ირაკლი ღარიბაშვილი - გვჭირდება მაგარი მუშაობა, რომ არცერთ პროექტს ჩამორჩენა არ ჰქონდეს - იანვარ-თებერვლის ეკონომიკურმა ზრდამ 16.3%  შეადგინა, მაგრამ ამას შენარჩუნება სჭირდება

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იანვარ-თებერვალში ეკონომიკური ზრდის შესახებ ისაუბრა.

როგორც მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მნიშვნელოვანი გაჯანსაღების ტენდენციები დაფიქსირდა ტურიზმის მიმართულებით და შესაბამისად, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებიც გაიზარდა.

„ეკონომიკის სწრაფი ტემპებით აღდგენის პროცესი გრძელდება. იანვარში ჩვენ გვქონდა მაღალი ეკონომიკური ზრდა. თებერვალში გვქონდა 14.6%-იანი ზრდა. იანვარ-თებერვლის ეკონომიკურმა ზრდამ კი შეადგინა 16.3%, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულოა, მაგრამ ამას სჭირდება შენარჩუნება, მითუმეტეს, იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც ჩვენს და მთელი მსოფლიოს წინაშეა. სწორედ ამიტომ ვსაუბრობ ამ პროექტებზე, როგორიცაა ეკონომიკური ამაჩქარებელი თუ ენერგეტიკის მიმართულებით განსაკუთრებული ინვესტიციები. ამიტომ გვჭირდება მაგარი მუშაობა, რომ არცერთ პროექტს არ ჰქონდეს ჩამორჩენა. მე ასევე, მინდა გითხრათ, რომ იანვარ-თებერვალში აქტიური ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა როგორც მრეწველობის, ასევე მომსახურების სექტორში. აქვე მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ იანვარ-თებერვალში ექსპორტი გაიზარდა 54%-ით და შეადგინა 760 მლნ დოლარი. ასევე, უნდა ვთქვათ, რომ მნიშვნელოვანი გაჯანსაღების ტენდენციები დაფიქსირდა ტურიზმის მიმართულებით და შესაბამისად, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებიც გაიზარდა. ასევე, მინდა გითხრათ, რომ გასულ კვირას, პარასკევს, მთავრობამ და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ხელი მოვაწერეთ, გაფორმდა ახალი შეთანხმება სავალუტო ფონდთან და ფონდის მიერ მხარდაჭერილი იქნება სამწლიანი პროგრამა, 289 მლნ დოლარის მოცულობის. ეს პროგრამა შეიძლება მივიჩნიოთ პრევენციული დაზღვევის მექანიზმად, რომლის ფარგლებშიც დაფინანსება განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ეკონომიკა აღნიშნული საჭიროების წინაშე დადგება. პროგრამა მიზნად ისახავს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებასა და, რა თქმა უნდა, რეფორმების განგრძობადობას, ამ რეფორმების მხარდაჭერას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა