ზაზა ცოტნიაშვილი - „ოცნებამაც“ და „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ სამშობლო მაღლა უნდა დააყენონ და ერთმანეთის დამუნათების ნაცვლად, იფიქრონ, რა არის საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი

„ოცნებამაც“ და „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ სამშობლო ყველაზე მაღლა უნდა დააყენონ და ერთმანეთის დამუნათების ნაცვლად, საქართველოსთვის რა არის მნიშვნელოვანი, ამაზე იფიქრონ , - ამის შესახებ კონფქლიქტოლოგმა ზაზა ცოტნიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის ინტერესი იმპერიული ზრახვების მაქსიმალური გაფართოებაა და თუ დაჭირდა „ის აქ არ დაიხევს უკან ჩვენ როგორც არ უნდა ველაპარაკოთ“.

„ღმერთმა დაგვიფაროს, რუსეთმა უკრაინაში ძირითად მიზნებს მიაღწიოს. თუ რუსეთმა მიზნებს მიაღწია, მისი ინტერესი რა თქმა უნდა, იმპერიული ზრახვების მაქსიმალური გაფართოებაა. სამწუხაროდ, გაფართოებაში მოიაზრება ჩვენი სამშობლოც. ამ შემთხვევაში ენის მოჩლექით საუბარი, რაღაც კონფლიქტში შესვლა, ორივე ეს მომენტი რუსეთისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, „არგაღიზიანების“ ტერმინი ჩამოყალიბდა ერთი მხრიდან. როდესაც პოლიტიკური დისკუსიები მიდის საქართველოში, ორივე მხარემ, „ოცნებამაც“ და „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ სამშობლო უნდა დააყენონ ყველაზე ზემოთ და ორივე უნდა ამოვიდეს ამ რიტორიკიდან და ერთმანეთის დამუნათების ნაცვლად, საქართველოსთვის რა არის მნიშვნელოვანი, ამაზე უნდა იფიქრონ. საქართველოსთვის დღეს მშვიდობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. როგორმე უნდა შევძლოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება.

საქართველომ უნდა მოითხოვოს მაქსიმუმი, რისი მოთხოვნაც შეიძლება დამოუკიდებლობის, დემოკრატიის და მშვიდობის შესანარჩუნებლად. უსაფრთხოების გარანტიებისთვის ყველაფერი უნდა მოითხოვოს და ყველაფერი უნდა გააკეთოს, მაგრამ ეს უნდა იყოს რაციონალური და დიპლომატიური არხების გამოყენება. უნდა იყოს მაქსიმალურად სიფრთხილით გადადგმული ნაბიჯები.

პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან დიდი საფრთხის წინაშე ვართ, რუსეთთან ურთიერთობის პირდაპირი რეცეპტი ცალსახად არ არსებობს. რუსეთს თუ დაჭირდა, რომ აჩვენოს თავის მოსახლეობას და მსოფლიოს, რომ თავის მიზნებს აღწევს, თუნდაც საქართველოსთან მიმართებაში, ის აქ არ დაიხევს უკან ჩვენ როგორც არ უნდა ველაპარაკოთ. რისკის ქვეშ ვართ, ჩვეულებრივი კონფლიქტური რეგიონია, მაგრამ ამ ვითარებაში პირდაპირ შესვლა კონფლიქტში და შედარებით ზომიერი დიპლომატიური ურთიერთობა და საუბარი განსხვავდება მე მგონი ერთმანეთისგან. ჩემი აზრით, ზომიერი პოლიტიკა უნდა დაიჭიროს ხელისუფლებამ“, - განაცხადა ზაზა ცოტნიაშვილმა.

ზაზა ცოტნიაშვილმა გადაცემაში უკრაინაში მიმდინარე ომზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ რეგიონი ურთულეს ვითარებაშია.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების დროს მხარეები ცდილობენ პოზიციების დაახლოებას, თუმცა რა შედეგით დასრულდება ამის პროგნოზირება ძალიან რთულია.

„თავისუფლად შესაძლებელია, რომ უკრაინის კონფლიქტი სამწუხაროდ დაემსგავსოს ევროპულ ავღანეთს და სირიას, რაც ყველაზე ცუდი ვერსიაა, ჩემი აზრით და ღმერთმა დაიფაროს უკრაინაც და ჩვენც. როგორც ყოველი მოლაპარაკების ბოლოს ისმის, როგორც ერთი მხრიდან ისე მეორე მხრიდან, ისინი ცდილობენ პოზიციები დააახლოვონ. ზელენსკი, შეიძლება ითქვას, რომ დიპლომატიის უმაღლეს პილოტაჟს აჩვენებს და თუ დააკვირდებით, ცალსახად პუტინის მისამართით არ იყენებს სიძულვილის ლექსიკასაც კი იმიტომ, რომ სულ აქვს მოლოდინი, რომ უნდა მოხდეს მათი შეხვედრა და აქ უნდა მოხდეს უკრაინის ბედის გადაწყვეტა.

მეორე ვარიანტი შესაძლებელია, რომ მართლაც მოილაპარაკონ საკითხებზე, მოხდეს ტერიტორიული გადანაწილება, სამწუხაროდ შესაძლებელია, რომ საკმაოდ დიდი ნაწილი მოითხოვოს რუსეთმა, უკრაინა რაზე დათანხმდება ასეთ შემთხვევაში ესეც საინტერესოა.

ნეიტრალიტეტის საკითხთან დაკავშირებით უკრაინის პოზიცია არის, რომ ის თანახმაა, უარს ამბობს ნატო-ს წევრობაზე თუ მიიღებს შესაბამისი სახელმწიფოების მხრიდან უსაფრთხოების გარანტიას. უსაფრთხოების გარანტიასთან დაკავშირებით რამდენიმე ქვეყანამ გააკეთა პოზიტიური განცხადება, მაგრამ რამდენადაც მე ვიცი, მძლავრმა სახელმწიფოებმა, რომელსაც მართლა შესწევთ ძალა, რომ გარანტორები იყვნენ უსაფრთხოების, ჯერჯერობით არ დაადასტურეს ეს გარანტია. ასეთი რთული სიტუაციაა და ძალიან რთულია პროგნოზირება. რეგიონი არის ურთულეს სიტუაციაში“, - განაცხადა ზაზა ცოტნიაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა