ბსუ-ში USAID-ის პროგრამის „სამართლის უზენაესობის ხელშეწყობა’’ წარდგენა გაიმართა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში USAID-ის პროგრამის „სამართლის უზენაესობის ხელშეწყობა – ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე“ წარდგენა გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიება გახსნეს USAID-ის საქართველოს მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტმა მარკ დიტრიხმა, ბსუ-ს რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა, სასამართლოების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. პროგრამის მიზანია, კანონის უზენაესობის გაძლიერება მართლმსაჯულების ინსტიტუტების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის ხელშეწყობის, საზოგადოების ყველა ფენისთვის მართლმსაჯულებაზე უკეთესი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და ზემოაღნიშნულ ინსტიტუტებზე მოქალაქეთა და ინსტიტუციური ზედამხედველობის გაძლიერების გზით.

„შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის გაწეული ყველა დახმარების - მათ შორის კანონის უზენაესობის მიმართულებით - მთავარი მიზანია, საქართველო გახდეს ძლიერი დემოკრატიის მქონე, სტაბილური და წარმატებული პარტნიორი. სამართლის უზენაესობის ახალი პროგრამა ეფუძნება იმ ნაყოფიერ სამუშაოს, რომელიც ჩვენ ერთად გავწიეთ მრავალი წლის განმავლობაში. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში დემოკრატიის განმტკიცებას მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის გაუმჯობესების გზით”, - განაცხადა USAID-ის საქართველოს მისიის დირექტორმა, პიტერ ვიბლერმა.

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტმა მარკ დიტრიხმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მათი მიზანია გაძლიერდეს საზოგადოების სასამართლო ინსტიტუტებთან და მართლმსაჯულებაზე წვდომა.

„ჩვენი მიზანია გადავიტანოთ მართლმსაჯულების რეფორმის ფოკუსი (რომელიც ორიენტირებულია ინსტიტუციების მხარდაჭერაზე) ადამიანებზე, და გავაძლიეროთ საზოგადოების სასამართლო ინსტიტუტებთან და მართლმსაჯულებაზე წვდომა. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ინდივიდების, უმცირესობების და სოციალურად დაუცველი ჯგუფების მართლმსაჯულების საჭიროებების დაკმაყოფილებას, ასევე ცალკეულ მოსამართლეებთან და სასამართლოებთან თანამშრომლობას, რათა მოხდეს ცვლილებები, რომლებიც სარგებელს მოუტანს ყველა იმ ადამიანს ვინც საქართველოშია”, - განაცხადა მარკ დიტრიხმა.

ინფორმაციისთვის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ღონისძიების მასპინძლობა. ბსუ სრულ მზადყოფნას გამოხატავს აქტიურად ჩაერთოს მნიშვნელოვანი, ხუთწლიანი პროექტის განხორციელებაში. ჩვენს რეგიონს განსხვავებული შესაძლებლობები აქვს. აქ უფრო აქტიურია სამოქალაქო საზოგადოება, სამოქალაქო სექტორი, ფუნქციონირებს ბევრი არასამთავრო ორგანიზაცია და სამთავრობო სტრუქტურები, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლო. ეს და სხვა ბევრი გარემოება მეტი თანამშრომლობის საშუალებას გვაძლევს, რაც ხელს უწყობს ჩვენი სამართალმცოდნეობის საგანმანათლებლო პროგრამის განვითარებას, რომელიც მუდმივად ვითარდება და უმჯობესდება. პროგრამამ ერთი წლის წინ გაიარა პროგრამული აკრედიტაცია შვიდი წლის ვადით, სადაც გათვალისწინებულია მრავალი ცვლილება. პროგრამაში ჩაშენდა კონსტიტუციური მართლმსაჯულების, ადამიანის უფლებების ძირითადი სასწავლო კურსები, კლინიკური სწავლებისა და პრაქტიკული სწავლების კომპონენტი.

USAID-ის პროგრამის ,,სამართლის უზენაესობის ხელშეწყობა’’ ფარგლებში ერთ-ერთი ცენტრი გაიხსნება ბათუმში, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს სასამართლოსა და დანარჩენი ინსტიტუციების თანამშრომლობის კულტურის ჩამოყალიბებას. ვისარგებლო მინდა და მადლობა გამოვხატო პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციების მიმართ, მათთან გვაკავშირებს ხანგრძლივი, ნაყოფიერი და წარმატებული თანამშრომლობა. ამის საუკეთესო მაგალითია ბსუ-ს იურიდიული კლინიკა, რომელიც 12 წელი ფუნქციონირებს. ამ დროის განმავლობაში სტუდენტებმა პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად 1000-ზე მეტ სოციალურად დაუცველ მოქალაქეს გაუწიეს უფასო იურიდიული დახმარება. არ შემიძლია არ გამოვხატო მადლიერება ჩვენს რეგიონში არსებული იურიდიული დახმარების სამსახურის მიმართ, რომელთანაც აქტიური თანამშრომლობა გვაქვს, - აღნიშნა მისალმებისას ბსუ-ს რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა.

ღონისძიებაში სასამართლოების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, უნივერსიტეტების და მედიის 100-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა. მონაწილეებს მიესალმნენ: USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელი გიორგი ჩხეიძე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა, სახალხო დამცველის აპარატის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ხელმძღვანელი მადონა ბასილაძე, სოციალური სამართლიანობის ცენტრის პროგრამის დირექტორი/კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის თავმჯდომარე გურამ იმნაძე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი.

პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს სასამართლოებსა და შესაბამის საზოგადოებას შორის თანამშრომლობის/ჩართულობის კულტურის ჩამოყალიბებას ისევე როგორც, რეგიონულ სასამართლოებთან, მოსამართლეებთან და რეგიონალურ დონეზე მომუშავე იურიდიულ პროფესიონალებთან პარტნიორობის დანერგვას. სასამართლოების მხარდაჭერა განხორციელდება მოსამართლეთა გაცვლითი პროგრამების მეშვეობით, მათ შორის, ამერიკელ მოსამართლეთა საქართველოს სასამართლოებში დროებითი განთავსებითა და პირიქით, ქართველ მოსამართლეთა აშშ-ს სასამართლოებში ვიზიტებით, სადაც ისინი სიღრმისეულად გაეცნობიან აშშ-ს საუკეთესო პრაქტიკას.

პროექტის ფარგლებში სამართლის უზენაესობის რეგიონული ცენტრი გაიხსნება ბათუმში. ცენტრი ხელს შეუწყობს კავშირების დამყარებას როგორც სასამართლოებს შორის, ისე სასამართლოებსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ფილიალებს, იურიდიული დახმარების სამსახურის ოფისებს, სახალხო დამცველის წარმომადგენლობებს, იურიდიულ ფაკულტეტებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს და კერძო სექტორს შორის.

პროგრამას USAID-ის დაფინანსებით აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ახორციელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა