"რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადებაზე საქართველოს შესაბამისი რეაგირება უნდა ჰქონდეს და უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული შემადგენლობა შეკრიბოს.
ამის შესახებ სამნიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ისაუბრა, რითაც გამოეხმაურა დე ფაქტო პრეზიდენტის განცხადებას, რომლის თანახმადაც, სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკა ისტორიული სამშობლოს, რუსეთის შემადგენლობაში იქნება და რუსეთის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის გასაერთიანებლად უახლოეს მომავალში „სამართლებრივი ნაბიჯები გადაიდგმება“.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ თვლის, რომ „არაფერი არ უნდა გადაწყვიტოს და ფრთხილად უნდა იყოს“, რაც რეალურად სიმხდალის პოლიტიკა და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წასვლაა.
,,ეს პირველი ასეთი შემთხვევა და პროვოკაცია არ არის. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ადეკვატური და შესაბამისი რეაგირება უნდა იყოს. ყველაზე მინიმუმ უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული შემადგენლობა უნდა შეიკრიბოს და განხილვები უნდა იყოს პარლამენტში, თუ დახურულ კარს მიღმა. არაფერი მსგავსი არ შეიმჩნევა და არც მოლოდინი მაქვს, რეგიონში არსებული კრიზისის დროს ოპოზიციამ პირველმა მოვითხოვეთ საუბარი ხელისუფლებასთან, შევთავაზეთ ერთიანობა ამ პროცესში, ვინაიდან, ქვეყნის უსაფრთხოება ეროვნული ინტერესია. „ქართული ოცნება“ სამწუხაროდ თვლის, რომ არაფერი არ უნდა გადაწყვიტოს და ფრთხილად იყოს, რეალურად ეს არის სიმხდალის პოლიტიკა და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წასვლა. ხელისუფლება გამოდის და ამბობს: ჩვენ უნდა ვიყოთ ჩუმად და თქვენ ომი გინდათ, არ დგამენ არცერთ ნაბიჯს, რომლითაც მოქალაქეები დამშვიდდებიან და ჩვენს უსაფრთხოებას დაიცავენ“, - აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.
გარდა ამისა, ხათუნა სამნიძემ გადაცემაში ისაუბრა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე და მოლოდინებზე.
,,ოპოზიციის წარმომადგენლები განსაკუთრებულად მოვუწოდებდით და მოვითხოვდით ხელისუფლებისგან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას. „ალდესთან“ მოლაპარაკებებით საგანგებო რეზოლუციას დავუჭირეთ მხარი და მოხდა საქართველოს ხსენებაც, როგორც ქვეყნის, რომელმაც დაჩქარებული წესით უნდა მიიღოს სტატუსი უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად. ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც ხელისუფლება დუმდა, ძალიან პასიური იყო და მხდალი პოზიციები ჰქონდა ჩვენს პარტნიორთან დაკავშირებით. არავის არ ჰქონდა მოლოდინი, რომ ხელისუფლება მოითხოვდა საქართველოს დაჩქარებულ გაწევრიანებასთან დაკავშირებით ნაბიჯების გადადგმას, კარგია, რომ ეს გადაწყვიტეს, მაგრამ პრემიერი სრულიად მარტო იყო და ეს აჩვენებს როგორი მიდგომა აქვს ხელისუფლებას ისეთ საკითხზე, რომლის ირგვლივ მთელი სახელმწიფო გაერთიანებულია“, - აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.