის წარმოადგენს არა მხოლოდ კონსტიტუციითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ ფუნქციას, არამედ შეგნებულ არჩევანს - წვლილი შეიტანონ ჯანსაღი ბიზნესგარემოს ხელშეწყობის საქმეში. ეს პრინციპული არჩევანი ჩვენი უწყების ეფექტიანობის დინამიურ ზრდასა და რწმენას განაპირობებს, რომ 2022 წელს, საგამოძიებო სამსახური ამგვარ ტენდენციას შეინარჩუნებს“, - აღნიშნა ვაჟა ფანოზიშვილმა.

„საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსმა, ლევან ძნელაძემ, დამსწრე საზოგადოებას 2021 წლის საანგარიშო პერიოდის სტატისტიკა წარუდგინა და წარმატებული მუშაობის კონკრეტული მონაცემები გააცნო.

საგამოძიებო სამსახურის საიუბილეო ღონისძიებაზე, ფინანსთა მინისტრმა და საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშო შესრულებისა და პროფესიონალიზმისთვის, სამსახურის თანამშრომლები ვადამდელი წოდებებით, მადლობის სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს