დავით ზალკალიანი - პირობას გაძლევთ, რომ ჩემი ელჩობის პერიოდში აშშ-სთან თანამშრომლობა თვისობრივად კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე ავა

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი დავით ზალკალიანი პირობას დებს, რომ აშშ-ში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, აშშ-სთან თანამშრომლობა თვისობრივად კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე ავა.

მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მოგეხსენებათ, საგარეო პოლიტიკა არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რომელიც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ქვეყნის ბედს, მის ყოველდღიურობას და მომავალს. როგორც ბატონმა პრემიერ-მინისტრმა მოგახსენათ, წელს დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის 30 წელი შემისრულდა. ვფიქრობ, ჩემი საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი მაქვს შეტანილი ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დამკვიდრებაში, ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებაში საერთაშორისო ასპარეზზე. ეს 30 წელი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და უსერიოზულესი გამოწვევებით აღსავსე“, - განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, საგარეო უწყების ხელმძღვანელობა მისთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო.

„მადლობას ვუხდი გუნდს ნდობისთვის, რომელიც ამ მნიშვნელოვანი მისიის შესრულების პროცესში გამომიცხადა. ბევრი მიღწევა იყო როგორც საგარეო პოლიტიკური კუთხით, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, ისე ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევის გამკლავების მიმართულებით, რაც არის ოკუპაცია. თამამად შემიძლია იმის თქმა, რომ ჩვენ ჩვენი პოზიციები ძალიან მკაფიოდ დავიცავით ყველა საერთაშორისო ფორმატში. ჩვენ ყველგან ვიყავით წარმოდგენილი, იქნებოდა ეს გაერო, ეუთო, ევროკავშირი, ევროპის საბჭო. ყველა პლატფორმაზე საქართველოს მოწინავე პოზიცია ეკავა“, - განაცხადა ზალკალიანმა.

მან ილია დარჩიაშვილს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.

„ჩვენს მთავარ სტრატეგიულ ქვეყანა აშშ-ში წარმოადგენდე საქართველოს, უდიდესი პასუხისმგებლობაა. პირობას გაძლევთ, რომ ისეთივე მაღალი პასუხისმგებლობით, როგორც აქამდე ვაკეთებდი ჩემს საქმეს, კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით გავაგრძელებ ახალ პოზიციაზე. პირობას გაძლევთ, რომ ჩემი ელჩობის პერიოდში აშშ-სთან თანამშრომლობა თვისობრივად კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე ავა“, - განაცხადა ზალკალიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად ილია დარჩიაშვილი დაინიშნა, რომელიც ამ დრომდე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას იკავებდა. რაც შეეხება დავით ზალკალიანს, რომელსაც ამ დრომდე საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა, ის აშშ-ში საქართველოს ელჩი იქნება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა