ქუთაისში იაპონია-საქართველოს მეგობრობის სიმბოლოდ საკურას დარგვის ცერემონია გაიმართება

ქუთაისში, დავით ხახალეიშვილის სახელობის ძიუდოს სპორტული სკოლის მიმდებარედ, საკურას ხეები დაირგვება.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში იაპონიის საელჩო ავრცელებს. როგორც საელჩოში აცხადებენ, საკურას ხეები იაპონია-საქართველოს მეგობრობის სიმბოლო გახდება.

„იაპონიის საელჩო მიესალმება ქუთაისის მერიის ინიციატივას ამ ქალაქში დაბადებული ძიუდოისტის, ოლიმპიური ჩემპიონის დავით ხახალეიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საკურას ნერგის დარგვის თაობაზე და აქვს პატივი მონაწილეობა მიიღოს 2 აპრილს 12:00 საათზე დაგეგმილ ცერემონიაში (50 საკურას ნერგი დაირგვება წრიულად ნიკეას ქუჩაზე). საკურას ხეები დავით ხახალეიშვილის სახელობის ძიუდოს სპორტული სკოლის მიმდებარედ დაირგვება და იაპონია-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 საიუბილეო წელს, იაპონია-საქართველოს მეგობრობის სიმბოლო გახდება.

საკურას ყვავილობის მიმართ სიყვარულს, ღრმა ფესვები აქვს იაპონელი ხალხის გულებში, რადგან მას ძლიერი კავშირი აქვს იაპონიის ისტორიასთან, კულტურასთან და იდენტობასთან. საკურას მნიშვნელობა განპირობებულია ასევე იმით, რომ ის მშვიდობის სიმბოლოდ ითვლება.

ამდენად, იაპონიის საელჩო მოხარულია, რომ იაპონური კულტურის განუყოფელი და თვალსაჩინო ნაწილი იქნება წარმოდგენილი ქუთაისშიც, ისევე როგორც საქართველოს სხვა ქალაქებშიც.

იაპონიაში ყველა ასაკის და სპეციალობის წარმომადგენელი იკრიბება ჰანამის (ყვავილების ცქერით ტკბობა) პიკნიკებზე, რომელიც მოყვავილე ალუბლის ხეების ქვეშ იმართება, რითაც ისინი გაზაფხულის დადგომას აღნიშნავენ. ეს ტრადიცია მრავალ საუკუნეს ითვლის. ჰანამი აღწერილია მე-11 საუკუნის ცნობილ შედევრში „გენჯის მონოგატარიში“. ედოს პერიოდში (1603 - 1868) კი საკურას ყვავილობა უბრალო ხალხშიც ფართოდ გავრცელდა.

საკურა, იაპონიის ეროვნული ყვავილი, მთელ მსოფლიოში ცნობილია თავისი ნაზი და გარდამავალი სილამაზით. თუმცა, საკურა იაპონელებისთვის უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ლამაზი ხე.

იაპონელები საკურას ყვავილობის ამ გარდამავალ ბუნებას სიცოცხლის ხანმოკლეობასა და მის ძვირფასობას უკავშირებდნენ. ამის გამო, საკურას ხეებს ხშირად რგავენ მიცვალებულთა სულების დასამშვიდებლად, მათ შორის, ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებლად, რის გამოც, ის მშვიდობის სიმბოლოდაც არის მიჩნეული. უკრაინაში მიმდინარე ომთან მიმართებაში, ეს ხეები ასევე დაირგვება როგორც იაპონელი, ისე ქართველი ხალხის სოლიდარობის გრძნობით უკრაინელებისადმი, რომლებიც განიცდიან ამ ტრაგედიას და ლოცულობენ ომის დაუყონებლივ დამთავრებისთვის და მშვიდობის აღდგენისთვის.

რამდენიმე წელიწადში საკურა ხეები აყვავდება და იმედი გვაქვს, რომ ქართველები და იაპონელები ერთად, კოლეგების, მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში დასხდებიან ქუთაისში და „ჰანამით“ ისიამოვნებენ.

30-ე საიუბილეო წლის ფარგლებში დაგეგმილი სხვა ღონისძიებები: თბილისში ნიკო ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმში 25.01-31.03 გაიმართა ფიროსმანის იაპონელი მკვლევარის ბატონი ჰარადა ტაკეჰიდეს გამოფენა „წმინდა ფირომსანი“. ეს გამოფენა შემდგომ იმოგზაურებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში; 21 თებერვალს, იაპონიის ელჩმა, ბატონმა იმამურა აკირამ იაპონიის ფონდის სამაუწყებლო მასალების გაცნობის პროექტის ფარგლებში, საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს გადასცა იაპონური სამაუწყებლო მასალები. საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე წარმოდგენილი იქნება იაპონური სატელევიზიო პროგრამები „ბონსაის სამყარო“ და „გამოიკვლიე იაპონია“; 23 თებერვალს ჩატარდა ონლაინ მიღება, რომელიც ეძღვნებოდა იაპონიის იმპერატორის, მისი უდიდებულესობა ნარუჰიტოს 62-ე დაბადების დღესა და ასევე, საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლისთავს. ონლაინ მიღება ატვირთულია საელჩოს YouTube-ის გვერდზე; თებერვალში, იაპონური ფონდის მხარდაჭერით გამომცემლობა „დიოგენემ“ დღეს გამოსცა იაპონური ლიტერატურის კლასიკოსის, ჯუნიჩირო ტანიძაკის რომანი „ნაზი თოვა“ (სასამეიუკი); დაგეგმილია ასევე იაპონური კინოს ფესტივალი და გამოფენა „სუშის სიყვარული“ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში; კოვიდ მდგომარეობიდან გამომდდინარე, ასევე იგეგმება იაპონელი მუსიკოსების, მოცეკვავეების, იაპონური დასარტყამი ინსტრუმენტის ვადაიკოს კონცერტები.

დეტალური ინფორმაციისთვის თვალი ადევნეთ ჩვენს ვებ-გვერდს და ფეისბუქ გვერდს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს